თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 5 დეკემბერს დაიწყება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მრავალფეროვან საფესტივალო პროგრამას გვთავაზობს. წლევანდელი კინოფესტივალი სხვადასხვა სექციას აერთიანებს, რომელთა შორის შეხვდებით ევროპულ ფორუმს, ამერიკებს, ჰორიზონტებს, დამზადებულია გერმანიაში, ამასთან ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას ცხრაფილმიან რეტროსპექტივას. აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალი ერთ-ერთი სექციისათვის ყოველ წელს ახალ თემას ირჩევს, რომელიც წელს “ამბოხის” სახითაა ცნობილი და ექვს თემატურ ფილმს მოიცავს. თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული ფილმების კუთხითაც საინტერესო პროგრამას გვთავაზობს, რომელშიც ქართული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები ერთიანდება. კინოფესტივალის განმავლობაში მასტერკლასებიც გაიმართება, რაც საფესტივალო კვირას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ფესტივალის დაწყებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. თუ ამ კვირაში სანახავი საფესტივალო ფილმების სიის შედგენა ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ, ნესტან ნენე კვინიკაძე, გურამ ღონღაძე და ქეთი მაჭავარიანი იმ ფილმებს გირჩევენ, რომლებიც თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობის პერიოდში არ უნდა გამოტოვოთ.
ნესტან ნენე კვინიკაძე
მწერალი, ჟურნალისტი
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი პროგრამიდან, სამი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული კინოსურათი შევარჩიე. ჩამონათვალში შეგნებულად არ შევიტანე ქართული კინოფილმები, რადგან, ვფიქრობ, ახალ ქართულ ფილმებს, ჩვენი მაყურებელი აუცილებლად სანახავი კინოსურათების ნუსხაში რეკომენდაციის გარეშეც მოიაზრებს. აქცენტი გავაკეთე 2021 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამიდან შერჩეულ კინოსურათებზე და ნორვეგიაში, ირანსა და კოლუმბიაში გათამაშებულ ამბებს გიზიარებთ.
გამომსახველობით, კინოენით, დრამატურგიით, სათქმელით ერთმანეთისაგან განსხვავებული ნამუშევრები წლევანდელი კანის კინოფესტივალის სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებული ფილმებია.
მეხსიერება - აპიჩატპონგ ვირასეტაკული
2010 წლის კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, ტაილანდელი აპიჩატპონგ ვირასეტაკული ის რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოში სრულიად განსხვავებული ენა, ფორმა და ხმის დიზაინი წარმოადგინა. ის საკუთარ გამორჩეულ ტერიტორიას გამუდმებით აფართოებს და ადამიანის მდგომარეობას თუ სოციალ-პოლიტიკურ საკითხებს ყველაზე უცნაური და ენიგმური ფორმით წარმოაჩენს.
“მეხსიერება” პირველი სურათია, რომელიც რეჟისორმა ტაილანდის გარეთ გადაიღო. ასევე, პირველად ითანამშრომლა ტილდა სიუნტონთან და კიდევ ერთხელ გაგვიყოლა სულის თავგადასავალში.
პოეტური ინდივიდუალობის ნებას დაქვემდებარებული ფსიქოდელიური ნამუშევარი, კოლუმბიაში მცხოვრები ქალის, ჯესიკას ამბავია, რომელიც მედილინში ცხოვრობს და ბაღის ყვავილების ბიზნესი აქვს. სიჩუმით დაპყრობილ სივრცეებს მოულოდნელი, უცნაური, აფეთქების ან რაღაც მძიმე ნივთის დაცემის ხმა იპყრობს. ჯესიკა ბოგოტაში დის სანახავად ჩადის, ის საავადმყოფოში ამოუცნობი რესპირატორული დაავადების გამო წევს.საავადმყოფო, ბიბლიოთეკა, კაფე - ვირასეტაკულის ინტერიერებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც მისი, ადამიანების გვერდით მცხოვრები მოჩვენებები, მცენარეები და ხმები. გამოჯანმრთელებული დის სანახავად კაფეში მისული ჯესიკა აღმოაჩენს, რომ ის ამოუცნობი ხმა მხოლოდ მას ესმის. ჯესიკა მეგობრის დახმარებით ხმის ჩამწერ სტუდიაში მიდის, ჰერნანი მას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, სწორედ იმ ამოუცნობი ხმის ჟღერადობის პოვნაში ეხმარება. რამდენიმე დღეში ჰერნანის მოსაკითხად მისულ ჯესიკას სტუდიის თანამშრომლები ეტყვიან, რომ არანაირი ჰერნანი იქ არ მუშაობს. შემდეგ ჯესიკა ასაკოვან კაცს გაიცნობს, რომელსაც ასევე ჰერნანი ჰქვია. ის საკუთარი სოფლიდან ფეხს არ იცვლის და ყველა მოგონება ახსოვს. ჰერნანთან საუბრისას ჯესიკას მოგონებების ნაკადი აწყდება, მაგრამ არის თუ არა ეს თავად ჯესიკას მოგონებები? რა კავშირია უცნობ ადამიანებს შორის? გარდაუვალი იყო თუ არა მათი შეხვედრა?
ვირასეტაკულის სინამდვილეც და წარმოსახვითი სამყაროც ვეებერთელა, წამლეკავი წყლის რეზერვუარებს ჰგავს. არ არსებობს ვირასეტაკულის ფილმების გზამკვლევი. ესაა სულის მოგზაურობა ტაილანდელი ოსტატის ბაღში. ერთგვარი სეირნობა და სეირნობისას აღმოჩენილი ყველაზე მთავარი.
ყველაზე საშინელი ადამიანი დედამიწის ზურგზე - იოაჰიმ ტრიერი
2021 წლის კანის კინოფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად
რენატე რეინსვე დასახელდა. იოაჰიმ ტრიერის "ყველაზე საშინელი ადამიანი
დედამიწის ზურგზე" ნორვეგიული სურათია, რომელშიც ახალგაზრდა ქალი, ჟული საკუთარ თავს და ცხოვრების არსს ეძებს.
ამ ფილმის შესახებ კრიტიკოსთა შეფასებები ორად გაიყო: ერთი ნაწილისთვის
კინოსურათს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მეორე ნაწილმა კი ნორვეგიულ სურათს ადამიანის საუკეთესო მეგობარი, საჩუქარი და კლასიკაც კი უწოდა. ქვეთავებად დაყოფილი დრამა, ან მელოდრამა, თანამედროვე ნორვეგიელი ქალის (ასევე, მამაკაცების) ცხოვრების რთულ და ტკივილით სავსე მდგომარეობას აღწერს. დელიკატური იუმორი და ცოცხალი დიალოგები ოდნავ აყუჩებს ტკივილის განცდას, თუმცა მაინც ცუდად ყოფნა იმორჩილებს სხვა დანარჩენს: მოწესრიგებულ ოსლოს, ქალაქის დინამიკას, სუპერმარკეტებს, სავარჯიშო დარბაზებს, სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფილ საავადმყოფოებს თუ სახელოსნოებს. ადამიანები სწრაფად და რადიკალურად იცვლებიან. ამიტომაც გვიჭირს ვთქვათ, როგორია ოსლოში მცხოვრები მთავარი გმირი ჟული. დანამდვილებით ვერც იმას ვარკვევთ, რა აწუხებს და რას ეძებს ის? რასაც ვხედავთ, ესაა ახალგაზრდა ქალის საკუთარ თავში, არც ისე ხშირად მონახულებულ ტერიტორიაზე მოგზაურობა.
დასაწყისში ჟული 30 წლამდეა, სამედიცინო განათლებას თავს ანებებს და ფოტოგრაფობას იწყებს. შემდეგ მის ცხოვრებაში ჩნდება მწერალი, რომელიც კომიქსებზე მუშაობს. როგორია მათი ურთიერთობა დასაწყისში და რა შეიცვლება შემდეგ? ვის აირჩევს ჟული ცნობილ მწერალსა და წიგნების გამყიდველს შორის? გაამხელს სიმართლეს? შესაძლებელია თუ არა განშორება ტკივილის გარეშე? რეჟისორი ახერხებს მთავარი მოქმედი გმირი მისი მდგომარეობების მიხედვით ისეთივე შეცვლილი გვიჩვენოს, როგორც თავად კინოსურათი იცვლება ჟანრობრივად - მელოდრამაა, ხშირად დრამაც, შემდეგ მიუზიკლი გეგონება, სადღაც თანამედროვე ნორვეგიული კინოს დიზაინი და ფორმებით თამაში იკვეთება. ტრიერი ერთგან საჭიროდ იმასაც ჩათვლის, რომ ქალაქი, მასობრივი სცენის მსახიობებიანად გააჩეროს, გაყინოს და ამ უძრაობაში მხოლოდ მთავარი გმირის ბედნიერი გულის ძგერა ისმოდეს.
იაჰიმ ტრიერის თამაშების მიღმა მნიშვნელოვანი ისაა, რომ, თითქოს რეჟისორი კამერის წინ სრულიად შიშველ გმირებს აყენებს, მაგრამ იმავდროულად, მათი განსჯისთვის ადგილს არ ტოვებს. ამიტომაც, ჩნდება თანაგრძნობა მთავარი გმირის/გმირების მიმართ, რომელთა ფონიც ისევ და ისევ მათი საკუთარი განცდებია.
ცხადია, ცოცხალ და სასაცილო დიალოგებში პერიოდულად METOO-ს ეპოქაც დაკონკრეტებულია და უზრუნველყოფილი ნორვეგიის ლაბირინთებიც მხილებული, მაგრამ მაგისტრალური ხაზი ახალგაზრდა ქალის ცუდად ყოფნის ამბავია. საკუთარი თავის ძებნის რთული და იქნებ უტოპიური პროცესი.
გმირი - ასგარ ფარადი
ოსკარის მფლობელი ასგარ ფარადი 2018 წელს კანში წარმოდგენილი ესპანეთში გათამაშებული ისტორიის (“ყველამ იცის”) შემდეგ ისევ ირანს უბრუნდება და ვალის გადაუხდელობის გამო პატიმრობაში მყოფი რაჰიმის (ამირ ჯადიდი) ამბავს ჰყვება.
მომხიბვლელი გარეგნობის, ცოლს გაშორებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც უცნაურად იღიმის, საპატიმროდან ორი დღით გამოდის. რაჰიმი ვალისაგან თავის დასაღწევად ოჯახისაგან გასაიდუმლოებულ შეყვარებულთან, ფარხონდესთან ერთად წინასწარ შედგენილი გეგმის შესრულებას იწყებს. ფარხონდე რაჰიმს ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი ოქროს მონეტებით ელოდება. წყვილი სწორედ ამ 17 მონეტის გაყიდვას დაისახავს მიზნად. ეს საქმე მარტივი არ აღმოჩნდება. რაჰიმის შეყვარებული, და და შვილი მას წინააღმდეგობებით სავსე გზაზე მიზნის მიღწევაში ეხმარებიან.
ასგარ ფარადი, შესანიშნავ ოპერატორთან (ალი ღაზი) ერთად, ბრწყინვალედ იხელთებს ადგილს და დროს. მანძილი და დინამიკა ყოველთვის მთლიანობის ნაწილია და რაღაც აუცილებელს ერთვის. ფარადის მრავალშრიანი და სამყაროსთან შერწყმული ატმოსფერო არც მხოლოდ პოეზიაა ხოლმე და მით უფრო, არც ეგზოტიკა.
რეჟისორი გამორჩეულ მთავარ გმირს ნაცნობ მოცემულობაში გამოამწყვდევს და
ისტორიაც მოულოდნელი გზით ვითარდება. შირაზის ლურჯი ცის ქვეშ პატიოსნებაზე, მორალზე და თავისუფლების ფასზე, მოთხრობილ ამბავში მანიპულაციის და კონფრონტაციის ინსტრუმენტი სოციალური მედია აღმოჩნდება. ფარადი მიიჩნევს, რომ სოციალურ მედიას ადამიანების მანიპულირებისთვის არაერთი ინსტიტუცია იყენებს. ციხეში შესაძლოა სწორედ შანტაჟის ან მოგონილი მტკიცებულების საფუძველზე აღმოჩნდე. რეჟისორი ამ ისტორიაში პარადოქსად იმას მიიჩნევს, რომ სოციალური სივრცე კომუნიკაციის და გახსნის ნაცვლად, დამალვად და სიმულაციად იქცევა.
გურამ ღონღაძე
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი
როგორც ფესტივალის პროგრამის კოორდინატორს, ძალიან მიჭირს რამდენიმე განსაკუთრებული ფილმის გამორჩევა. მათი უმრავლესობა სხვადასხვა დროს განსხვავებული ხარისხის ფაილით ვნახე ლეპტოპის ეკრანებზე და ვიცი, ჩემი შეგრძნებები განსხვავებული იქნება კინოთეატრ "ამირანის" დარბაზიდან გამოსული მაყურებლის შთაბეჭდილებებისგან. თუმცა, ეს სამი ფილმი გამორჩეულად მიყვარს და მინდა, რაც შეიძლება მეტმა კინომოყვარულმა გაითვალისწინოს ჩემი კეთილი რჩევა და აუცილებლად ნახოს, თანაც დიდ ეკრანზე.
ჩემი მანქანა - რიუსუკე ჰამაგუჩი
ჰარუკი მურაკამის მოთხრობის ადაპტაცია ასაკოვანი მსახიობისა და რეჟისორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჰიროსიმაში მიემგზავრება, სადაც თეატრის სცენაზე ანტონ ჩეხოვის “ძია ვანიას” დადგმას იწყებს. რეჟისორს მძღოლი სჭირდება, რომლის როლსაც ახალგაზრდა გოგონა, მისაკი მოირგებს. უჩვეულო წყვილი გრძელი პაუზებითა და მდორე დიალოგით იწყებს ერთმანეთის გაცნობას, თუმცა სამსაათიანი ფილმის განმავლობაში უნაზესსა და თანაგანცდით სავსე ურთიერთობას ააწყობს. მიუხედავად იმისა, რომ სურათი დატვირთულია მდიდარი დიალოგით, მას ფაქიზი და მედიტაციური ვიზუალიც გამოარჩევს, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ.
ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე - იოაკიმ ტრიერი
ტრიერის ფილმი “ოსლოს ტრილოგიის” მესამე ნაწილი გახლავთ. მთავარი პერსონაჟი ჯული (ამ როლის შემსრულებელმა ქალმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის პრიზი დაიმსახურა) იმპულსური ვინმეა: სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ ხვდება, გონება უფრო აინტერესებს და ფსიქოლოგობას გადაწყვეტს; ტელეფონში ფოტოების თვალიერებისას ფოტოგრაფობაზე დაფიქრება; წიგნის მაღაზიაში მუშაობს და დარწმუნებულია, მწერლის ნიჭი აქვს; დიდი ხანია ჰყავს შეყვარებული ბიჭი, მაგრამ ურთიერთობას გააბამს უცხო მამაკაცთან. რეჟისორი მთავარი პერსონაჟის ცხოვრების ოთხი წლის მოთხრობით, 30 წელს მიღწეული თაობის, “მილენიალების” პორტრეტის დახატვას ცდილობს და, დამერწმუნეთ, არაჩვეულებრივად გამოსდის!
სუვენირი: ნაწილი მეორე - ჯოანა ჰოგი
ჯოანა ჰოგის “სუვენირი: ნაწილი პირველი” (2019) ავტობიოგრაფიული ფილმი იყო, რომელიც რეჟისორის სტუდენტობის წლებსა და პირად ურთიერთობებზე გვიყვებოდა; “სუვენირი: ნაწილი მეორე” (2021) კი არის ფილმი, რომელსაც ჯოანა ჰოგის პერსონაჟი იღებს თავისი ცხოვრების ფილმის შესახებ. ეს უჩვეულო ჩანაფიქრია, ერთგვარი მეტა-რეფლექსია, რომელშიც ურთიერთობების, ხელოვნების, კინოენისა და კლასის გადახალისება პარალელურად რამდენიმე შრეზე მიმდინარეობს. ფილმის ცენტრში დგას ტილდა სვინტონის ქალიშვილი (ფილმში თუ მის გარეთ), ონორ სვინტონ ბირნი, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კინოსახეს ქმნის.
ქეთი მაჭავარიანი
რეჟისორი, კინომცოდნე
ჩემს რეკომენდაციაში გამოვტოვებ ქართულ ფილმებს, რადგან ფესტივალზე წარმოდგენილი ყველა ქართული ფილმი ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ, მაყურებელსაც დააინტერესებს ის, თუ რა თემები და ისტორიები მოხვდნენ ქართველი კინემატოგრაფისტების თვალსაწიერში. შერჩევის პრინციპი მარტივია - ორივე ფილმი ნანახი მაქვს და თანაც დიდ ეკრანზე, რასაც ჩემთვის, როგორც კინორეჟისორისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასე ხდება ფილმის სრულფასოვანი აღქმა და იმ ტიტანური შრომის მაყურებლამდე მიტანა, რაც ფილმის შექმნის პროცესში იხარჯება.
პირველი ფილმი არის ასგარ ფარჰადის „გმირი” - ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე შედგა და გრანპრის მფლობელი გახდა. ეს ფილმი წელს ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის სექციაში. ფილმის რეჟისორი ამავდროულად, სცენარისტიც არის და ოსტატურად ავითარებს ადამიანურ სისუსტეების დრამატურგიას. ეს არის საზოგადოების მიერ გმირების შექმნის ძალზედ სევდიანი ისტორია. და რაც მთავარია ჩემთვის კინოში - ამ ფილმით მაყურებელი იდეალურად მოახერხებს საკუთარი თავის ფილმის გმირებთან
იდენტიფიცირებას.
მეორე ფილმი კირა კოვალენკოს „მუშტების გახსნა“ - ასევე კანის წლევანდელი კინოფესტივალის პრიზიორია, სექცია Un certain Regard გამარჯვებული და ასევე ოსკარის ნომინანტი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის სექციაში. ფილმის მოქმედება რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვითარდება, პატრიარქალური ოჯახის დრამის უკან ავტორიტარული სახელმწიფოს მექანიზმი იმალება, რომელიც ადამიანური ტრაგედიების მიზეზი ხდება. მსახიობთა არაჩვეულებრივი ანსამბლი და ფილმის მოქმედების ადგილმდებარეობა ამ ფილმს ნამდვილად გამორჩეულს ხდის.
დაწერე კომენტარი