გუშინ კინოსტუდია Warner Bros.-მა მატრიცას მე-4 ფილმის - The Matrix: Resurrections-ის მორიგი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მთავარ როლებს ისევ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი) ასრულებენ, თუმცა მათი პერსონაჟები მატრიცას ახალ ნაწილში ერთმანეთს ვეღარ ცნობენ. ცნობილ სერიაში იაია აბდულ მატინის სახით ახალ მსახიობს შეხვდებით, რომელიც მორფეუსის როლს განასახიერებს.
ფილმის რეჟისორი და თანასცენარისტი ლანა ვაჩოვსკია. სცენარზე მუშაობს ბრიტანელი მწერალი და “ღრუბლების ატლასის” ავტორი დევიდ მიჩელიც, რომელიც ვაჩოვსკისთან ამავე წიგნის კინოადაპტაციაზე თანამშრომლობდა.
მატრიცას მე-4 ფილმის პირველი ტრეილერი Warner Bros.-მა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომლის ხმოვანი მხარე ჯეფერსონ ეარფლეინის “White Rabbit-ით” არის წარმოდგენილი. ტრეილერში ნეო, რომელსაც ტომასის სახელით მიმართავენ, თერაპევტთან იმყოფება და თავის უცნაურ სიზმრებზე საუბრობს. ამასთან ტრეილერში ისიც ჩანს, რომ ნეო ლურჯ აბს იღებს. რამდენიმე დღის წინ კინოსტუდიამ 1-წუთიანი ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა, რომელიც მატრიცას სერიის კადრებსაც მოიცავს და სათაურის მიხედვით “დეჟა ვუს” კონცეფციაში ერთიანდება.
The Matrix: Resurrections-ის გადაღება 2020 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაღება ერთი თვის შემდეგ დროებით შეწყდა, რამაც ფილმის გამოსვლის თავდაპირველი თარიღის (21 მაისი) გადაწევაც გამოიწვია. ოფიციალური განცხადებით,The Matrix: Resurrections-ის პრემიერა კინოთეატრებში 22 დეკემბერს შედგება. ფილმის ნახვა შესაძლებელი იქნება HBO Max-ის სტრიმინგ პლატფორმაზეც.
შეგახსენებთ, რომ მატრიცა მაყურებლებმა პირველად 1999 წელს იხილეს, ცნობილი სერიის მე-2 და მე-3 ნაწილები კი 2003 წელს გამოქვეყნდა.
The Matrix: Resurrections-ის პრემიერამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. მანამ, სანამ 18-წლიანი ლოდინის შემდეგ სერიის მე-4 ნაწილს უყურებდეთ, შეგიძლიათ, რომ მატრიცას პირველი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 9 დეკემბრიდან იხილოთ.
დაწერე კომენტარი