მზიანი ლოს-ანჟელესის დილა. შუა საუკუნეების მოდერნისტული სახლის ღია აუზში სადღესასწაულო ფერად დეკორაციებთან ერთად ქალი აუზში ცურავს. წყლიდან მდიდრულად მორთული უზარმაზარი საახალწლო ნაძვის ხე მოჩანს, რომლის ყველაზე მაღალ წერტილში მოთავსებული ორნამენტი, შობის ვარსკვლავი, ჰოლივუდის სიმბოლოს ფონზე ბრჭყვიალებს. “Christmas Swim“ სლიმ აარონსის სურათია, რომელიც ყველაზე კარგად გვაგრძნობინებს საახალწლო დღეების ჯადოსნურობას.
სლიმ აარონსმა კარიერა ამერიკის სამხედრო არმიის ფოტოგრაფობით დაიწყო. ტრაგიკული მოვლენებით სავსე პერიოდმა ფოტოგრაფს ცვლილებებისკენ უბიძგა და მალე აარონსი მაღალი ფენის წარმომადგენლების უზრუნველი ყოველდღიური ცხოვრების დოკუმენტალისტი გახდა.
„მე ვუღებ ფოტოებს მიმზიდველ ადგილებში მიმზიდველ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველ საქმეებს აკეთებენ“, ფოტოგრაფის ეს სიტყვები საუკეთესოდ აღწერს მის შემოქმედებას. ჰოლივუდელი კინოვარსკლავები, ფილანტროპები და სამეფო გვარის წარმომადგენლები - ეს მიმზიდველი ადამიანები აარონსის ნამუშევრების მთავარი გმირები არიან და მნახველის ყურადღების ცენტრში ექცევიან. აარონსის ყველა კადრი ხიდია ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც ალბათ მხოლოდ ამერიკული ოქროს ეპოქის ფილმებში თუ გვინახავს.
1954 წლის ზამთარში ფოტოგრაფის „მიმზიდველი ადამიანი“ რიტა აარონსი გახდა, სლიმის ცოლი, რომელიც ნაძვის ხესთან ერთად „Christmas Swim“-ის მთავარი პერსონაჟია. „სლიმს სურდა, ფოტოს გადაღების დროს ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. Რიტა კი, იყინებოდა და ბრაზობდა. ახლა ეს ყველაფერი იდილიურად გამოიყურება, მაგრამ ცივ წყალში მუშაობას დიდი დრო დასჭირდა“ - იხსენებს ფოტოგრაფის შვილი, მერი აარონსი, Vogue.com-თან ინტერვიუში.
ყველაფერი, რასაც ფოტოზე ვხედავთ, ამ გადაღებისთვის შეირჩა - კალიფორნიის სახლი Სლიმმა გადაღებისთვის იქირავა. ეს იყო ადგილი, შესანიშნავი ხედით, რომელიც იდეალურად მოერგო სლიმ აარონსის ჩანაფიქრს.
გადაღებამდე, რიტა და სლიმი ვარსკლავებით სავსე სასტუმრო Beverly Hills-ში ახალი წლის შესახვედრად გაჩერდნენ. რიტამ ღამე მერლინ მონროს, ჰემფრი ბოგარტის, ლორენ ბეკალისა და ბეტი დევისის მხიარულ გარემოცვაში გაატარა. ამ ყველაფრის შემდეგ კი გადასაღებ მოედანზე - კალიფორნიის სახლში აღმოჩნდა, სადაც სახლის მსახურ ბიჭს წყალში ნაძვის ხის ჩადგმა სთხოვეს...
რიტა აარონსი არა ერთხელ იქცა ფოტოგრაფის მუზად და ხშირად ეხმარებოდა სლიმს ფოტოები გამხდარიყო უფრო გლამურული და მიმზიდველი. „თუ თქვენ უყურებთ აუზის სცენას ან წვეულებას და ხედავთ ქალს წითელ საცურაო კოსტუმში ან წითელ სვიტერში, რომელიც ზურგით დამთვალიერებლისკენ დგას, ეს ალბათ ის არის“ - განმარტავს მერი.
ფოტოგრაფის ცოლი ახლა ხანდაზმულთა თავშესაფარში ცხოვრობს. მოკრძალებული ოთახის სააბაზანოს კედლებზე გარდაცვლილი მეუღლის სურათები კიდია. "ხანდახან ვეკითხები, შენს მეგობრებს ოდესმე უფიქრიათ ვინ არის ფოტოებზე გამოსახული ქალი?", ამბობს მერი, "მპასუხობს, "არავის უთხრა". ეს მისი პატარა საიდუმლოა".
მერი აარონსი მამის "საშობაო ცურვას" ყოვეწლიურად სადღესასწაულო დეკორის ნაწილად იყენებს და ახარებს ის ფაქტი, რომ წლების მერეც უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს სლიმის ფოტო. "მამაჩემი ინსტაგრამის ვარსკვლავია. ახლა ის 104 წლის იქნებოდა, ნეტავ იცოდეს, როგორ ცხოვრობენ მისი ნამუშევრები მსოფლიოს გარშემო...", ამბობს ფოტოგრაფის შვილი, "ეს ხომ უბრალოდ გასაოცარია, ფოტო ალბათ 65 წლისაა და თითქოს მარადიულია. დღეს დედაჩემის ადგილზე კეტი პერი შეიძლებოდა ყოფილიყო. უფრო ლამაზი სახლით და კიდევ უფრო ლამაზი საშობაო ნაძვის ხით..."
ფოტოების წყარო: Vogue.com
დაწერე კომენტარი