სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ხუთი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი არტისტების სვანეთში ერთობლივი მოგზაურობითაა შთაგონებული, რომლის ფარგლებში ხელოვანები მაღალმთიანი რეგიონის კულტურას აქტიურად ეცნობოდნენ და სვანი ხალხის ცხოვრების სტილით ინტერესდებოდნენ. სწორედ ამიტომაც გამოფენის კონცეფცია სვანეთის მისტიკურ სივრცეს უკავშირდება, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის ისტორიულ ფაქტებს, ლეგენდებს, მითებსა თუ იმ პირად ამბებს აერთიანებს, რომლებიც ხელოვანებმა მოსახლეობასთან ურთიერთობისას შეიტყვეს.
გამოფენა “ამბავი საწყისებზე” სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს მოიცავს, რომელთა საშუალებით ხუთი არტისტი დამთვალიერებლებს სვანი ხალხის ბუნებასა და წეს-ჩვეულებებზე ვიზუალური ხელოვნების ენით ესაუბრება.“არტისტების მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინათ სვანური სულის ფუნდამენტური თავისებურებები, გაეცოცხლებინათ სვანეთში განცდილი მძაფრი შთაბეჭდილებები და მათი თვალით დანახული ეს უჩვეულო, მისტიკური სამყარო, რომლის შეცნობის წყურვილმაც გააერთიანა ისინი,” - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.
სალომე ჯოხაძე, რომელიც ჯგუფური შოუს ერთ-ერთი მონაწილე არტისტია, გამოფენისათვის ქმნის ნამუშევარს, რომლის კონცეფცია არა მხოლოდ სვანეთის კონკრეტულ ისტორიულ ამბავზე საუბრობს, არამედ საკუთარ წარმომავლობასთანაც ამყარებს კავშირს. სალომე ჯოხაძის ნამუშევარი ნაქარგი გამოსახულებების სახით ხის ნაჭრებზეა წარმოდგენილი, რომლითაც სოფელ ხალდესათვის თავგანწირულ მებრძოლ გმირებს მიაგებს პატივს. ხალდეს 19 ოჯახის 32 მამაკაცი რუსეთის უსამართლო არმიას ტყვია-წამლის გამოლევამდე 27 დღის განმავლობაში შეუპოვრად ებრძოდა, რის საფუძველზე დაპირისპირებული მხარე აჯანყებულ სვანებს სასტიკად გაუსწორდა - გადაწვა მათი სოფელი, ბოლო მოუღო მათ თორმეტივე კოშკს, ასევე გასცეს ბრძანება, რომ სოფლისათვის სახელი გადაერქმიათ და იქ აღარავინ დასახლებულიყო.
ის, რაც ხელოვანს განსაკუთრებით შთააგონებს, მთის მცირერიცხოვანი მოსახლეობაა, რომელთა ამაყი და მებრძოლი სული ბოროტ ძალასთან დაპირისპირებას არ უშინდება. ხალდეს მებრძოლთა შორის ხელოვანის გვარის წარმომადგენლები, ჯოხაძეებიც ფიგურირებდნენ, რაც ნამუშევარს ემოციურად კიდევ უფრო ამძაფრებს.
სალომე ჯოხაძე გამოფენისათვის 32-ვე მებრძოლ ხალდელს ხელით საგულდაგულოდ ქარგავს და სვანურად დაწერილი სიტყვებით ხალდეს გმირების სახელს თანამედროვე რეალობაში კიდევ ერთხელ აცოცხლებს. მებრძოლთა შეუპოვრობის ამბავი ჩვენამდე ლეგენდებმა, ლექსებმა თუ სიმღერებმა შემოინახა, თუმცა 32 გმირისადმი მიძღვნილი მატერიალური ძეგლი არასოდეს შექმნილა. გამოფენა იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ “ამბავი საწყისებზე” მუზეუმის სტუმრებს სვანი გმირების სახელის სადიდებელ მატერიალური ხელოვნების ნიმუშს წარუდგენს.
გამოფენაზე ანო ჯიშკარიანის ნამუშევარსაც შეხვდებით. ხელოვანის შთაგონება სვანი ხალხის სულიერი კულტურა და რელიგიური წარმოდგენების ისტორია გახდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაცია ხელოვანის სერიის გაგრძელებაა, რომელიც სხვადასხვა კულტურაში და ხალხში რწმენის გააზრებას გულისხმობს. ანო ჯიშკარიანისათვის სვანი ხალხისათვის დამახასიათებელი რწმენა ძალიან მყარია, რაც, მისი სიტყვების მიხედვით, სვანების კულტურულ სიმდიდრეზეც აისახება.
ინსტალაცია - “ეს კიდობანი, ეს კიდობანი” ფუნქციური სკამია, რომლის ერთი ნაწილი ჩამუხლულ პოზას იმეორებს და დასაჯდომის ფუნქციას ასრულებს, მეორე ნაწილი კი მემბღუ-ხულის შემოტარების რიტუალისთვის განკუთვნილ ჴულის (საახალწლო მორი) ფუნქციით გვხვდება.
“მემბღუ-ხულის წეს-ჩვეულება სრულდებოდა ადამიანებისა, საქონლისა გამრავლებისთვის და მარცვლეულის უხვი მოსავლისათვის. ამ რელიგიურ წეს-ჩვეულებაში მთავარ პერსონაჟს წარმოადგენდა ხულზე მხედრულად შემჯდარი ბიჭი. გადავწყვიტე რიტუალებში გამოყენებული საკრალური ობიექტები (ატრიბუტები) მექცია ხატებად, იმისთვის, რომ სვანების უძველესი სარწმუნოების ვიზუალური იდენტობა წარმოვიდგინოთ. სვანური რიტუალები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად, ფოლკლორის სახით შემოგვრჩა. ხატების შექმნის პროცესში კი რიტუალები საკუთარი ინტერპრეტაციით ვიზუალურ ენაში ვთარგმნე,” - აღნიშნავს ხელოვანი.
“სვანეთის ბიბლიოთეკაში სვანურ-ქართულ ლექსიკონს წავაწყდი. ლექსიკონში სიტყვებთან ერთად, მაგალითები წინადადებების სახითაც იყო მოყვანილი და მიუხედავად იმისა, რომ სვანური რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან, რამდენიმე სიტყვის ამოცნობა მაინც შევძელი. მათ შორის, ჩემი ყურადღება მიიპყრო სიტყვამ „დალ-იშ“, რომელიც მითოლოგიური პერსონაჟს - დალის აღნიშნავს. სიტყვას თან ერთვოდა წინადადება - „ლახვს ი თანაღს ხაყლუნიხ დალიშდ ი ალიშდ“, რომლის ქართული თარგმანიც ასე ჟღერს - „საძოვარ მთებსა და დიდ მთებში ეშინიათ დალის და ალის,“ - ამბობს გამოფენის მონაწილე ხელოვანი თათა ფოცხვერაშვილი.
დალი ნადირობის ქალღმერთია. მას მზეთუნახავის გარეგნობა და გრძელი ოქროსფერი თმა აქვს. ნადირობის ქალღმერთის ბუნება ორმხრივია - იგი მონადირეებს ნადირობაში ეხმარება, თუმცა თუ მონადირეები ფიცს გატეხავენ, დალისთან ურთიერთობა შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ალი, დალის მსგავსად, მითოლოგიური პერსონაჟია, რომელსაც ბოროტ და დაუნდობელ სულთან აიგივებს. “თუმცა, ჩემს ნამუშევარში ალი მის ფიზიკურ არსს, ცეცხლის ალს გამოხატავს. ცეცხლის ალს სვანეთზე ფატალური გავლენა ჰქონდა. მრავალი საუკუნის წინ აშენებული ეკლესიების ფრესკები და კედლები ცეცხლის ალისგან თითქმის ბოლომდე დაზიანებულია, მხოლოდ რამდენიმე სიუჟეტის ამოკითხვაა შესაძლებელი. ცეცხლის ალმა თითქოს სვანეთს საგანძური წაართვა, კულტურული ღირებულებებისა და ისტორიების სახით. ამავდროულად, ჩემი ინსპირაცია მაჩუბში (ძველ სვანურ სახლში) არსებული შუა ცეცხლიც გახდა, რომელიც სვანი ხალხის საზრდო და გათბობის მთავარი წყარო იყო. სითბოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იყო ამ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის ზამთრის დაუნდობელ ყინვებში. შუა ცეცხლის ქვაბი სვანურ სახლებში ნაჭით (ჯაჭვით) იყო ჩამოკიდებული, რომლის მოპარვაც ოჯახის შეურაცხყოფას და მათ სასიკვდილოდ გაწირვას უდრიდა. სწორედ ამიტომ, სვანური ოჯახებისათვის ნაჭის დაკარგვა უდიდესი საშიშროება იყო, მისი შენარჩუნება კი უმნიშვნელოვანესი,” - ამბობს თათა ფოცხვერაშვილი.
თათა ფოცხვერაშვილი თითქოს არაცნობიერად, მაგრამ მაინც გააზრებულად გამოფენაზე წარმოდგენილ ორივე ნამუშევარს მისთვის რელევანტურ თემასთან - შიშთან აკავშირებს. შიში ადამიანის ცხოვრების თანამდევი გრძნობაა, რომელიც თავს სხვადასხვაგვარად იჩენს. “ვფიქრობ, სწორედ ამ „სხვადასხვაგვარობას“ აერთიანებს ჩემი ნამუშევრები: იმის შიშს, რომ მოგკლავენ, რომ ვიღაც სამუდამოდ გაქრება ან შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაღაცას დაკარგავ”.
თიკა შელიას ინსტალაცია ლიფანალის რიტუალს აცოცხლებს, რომელიც არქაულ წარმოდგენას ეფუძნება. მორწმუნეებს სჯეროდათ, რომ მიცვალებულთა სულები ერთი კვირის განმავლობაში თავიანთ ოჯახებში ბრუნდებოდნენ, ამიტომაც მათ დასახვედრად და გასამასპინძლებლად საწესო სუფრა იშლებოდა. ლიფანელის რიტუალის ყოველი დღე მასპინძლებში განსხვავებულ გრძნობებს ავითარებდა. მაგალითად, თუ რიტუალის პირველი დღე სადღესასწაულო განწყობისა იყო, რასაც მიცვალებულების მოუთმენელი ლოდინი განაპირობებდა, ბოლო დღე წარმოუდგენლად სევდიანი ხდებოდა, რადგან მორწმუნეებს თითქოს ადამიანის გარდაცვალებისაგან მოყენებული ტკივილის განცდა კვლავ უწევდათ.
რა განასხვავებს ადამიანებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე? როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს ლოგიკური კავშირი ვიპოვოთ ამ ტრადიციასთან? რამდენად ძლიერი კავშირია ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთა რწმენის სიძლიერეც შეუძლებელს ხდის ზურგი აქციონ ან აწყენინონ თავიანთ მიცვალებულებს? - თიკა შელიას ინსტალაცია ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ ხელოვანის ნამუშევარი ინტერაქციულია, რაც გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ავეჯზე მარტივი სიმბოლოები გამოსახონ, მსგავსად იმ ტრადიციისა, როდესაც ლიფანალის დღისათვის ქალები ავეჯზე და სვანური სახლის სხვადასხვა ნაწილზე საკრალური დანიშნულებით სხვადასხვა სიმბოლოებს ხატავდნენ.
“ინსტალაცია საერთო გადაკვეთაა ჩემსა და იმ ხალხს შორის, რომლებმაც თავიანთი მისტიკური და მდიდარი კულტურა დღემდე შეინარჩუნეს. სიუჟეტი კი უძველესი დღესასწაულის ცოცხალი ინტერპრეტაციაა. დამთვალიერებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღონ რიტუალში და თავიანთი სურვილები გამოსახონ ავეჯზე ნახატების სახით,” - ამბობს ხელოვანი თიკა შელია.
ხელოვანი სალომე ფოცხვერაშვილი გამოფენაზე ორ რამდენიმეწუთიან ვიდეოინსტალაციას წარადგენს. ნამუშევარი დოღი (მსხვერპლშეწირვა) ძველ სვანურ დამკრძალავ ტრადიციას უკავშირდება, რომლის ხმოვანი მხარის ავტორი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძეა. ვიდეოინსტალაცია წარმოადგენს ხელოვანის 1-საათიან პერფორმანსს 6 წუთში.ხელოვანის დაკვირვების წყარო სვანეთის მკვიდრებს უკავშირდება, რომლებიც მიცვალებულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. არტისტის სიტყვებით, ცოცხლების რწმენით, მათ შეუძლიათ, რომ მიცვალებულებს სარგებელი სიცოცხლის შემდეგაც მოუტანონ. მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ერთ-ერთი რიტუალი დოღის სახელითაა ცნობილი. დაკრძალვის დღეს სვან ხალხს შეკრებისას გარდაცვლილის ცხენი გამოჰყავთ. ცერემონიის დაწყებისას ახალგაზრდა მასზე ჯდება და იმდენ ხანს აჭენებს, სანამ ცხენი არ მოკვდება.
ტრადიციის მიხედვით, ცხენი იმ მიზნით კვდება, რათა მიცვალებულს საიქიოში ემსახუროს. “იდეის სიმარტივე პოეტურია, თუმცა აუტანელი წარმოსადგენი. ცხენი, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ცხოველი, ყველაფერს გრძნობს, რასაც მასზე მჯდომი განიცდის. მაინტერესებს, რამდენი ხანი გრძელდება ცხენის ჭენება, სიკვდილამდე? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ცხენი არ კვდება? რა განსხვავებაა სასიკვდილო ჭენებასა და ჩვეულებრივ ჭენებას შორის? ხვდება ცხენი მოსალოდნელ სიკვდილს? რას გრძნობს? სევდას? ფიზიკურ თუ მენტალურ ტკივილს? უნდა ცხენს, რომ პატრონს საიქიოში გაჰყვეს? ცდილობს, რომ თავი დააღწიოს, მაგრამ ყველა გზა სიკვდილისკენ მიდის? როდის ნებდება ცხენი? რა იქნებოდა ჩემი ლიმიტი?” - ამბობს ხელოვანი.
სალომე ფოცხვერაშვილის მეორე ვიდეოინსტალაციის სათაურია “ჯგრაგის ძაღლები, მამბერის ძაღლები.”ვიდეოინსტალაცია “ჯგრაგის ძაღლები, მამბერის ძაღლები” დაფუძნებულია ტოტემური მგლის კულტზე და მის რელიგიურ პრაქტიკაზე. ვიდეო შექმნილია სვანეთში გულმოდგინედ შეგროვებული მასალებით, როგორიცაა - ხმა, ვიდეოჩანაწერები, ისტორიები და ლეგენდები. ჯგრაგ წმინდა გიორგისთან გაიგივებული მიწათმოქმედების ღმერთია, რომელიც წმინდა ძაღლების პატრონია. მამბერი ასტრალური ღვთაებაა და მას მამა-მგელს უწოდებენ. მგელი მიწათმოქმედების სიმბოლო და მთვარის ზოომორფული სახეა, მთვარე კი მიწათმოქმედების კალენდრის დასაბამია. სვანეთში მგლის მოკვლა ტაბუირებული იყო. მიუხედავად ამისა, ისინი ატარებდნენ რიტუალს “აშანგელო-შაშანგელო”, რომელიც ტოტემური მგლის კოლექტიურ მოკვლას გულისხმობდა. შემდეგ ამას მოჰყვებოდა ქალების ბოდიშები და დატირება ისე, თითქოს მათ ოჯახის წევრი დაკარგეს, რათა თავი აერიდებინათ ტოტემის რისხვისთვის. რა არის იდეა თვით კულტის მსხვერპლშეწირვის? ჯგრაგის ძაღლები, მამბერის ძაღლები წარმოადგენს ინსტალაციას სვანეთის ტერიტორიაზე. კონსტრუქციის ინსპირაცია ლემია, რომელიც სვანეთის ზოომორფული დროშა და მგლის სიმბოლოა,” - განმარტავს ხელოვანი.
გამოფენა “ამბავი საწყისებზე” სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 27 ნოემბერს გაიხსნა და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დაწერე კომენტარი