საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - “ევროპის წლის მუზეუმი 2022” ფინალურ ნომინანტად დასახელდა. ევროპის მუზეუმების ფორუმი წლის საუკეთესო მუზეუმებს მომდევნო წლის მაისში გამოავლენს, რომლის დაჯილდოების ცერემონიალი ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართება.
საქართველომ კონკურსში მონაწილეობა პირველად 2016 წელს მიიღო, რომლის ფარგლებში სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი წარადგინა. სვანეთის მუზეუმი სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის იყო ნომინირებული.
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) ევროპის საბჭოს ეგიდით 1977 წელს დაფუძნდა. კონკურსში მონაწილეობა ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას შეუძლია. კონკურსის ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
ბოლნისის მუზეუმი წარმოადგენს 21-ე საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელს. მუზეუმი აერთიანებს მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცე.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის საშუალებით ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, მედიათეკა, კაფე და მუზეუმის მაღაზია უახლესი სტანდარტების დაცვით არის მოწყობილი. ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.
ბოლნისის მუზეუმი არის „კულტურული ჰაბი,” რომელიც ახალ პერსპექტივას ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რეგიონში მომუშავე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და საზოგადოებრივი განათლებისთვის. მუზეუმი ქმნის მულტიფუნქციურ-საგანმანათლებლო პლატფორმას, სახელოვნებო ცენტრს, შემოქმედებით სივრცეს, გართობისა და შემეცნების ადგილს სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებისთვის.
დაწერე კომენტარი