სიმბოლიზმისკენ მიმანიშნებელი და მეტაფორული ქვეტექსტებით სავსე ხელოვნების სამყაროში შოტლანდიელი მხატვარი - კეროლაინ უოლკერი ქალის საშინაო როლებსა და პირადი სივრცის ინტიმურობას იკვლევს.
ფოტოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით უოლკერი აღწერს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ რეალობას, რასაც თანამედროვე ქალები აწყდებიან და მნახველისთვის ხსნის ფანჯარას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ზეთით შესრულებულ მკაფიო სურათებზე ქალებს ვხედავთ მშვიდ, არაფრით გამორჩეულ და თითქოს სხვებისთვის უხილავ მომენტებში - ისინი რწყავენ ბაღის მცენარეებს, ამზადებენ საჭმელს, ასუფთავებენ კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს და ნებას გვრთავენ, შევიხედოთ მათ მიერ დომინირებულ გარემოში.
"ჩემი ნახატების საგანი ფართო გაგებით, ქალური გამოცდილებაა - თუნდაც მაღაზიის გამყიდველის ერთი წამით თვალმოკრული წარმოსახვითი შინაგანი სამყარო, სახლში მოფუსფუსე დედის გამოსახულება ან იმ ქალებისა, რომლებთანაც ურთიერთობის საშუალება მომეცა", - ამბობს კეროლაინი.
ჩვენ მათ შევცქერით ფანჯრის მიღმა და ვხდებით ყოველდღიური საქმიანობების მოთვალთვალე. ინტიმური სცენები სხვადასხვა გარემოში მიუთითებს ქალების შესაძლებლობებზე, მაგრამ მათი ისტორიები ბოლომდე არასოდესაა გამჟღავნებული, რაც მნახველისთვის დაძაბულ ემოციურ განწყობას ქმნის. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, გამოვიცნოთ, თუ რის თქმას ცდილობს და რას მოიმოქმედებს პერსონაჟი საგულდაგულოდ ასახული მომენტის შემდეგ.
"ჩემს შემოქმედებაში ნამდვილად არის ვოიერიზმის ძლიერი შეგრძნება. მაინტერესებს მაყურებლის რეაქციის გამოწვევა, განსაკუთრებით პერსონაჟი ქალების მიმართ. სურათები ძალიან დიდია, რაც საშუალებას აძლევს მნახველს შეიჭრას სცენაში. მსურს, გრძნობდეთ ჩართულობას იმაში, რაც ხდება..." - ამბობს ხელოვანი.
2016 წელს კეროლაინმა თავის შემოქმედებას უფრო დოკუმენტური ხასიათი შესძინა. იგი ლონდონის ქუჩებში გავიდა, რათა მოეყოლა იმ ქალებზე, რომლებიც კაფე-რესტორნებში, სილამაზის სალონებსა და სასტუმროებში მუშაობენ. სურათები არ გამოირჩევა განსაკუთრებული სანახაობრივი ეფექტით, ყურადღება მიმართულია იმ საგნებისა და სცენებისკენ, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ვამჩნევთ.
სერიაში - Palm Springs კი უოლკერმა გლამურული ყოველდღიურობის მონაწილე ქალები გადაიღო - ნარინჯისფერი სინათლე გამომავალი მდიდრული სახლების ფანჯრებიდან, საცურაო აუზების წყალზე არეკლილი იისფერი საღამოები და Beauty Queens, როგორც ავტორი ახასიათებს სურათებზე ასახულ ქერათმიან ქალებს. სცენების ტილოზე გადატანით მაქსიმალურად კინემატოგრაფიული ეფექტი იქმნება.
კეროლაინ უოლკერის მხატვრობის გაცნობა შეუმჩნეველ ყოველდღიურობაზე დაკვირვების მცდელობაა. პერსონაჟი ქალები, რომლებსაც ტილოებზე ვხედავთ, ბევრჯერ შეგვხვედრია ცხოვრებაში, უფრო მეტიც, ისინი თითქოს ჩვენ ვართ - აწმყოსა თუ მომავალში.
ფოტო: contemporary art curator magazine
დაწერე კომენტარი