თბილისის მოდის კინოფესტივალი, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში პირველ თემატურ ფესტივალს წარმოადგენს, წელს პირველად გაიმართება. თბილისის მერიის მხარდაჭერით ფესტივალი 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდება, რომლის პირველი გამოშვება არასაკონკურსო ფორმატით განხორციელდება. ფესტივალის პირველი გამოშვების სათაური იქნება Sorry for all the wrong tales I have told.
როგორც TFFF-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ფესტივალის წარმდგენია JAMPROJECT, რომლის მისიაა დარჩეს ქართული მოდის, როგორც მზარდი და მდგრადი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ინდუსტრიის მხარდამჭერი, წარმოქმნას ბარიერი იმ კომერციული პროცესებისათვის, რომლებსაც მოდის სფერო ითვალისწინებს და ყოველი ნაბიჯით დაამტკიცოს, რომ მოდა ხელოვნების სრულფასოვანი ნაწილია. თბილისის მოდის კინოფესტივალის მიზანია შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც მოდა ხელოვნების სხვა სფეროებთან ინტეგრირდება, რათა ვიზუალური კომუნიკაციისა და ახალი ხედვების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამ კუთხით, ფესტივალი შეეცდება კინოსა და მოდას შორის კავშირი მოდის კინოს კონტექსტში იყოს წარმოდგენილი.
TFFF-ს მიხედვით, მოდის კინოს მიმართულება საქართველოში პირველად მოდასთან ერთად გაჩნდა. მართალია, იმ პერიოდში მოდის ფილმები მართლაც იქმნებოდა, თუმცა ეს მიმართულება არასოდეს განვითარებულა, რამაც მოდის კინოს რელევანტურობის დაკარგვა გამოიწვია. თბილისის მოდის კინოფესტივალის ფორმატი იმ ნამუშევრებსაც აერთიანებს, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლებიდან იქმნებოდა და მოდის კინოს ნიმუშებადაა მიჩნეული.
View this post on Instagram
“პლატფორმა კინოსა და მოდის კოლაბორაციული ხელოვნების საჭიროებას მოიაზრებს და დროის კონტექსტში მათი ურთიერთკავშირის კვლევას გულისხმობს,” - ვკითხულობთ თბილისის მოდის კინოფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.
კინოფესტივალის პროგრამასთან დაკავშირებული სიახლეები TFFF-ის ოფიციალურ გვერდზე მალე გამოქვეყნდება.
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
დაწერე კომენტარი