საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილი მაღაზიების ვიტრინების სადღესასწაულო გაფორმებაა - მოდის სახლები და სავაჭრო ცენტრები ყოველ წელს ბრჭყვიალა დეკორითა და განათებებით რთავენ მაღაზიის ინტერიერს, ექსტერიერს და ამით ჩვენი საახალწლო განწყობის ამაღლებაზეც ზრუნავენ. 

Harvey Nichols



წელსაც, ტრადიციულად, ბრიტანულმა მოდის სახლმა - Harvey Nichols-მა ბრიტანეთის ქალაქების მაღაზიები შთამბეჭდავად მორთო. შუშის ვიტრინები  საშობაო ფერთა ტონალობებით შეიმკო. ყველა მაღაზიის ფანჯარა განსხვავებულ ფერებშია წარმოდგენილი. ბრენდის ვიზუალური დიზაინის ხელმძღვანელმა - ჯანეტ უორდლიმ განმარტა: "ფანჯრები  ჭეშმარიტი სადღესასწაულო განწყობის გასავრცელებლადაა შექმნილი. ფერები ბედნიერებასა და სიხარულს გვგვრის". 

Dior



ყოველ წელს ფრანგული მოდის სახლი Dior მაღაზიის ვიტრინებს სადღესასწაულოდ რთავს. Წელს ბრენდის პარიზის Champs-Élysées-სა და Saint-Honoré-ს, ჟენევის,  ნიუ-იორკის, სეულისა და შანხაის მაღაზიები 2022 წლის Dior Cruise-ის კოლექციის დეტალების მსგავსად შეიმკო. 

ვარსკვლავები, მბზინავი “არაბესკები” და ბრჭყვიალა განათებები საახალწლო განწყობას ქმნის.

“Საშობაო ვარსკვლავები ოქროსფერი შტრიხებით ცოცხლდება, როგორც დახვეწილი ოსტატობის ნიმუში”, - ნათქვამია Dior-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.  

Bergdof Goodman 



ნიუ-იორკის მე-5 ავენიუზე ლუქს-ხაზის მაღაზიამ - Bergdof Goodman-მაც წარმოადგინა საახალწლო გაფორმება. ფანჯრის მიღმა მოწყობილი ინსტალაციები 3D ეფექტით ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებენ.

Chanel



ფრანგულმა მოდის სახლმა - Chanel-მა საშობაო გაფორმება ბრენდის ლეგენდარული სუნამოს - Chanel N5-ის 100 წლის თავს მიუძღვნა. ლონდონში, Harrods-ის სავაჭრო ცენტრში სუნამოს მასიური ინსტალაცია დაიდგა, რომელიც Chanel-ის 2021 ბრენდირებას ეხმიანება. ინსტალაციის გარდა ბრენდმა Harrods-ის 16 ფანჯარა საახალწლო დეკორაციებით მორთო. 

Selfridges



წელს Selfridge-ის საშობაო თემა 50-იანი წლების ჰოლივუდის მუსიკალური ფილმებია. ლონდონის, ბირმინგემისა და მანჩესტერის მაღაზიის ვიტრინებში გამოჩნდნენ წარმოსახვითი ჯადოსნური პერსონაჟები. მორთულობასთან ერთად "სელფრიჯმა" საახალწლო დიჯიტალ-კამპანიაც გაავრცელა, რომელშიც ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ჰოროქსი და Drag Queen - ჯუნო ბირჩი მონაწილეობენ. 

Saks Fifth Avenue


ნიუ-იორკის Saks Fifth Avenue-მ, ტრადიციულად, წელსაც საშობაო ვიტრინები და თეატრალური ჩვენება წარმოგვიდგინა. ბრჭყვიალა განათებები ერთი შეხედვით დისნეის საოცნებო სამყაროს მოგვაგონებს. "დღესასწაულების სეზონი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან უნიკალური და დასამახსოვრებელი გავხადოთ". 

Galeries Lafayette



პარიზი საშობაოდ ზღაპრულ ქალაქს ემსგავსება. Atelier Bournillat-თან კოლაბორაციით Galeries Lafayette-ის გარე და შიდა სივრცე საახალწლო დეკორით მოირთო. 2021 წლის სადღესასწაულო თემაა "1, 2, 3 Christmas!" - სათამაშოები, რომლებიც ღამით ცოცხლდებიან, საახალწლო სამზადისში სანტა კლაუსს ეხმარებიან. 

Samaritaine Paris Pont-Neuf



პარიზის კიდევ ერთი სავაჭრო სივრცე Samaritaine Paris Pont-Neuf მომხმარებლებს საახალწლო სეზონისთვის დაუბრუნდა და თვალისმომჭრელი სადღესასწაულო გაფორმებაც წარმოგვიდგინა. წლევანდელი თემაა - The art of the French-style garden. 

Le Bon Marché

Წელს პარიზის Le Bon Marché-ის ფანჯრები საშობაო პერსონაჟებმა სათავგადასავლო ისტორიებით გააცოცხლეს. ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - ორცხობილის კაცუნები და საახალწლო ნუგბარი ჩანს  მაღაზიის ვიტრინებსა და შიდა სივრცეში. Წლევანდელი თემაა მიუზიკლი, ჰიპ-ჰოპი და “ბურლესკი”.