Რუსო მარგიშვილი ქართველი არქიტექტორი და ილუსტრატორია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. Გამოსახულებები, რომლებსაც მის ილუსტრაციებში ვაწყდებით, მნახველებს კონკრეტულ ამბებს მოუთხრობს და ავტობიოგრაფიული ნარატივებით ხასიათდება. Რუსო მარგიშვილი ილუსტრაციებზე ძირითადად ღამით მუშაობს და თავისი ნამუშევრებით საკუთარ ფიქრებს, თავგადასავლებსა თუ სიზმრისეულ გამოცდილებებს ასახავს.
როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ილუსტრატორის პროფესიას?
არქიტექტურის კოლეჯში სტუ-დან ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ გადავედი, აღმოვაჩინე, რომ ტექნიკური უნარები ძალიან შეზღუდულად მქონდა. როდესაც ჩემი ჯგუფელები კომპიუტერულ რენდერებს აკეთებდნენ, მე გადავწყვიტე ჩემთვის ნაცნობ მედიუმში მემუშავა და რენდერების ნაცვლად ჩანახატები გამეკეთებინა.
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამსახური ნიუ-იორკში ვიშოვე. ამ ქალაქში ძალიან ცოტა ნაცნობი მყავდა და პირველ ზამთარს სახლში მარტო ყოფნა ხშირად მიწევდა. ამავე დროს, სამსახურში პროექტებისთვის ხატვა დიდად აღარ მჭირდებოდა და ამიტომ სხვა თემების ძიებას შევუდექი. იმ პერიოდში გრაფიკული ნოველის ფორმატში ბავშვობის მოგონებების ილუსტრირება დავიწყე. ნამუშევარი დღემდე არ დამისრულებია, თუმცა ახალი ხმის მოძებნაში ძალიან დამეხმარა.
როგორც რამდენიმე ინტერვიუში ახსენებთ, თქვენი არქიტექტორი ბაბუა ბავშვობაში ხშირად იმის უფლებას გაძლევდათ, რომ თავისი ძველი ნახაზების ფურცლების უკანა მხარე დასახატად გამოგეყენებინათ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია ბავშვობის წლებმა თქვენს პროფესიულ არჩევანზე?
ბაბუასთან ძალიან ვმეგობრობდი და ყველგან კუდივით დავყვებოდი. ერთხელ სკოლიდან წამომიყვანა და თავის ძველ სახელოსნოში შევისეირნეთ, სადაც კოლეგები გამაცნო და უზარმაზარი მაკეტები დამათვალიერებინა. მაკეტებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
ბაბუის გარდა სახლში კიდევ ორი არქიტექტორი იყო. მშობლებმა ერთმანეთი არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიცნეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში, 90-იან წლებში, პროფესიის შეცვლა მოუწიათ, სახლში სულ შემოქმედებითი გარემო იყო. ჩემი პროფესიის არჩევანს პრაგმატულად მივუდექით. სულელური მგონია, რომ 17 წლის ასაკში ადამიანს პროფესიის არჩევა მოსთხოვო, ამიტომ პირველ რიგში, ისეთ საქმეს ვეძებდი, სამომავლოდ რომ იოლად შემეცვალა. არქიტექტურული განათლება მრავალმხრივ ცოდნას მომცემდა და თუ არქიტექტორობა არ მომინდებოდა, სხვა რამეს გამოვნახავდი.
ერთდროულად ორ პროფესიას ითავსებთ - არქიტექტორობასა და ილუსტრატორობას. თქვენი სახელოვნებო პრაქტიკიდან გამომდინარე, ფიქრობთ, რომ ერთ სფეროში მიღებული გამოცდილება თქვენს მეორე პროფესიასაც კვებავს?
ჩემთვის ეს ორი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. არქიტექტურული განათლება სივრცობრივ ფიქრს ასწავლის, რაც ხატვისას აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნახატების დიდ ნაწილში გარემო არ ჩანს, სივრცულ აღქმაში და დეტალების შემჩნევაში ეს პროფესია მეხმარება. გარდა ამისა, ჩემს ნახატებს ხშირად არქიტექტურული გრაფიკის სახე აქვს.
რაც შეეხება ხატვის გავლენას დიზაინის პროცესზე, მგონია, რომ ხატვამ სიმამაცე შემმატა, მითუმეტეს, ფერების არჩევაში. არქიტექტორებს ხშირად ფერის პანიკური შიში გვაქვს, რადგან სხვადასხვა პერიოდთან ასოცირდება და ჩვენ სულ “უკვდავ პროექტებს” ვუმიზნებთ. ამ დროს ფერი დიზაინის კრიტიკული კომპონენტია და სივრცის გამოცდილებას მთლიანად ცვლის.
სად პოულობთ ხატვის შთაგონებას?
ადამიანებთან ურთიერთობებისას და სიზმრებში. პანდემიის დაწყების შემდეგ ურთიერთობები, როგორც ყველას, ძალიან შემეზღუდა და მუზაც ნაკლებად მწყალობს, ამიტომ ისე ხშირად ვეღარ ვხატავ. ამ ეტაპზე ისევ ახალი თემების ძიებაში ვარ.
თქვენი ილუსტრაციებისათვის განკუთვნილი ვებგვერდი არა ცალკეულ, არამედ სერიულ ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებლებს სხვადასხვა ამბავს უყვება. ვინ არიან თქვენი ილუსტრაციების პერსონაჟები და საიდან იღებს ეს ისტორიები სათავეს? როგორც შევამჩნიე, მთავარი გმირები ქალები არიან...
ილუსტრაციების დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია. ამ ქალებიდან ან მე ვარ, ან ჩემი მეგობრები. ისტორიების ნაწილი ან მე გადამხდა თავს, ან ჩემ გარშემო ადამიანებს. ნაწილი ბრუკლინის ერთი უბნის ჩანახატებია, ზოგი სიზმრების ილუსტრაციაა, ზოგი მეტროში დაკვირვების შედეგი, რომლებიც თემატურად ვებგვერდის აწყობის დროს დავალაგე.
ილუსტრაციების აღსაწერად ძირითადად ერთ წინადადებას იყენებთ. ამბავში “შეშინებათა დღიური“ ქალებისათვის ნაცნობ ბევრ აქტუალურ თემას ეხებით. რას ეფუძნება ეს სერია და რა შეტყობინებებს აგზავნით მნახველთან?
ჩანახატების ეს სერია ჩემი ინტროვერტული ხასიათით შეძენილ თვისებებს ასახავს. ჩემთვის პირადი სივრცის საზღვრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და საზღვარზე შემოჭრილ ადამიანებს და ისტორიებს მძაფრი რეაქცია მოჰყვება ხოლმე.
ხატვისას სპეციალურად ქალებზე არ მიფიქრია, თუმცა ზოგი ილუსტრაცია მოგვიანებით გასაფერადებელი ზინის, “ტესტოსტერონის ფერიების” ნაწილი გახდა. ამ ზინში ასევე შედის ნახატები, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე სიარულის პერიოდში დავხატე. არქიტექტორ ქალს კოლეგა კაცისაგან ბევრად განსხვავებული კუთხით უდგებიან პროფესიაში, ხშირად ხმას გართმევენ და შენგან ანგარიშის გასაწევი აზრის ნაცვლად, კარგი მოსმენის უნარს ელოდებიან. გლობალურად, ბიჭებს ბავშვობიდან გამბედაობასა და ბრძოლისუნარიანობას ასწავლიან, გოგოებს კი თავის დახრას, მოთმინებასა და მოკრძალებას. ეს ჩვევები იმდენად გავითავისეთ, რომ ხშირად ვერც ვამჩნევთ. ამ ჩანახატებმა საშუალება მომცა, რომ ქალების სამუშაო პირობებზე მელაპარაკა. ჩემი ახლო მეგობრებისგანაც მომისმენია: უი, დისკრიმინაცია რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ მთლად ეგრე არ მეგონა, ან თავიანთ გამოცდილებას მიზიარებენ.
გყავთ თქვენი ილუსტრაციების საყვარელი პერსონაჟი?
მგონი არა. ყველა პერსონაჟი ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილს მახსენებს და ცხოვრებაში საყვარელი პერიოდი არ მქონია.
Ruso is sleeping თქვენი ერთ-ერთი ილუსტრირებული წიგნია. მის შესახებაც
გვესაუბრეთ...
მაგისტრატურის დროს არქიტექტურის კოლეჯში ძალიან საინტერესო ლექტორი მყავდა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ალბათ სიბერეში კარგი მეზღაპრე დადგება. ის და მისი მეუღლე, რომელიც იგივე კოლეჯში ასწავლის, ყოველ წელს პროექტის ახალ თემას იგონებენ. იმ წელს საპროექტოდ ძილის ინსტიტუტი შეარჩიეს. არ ვიცი, საქართველოში ძილის ინსტიტუტზე რამდენად სმენიათ - სამეცნიერო/სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ძილის დარღვევებს სწავლობს, ინსომნიიდან ძილის აპნოემდე. პაციენტები გარკვეული პრობლემით მიდიან კლინიკაში და იქ ექიმები სპეციალურად აღჭურვილ ოთახებში აწვენენ, სადაც პრობლემას შეისწავლიან და ზოგ შემთხვევაში მკურნალობენ. ჩემი ცნობით, მსგავს დაწესებულებაში კაგებე ძილის დროს ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს შეისწავლიდა, მაგრამ ეს სხვა ინტერვიუს თემაა.
პროექტირების პერიოდში ორ მეგობართან ერთად ძილის დარღვევების ტიპები შევისწავლეთ და ილუსტრაციები შევქმენით. შემდეგ პროექტირების პროცესად საკუთარი სიზმრების ჩანახატები და მაკეტები გავაკეთეთ და მთელი სემესტრი ძილით შთაგონებული პროექტების დიზაინს დავუთმეთ.
ამ პერიოდში ძილის თემამ ძალიან დამაინტერესა. ბავშვობაში ვმთვარეულობდი და ამიტომ ძილის სიურრეალისტური მხარე ყოველთვის მიზიდავდა. თან სიზმრებს ხშირად ვხედავ. ზოგი ფერებითა და მოცულობებით სავსეა და ძალიან არქიტექტურულია. ზოგიც სრულიად არამატერიალურია, სადაც ფიზიკური სივრცე იკარგება და მთავარ ადგილს ურთიერთობები და ისტორიები იკავებს. ჩემთვის საინტერესო სიზმრების მნიშვნელობის კვლევა კი არა, სიზმრებში მოგზაურობა და თავგადასავლების ძიებაა - ფანტასტიკური სამყაროები, სადაც ზოგჯერ ფიზიკური კანონები მეორეხარისხოვანია - როგორც მისტიკური რეალიზმის პროზა.
მიღწევები, რომლებიც ამ სფეროში დააგროვეთ...
არქიტექტურის სფეროში ძალიან გამიმართლა. თითქმის 7 წელი ჩემს საყვარელ არქიტექტორთან ერთად ვიმუშავე და ერთად საინტერესო პროექტები შევქმენით. 1-2 თვეში გაიხსნება ჩემი დახმარებით შექმნილი საბავშვო მუზეუმი ნიუ-იორკში, ბრონქსის თვითმმართველობაში. მანამდე კულინარიული სკოლა დავაპროექტეთ რიჩმონდში, რომელსაც საინტერესო სოციალური კონცეფცია აქვს. კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტი გვქონდა ერთად.
ილუსტრაციას რაც შეეხება, ამერიკაში დიდი ხანი სამუშაო ვიზით ვიყავი, რაც პროფესიის და დამსაქმებლის გარეთ მუშაობას გიკრძალავს. ამიტომ ილუსტრაციებით დიდად არ მიაქტიურია და სამწუხაროდ, რამდენიმე სერიოზულ შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიხდა, როგორიც იყო, მაგალითად, საკუთარი წიგნის გამოცემა. მიუხედავად ამისა, შარშან აშშ-ში ქალთა ხმის მიცემის უფლების მოპოვებიდან 100 წლის თავზე ისტორიის მიმოხილვის წიგნი გამოიცა, She Votes, რომელიც 100 ისტორიას მოიცავს ქალების ილუსტრაციებით. მათგან ერთ-ერთი ჩემი ილუსტრაციაა, რითაც ძალიან ვამაყობ.
პროექტი, რომელზეც ახლა მუშაობთ...
ამჟამად ნორვეგიულ-ამერიკულ კომპანია Snøhettaში ვმუშაობ, სადაც ახლა ტედი რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ვაპროექტებთ ჩრდილოეთ დაკოტაში. საქმეს ძალიან დიდი დრო მიაქვს და სხვა პროექტებისთვის ვეღარ ვიცლი.
გარდა ამისა, შარშან ჩემს მეუღლესთან ერთად კონცეპტუალური ონლაინმაღაზია გავხსენით, MoonLab 42, სადაც ჩემი ილუსტრაციების გარდა ქართველი და ამერიკელი მეგობრების ნამუშევრებს მოვუყარეთ თავი. მაღაზიის ნელ-ნელა გაფართოვებაზე ვმუშაობთ და ამბიციური იდეები გვაქვს. იმედია, იმ იდეების ნაწილი მაინც გამოგვივა. ილუსტრირების ენერგიას ამ საქმეში ვხარჯავ.
სამომავლო გეგმები…
სამომავლოდ მრავალწახნაგიანი სტუდიის შექმნის სურვილი მაქვს, სადაც არქიტექტორისა და ილუსტრატორის პროფესიებს გავაერთიანებ. პანდემიის პერიოდში, მითუმეტეს ამ ქალაქში, დიდ ნაბიჯებს ვუფრთხი და ამ ეტაპზე რისკების მცდელობაში ვარ. ვნახოთ, რა გამოვა…
ფოტო: rusoissleeping.com
დაწერე კომენტარი