ნემსითა და ძაფით ქსოვილზე ამოტვიფრული ფორმები მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურის ხალხში გვხვდება. იმან, რასაც პირვანდელ საზოგადოებაში შესაძლოა ყოველდღიური პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, საბოლოოდ ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად გამოხატულება ვიზუალურ ხელოვნებაში და მოდაშიც პოვა. რელიგია, კულტურა, გეოგრაფიული არეალი, ცხოვრების სტილი და მისგან გამომდინარე რწმენა-წარმოდგენები განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ქსოვილზე შესრულებული ნაქარგების ფორმას, ტექნიკას და იმ ობიექტების შინაარსობრივ მნიშვნელობას, რომელიც ამ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესისთვის ღირს.
ზუსტად არავინ იცის, სად და როდის წარმოიშვა მათ შორის ბერძნულ მითოლოგიაში ან ბიბლიურ ტექსტებში ნახსენები ქარგვის კულტურა, თუმცა დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ხელობის ნიმუშების ფრაგმენტები პირველად 4500 წლის წინანდელ ჩინეთში აღმოაჩინეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება სამხრეთ ამერიკის სამარხებში ნაპოვნი ნაქარგობებიც, რომლის ნიმუშები აბსოლუტურად განსხვავდება ჩინური კულტურისათვის დამახასიათებელი ფერებისა და ფორმებისგან, მაშინ როცა კიდევ უფრო განსხვავებულია ხელსაქმის ევროპული ხედვა, რომელმაც თავისი განვითარების პიკს შუა საუკუნეების რელიგიურ საზოგადოებაში მიაღწია. ამ პერიოდის ინგლისში ნემსითა და ძაფით შექმნილი ე.წ. Opus Anglicanus-ის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სამოსზე თუ სხვადასხვა დანიშნულების ქსოვილზე ოქროსა და ვერცხლის ძაფებით ისახებოდა, დღეს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების საკუთრებაა, თუმცა მისი პირვანდელი დანიშნულება ეკლესია-მონასტრების ან სულაც სასულიერო ტანისამოსის დეკორაციული გაფორმება იყო.
ქარგვის კულტურა, რა თქმა უნდა, ჩვენშიც არსებობდა და დღემდე არსებობს. ადრეული პერიოდის წერილობით წყაროებში მოხსენიებული ტერმინი "ოქრონემსული" ან "ოქრომკედით ნაკერი" ქარგვის ქართულ ტრადიციულ ტექნიკაზე მიანიშნებდა, რომელიც აბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქროს ძაფით შესრულებულ ნამუშევრებს გულისხმობდა. ქსოვილზე ბიბლიური სიუჟეტების ამსახველი ნაქარგობები დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშიც ინახება, გარდა ბიბლიური პასაჟებისა, ნამუშევრებზე ხშირად ვხვდებით ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ მცენარეულ ორნამენტებს, ანთროპომორფულ და ზოომორფულ გამოსახულებებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ფორმებში და შესრულების ტექნიკაში ვლინდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაქარგები, რომელიც შესრულების ტექნიკითა და განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა, აჭარაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებში გვხვდება, სადაც აჭარლები ცხოვრობენ. აჭარულმა ნაქარგებმა, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივი ქალების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფმა, დიზაინერმა და ვიზუალურმა არტისტმა ირმა შარიქაძემ სრულიად განსხვავებული ფორმით გაგვაცნო. მის მიერ მთიან აჭარაში მოგზაურობის დროს გადაღებულ ფოტოებსა და დოკუმენტურ ფილმში - "აჭარული მზითვის ფერი“ ავტორმა იმ ქალების ისტორიები მოგვითხრო, რომელთა ხელით შესრულებულმა ნამუშევრებმა გასულ წელს ქართული არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი დაიმსახურა.
სამწუხაროდ, აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა თითქმის ოცდაათი წელია, რაც დაკარგა, დღეს ამ მხარეში უფრო და უფრო იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც თეთრ ქსოვილზე სამზითვოდ ფერად ორნამენტებსა და სხვადასხვა სახის ფიგურებსა თუ სახეებს ქარგავენ. სწორედ ამიტომაც, არსებული კულტურის შესწავლის, დოკუმენტაციისა და ტრადიციის მომავალში შენარჩუნების მიზნით განხორციელდა ირმა შარიქაძის პროექტი, რომელსაც მხარი თიბისი ბანკმა დაუჭირა.
ირმა შარიქაძე: “მაღალმთიანი აჭარა და მისი განსაკუთრებული კულტურა საქართველოს საგანძურია. აჭარული ნაქარგობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დღეს სრულიად დაკარგვის საფრთხის წინაშეა. კულტურის გავრცელების არეალი მოიცავდა აჭარას და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს იმ სოფლებს, სადაც აჭარლები არიან განსახლებული. პირველად აჭარული ნაქარგობა თბილისში ვნახე, შემდგომ ბახმაროს მიმდებარე სოფლებში, იალაღებზე, 2019 წელს აჭარული ნაქარგების კვალდაკვალ პირველად სოფელ ინწკირვეთში მოვხვდი და ჩემი National Georgaphic საქართველოს პუბლიკაციის პირველი გმირები - ნაზი და გულისტანი ვიპოვე. ჩემს შემოქმედებაში ქალის ხაზი ყოველთვის მთავარი იყო და გასაკვირი არ იქნება, თუ ჩემი პირველი დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “აჭარული მზითვის ფერი”, რომელსაც თიბისი 14-16 დეკემბერს წარმოგიდგენთ, აჭარელ ქალებს ეძღვნება. პროექტი „აჭარული ნაქარგობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ასევე თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება”.
რეგიონში ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა, როგორც ამას პროექტის ავტორები განმარტავენ, პროექტის განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, ამავე დროს არანაკლებ მნიშვნელოვანია მსგავსი აქტივობებით ხელი შეეწყოს ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგის გადარჩენას და აღდგენას, რისთვისაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და როგორც ირმა შარიქაძე ამბობს, ამ მიზნით მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
“აჭარული ნაქარგობის ტრადიციის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ტრადიციული აჭარული ნაქარგობის საფუძვლიანი შესწავლა, აღწერა და კატალოგიზაცია. აქვე უნდა ვახსენოთ, შემონახული ნაქარგობის ნიმუშების მხატვრული და სიუჟეტური კვლევის საჭიროებაც. უკიდურესად მნიშვნელოვანია ნაქარგობის სკოლის აღდგენა და გაფართოება, მაგალითად, ჩემი უდიდესი სურვილია სრულად აღჭურვილი სასწავლო სახელოსნოს შექმნა ჩემი დიზაინერული ხაზის - Irma de Flore-ს ბაზაზე, სადაც შევძლებთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას აჭარელ მქარგავ ქალებთან და სადაც მოხდება ტრადიციული აჭარული ქარგვის ტექნიკის შესწავლა და კოლექციების შექმნა”.
ფოტო: ირმა შარიქაძე
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი