“არსად ყოფნის რუკები” (“Maps of Nowhere”) გიო სუმბაძისა და ფრანჩესკა კროტის ერთობლივი პროექტია, რომელსაც გალერეა Artbeat 17 დეკემბრიდან უმასპინძლებს. ხელოვანთა საერთო ინტერესს გვიან საბჭოთა საწყლოსნო-სპორტული კომპლექსი - ლაგუნა ვერე წარმოადგენს, რომელიც დღეს მიტოვებულია.
გიო სუმბაძე მულტიმედია არტისტია, რომლის სახელოვნებო პრაქტიკა ფოტოგრაფიას, ვიდეოს, ინსტალაციებსა და გრაფიკულ დიზაინს მოიცავს. გიო სუმბაძის სიტყვების მიხედვით, მისი ნამუშევრები არქიტექტურის, დროისა და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა. მისი და იტალიელი არქიტექტორის - ფრანჩესკა კროტის “არსად ყოფნის რუკებზე” თანამშრომლობა კროტის ინიციატივამ განაპირობა, რაც ძმები კაკაბაძეების #7-ში არსებული კიბის (პროექტი “კიბე”) კონსერვაციას გულისხმობდა.
“გიო სუმბაძე აბსტრაქტულ ფიქციური ადგილების რუკას ქმნის არქიტექტურული სქემებითა და პატერნული მექანიზმებით. ის იკვლევს ქალაქის არქეოლოგიას და სივრცის პერსონალურ რუკას. ერთი მხრივ, ეს მეფინგი ორიენტირებულია არქიტექტურულ არტეფაქტებზე, მეორე მხრივ, ის ფიქციურია და ატარებს სივრცის პერსონალიზებულ ელემენტებს. მისთვის არქიტექტურა პროცესუალურია და დროის მოცულობაში განიხილება.
ნანგრევის და წყლის არქეტიპები ლაგუნა ვერეს კონტექსტში ონტოლოგიურ დატვირთვას იძენს. წყალი, როგორც განახლების და ობიექტისთვის არსებითი ფუნქციის მატარებელი - პოტენციურად მისი შემავსებელი და განმაახლებელია. არქიტექტურული პროექტი ტრანსფორმაციულ პროცესშია, გამოიყურება სტატიკურად, მიუწვდომლად, დახურულია გარე სამყაროსთვის, მოკლებულია ყოველგვარ კავშირს და სისტემის რეაქტიული სიკვდილის გზას ადგას”, - ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში.
გამოფენა “არსად ყოფნის რუკები” 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გალერეა მუშაობს სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 სთ-მდე.
დაწერე კომენტარი