გურამ გვასალია ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იგი მოდის სახლ VETEMENTS-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. VETEMENTS გურამ და დემნა გვასალიებმა 2014 წელს დააფუძნეს, სადაც გურამი ბრენდის ბიზნეს ნაწილზე იყო ორიენტირებული და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. AH22-23 25 ნოემბერს წარმოდგენილი ის პირველი კოლექციაა, რომელზეც გურამ გვასალიამ შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში იმუშავა.
გურამ გვასალიას სიტყვებით, VETEMENTS მისთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი, თუმცა ახალ პოზიციასთან დაკავშირებული განცხადების საჯაროობა პირველ რიგში, იმის სურვილითაა განპირობებული, რომ გვასალიამ ყველა იმ ახალგაზრდას მიაწვდინოს ხმა, რომლებიც მოდის სფეროში საქმიანობაზე ოცნებობენ, თუმცა მათი სურვილების რეალიზაციას არაერთი ფაქტორი აბრკოლებს. იგი საუბრობს ახალგაზრდებზე, რომლებიც სფეროსთან დაახლოებაზე უარს მშობლების შიშით ამბობენ, ბავშვებზე, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია ძვირად ღირებული დიზაინის სკოლების წლიური გადასახადი დაფარონ, ახალგაზრდებზე, რომლებიც პრივილეგირებული ოჯახიდან არ არიან და ჰგონიათ, რომ მოდის სამყაროს არ ეკუთვნიან. “ყველას, ვინც ამას კითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ არაფერმა არ უნდა განსაზღვროს ან შეზღუდოს თქვენი პოტენციალი. აუცილებელია გყავდეთ ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც თქვენი სჯერათ, მაგრამ არაფერი გამოვა მაშინ, თუ საკუთარი თავის რწმენა თავად არ გექნებათ. თქვენი წარმომავლობა თქვენს მომავალს არ განსაზღვრავს. წარმომავლობა თქვენი საბოლოო პუნქტი კი არა, საწყისი წერტილია,” - ამბობს გვასალია განცხადებაში.
დაწერე კომენტარი