ცნობილმა იაპონელმა ხელოვანმა ჰაჯიმე სორაიამამ ჟურნალ Heavy Metal-თან თანამშრომლობის ფარგლებში სამი ახალი ნამუშევარი წარმოადგინა. სექსუალური რობოტების სერია, რომელზე მუშაობა იაპონელმა არტისტმა ჯერ კიდევ დაახლოებით 40 წლის წინ დაიწყო, დღესაც კი მისი შემოქმედების მთავარი ინტერესის წყაროა. ჟურნალ Heavy Metal-ის 312-ე ნომრისათვის მან ინტიმური და ეროტიკული ხასიათის ნამუშევრები შექმნა, სადაც შიშველი რობოტების წარმოდგენით მათი ინტიმური კავშირები ასახა.
ჰაჯიმე სორაიამა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული არტისტია, ადამიანის სხეულის სექსუალურობას რობოტის ფორმით ასახავს. ცნობილი ხელოვანის განცხადებით, მეტალი მას ეროტიკული და სექსუალური გრძნობებით ავსებს, ამიტომაც არაა გასაკვირი, თუ რატომ ხასიათდება ჟურნალ Heavy Metal-ისათვის დამზადებული ახალი ილუსტრაციები მსგავსი ვიზუალური ფორმებით.
როგორც ჰაჯიმე სორაიამა ერთ ინტერვიუში აცხადებს, ამ ნამუშევრების შთაგონება ბერძნულ მითოლოგიას, კერძოდ, პიგმალიონის ლეგენდას უკავშირდება. კუნძულ კვიპროსის მეფე პიგმალიონს მის მიერ შექმნილი სკულპტურა თავდავიწყებით შეუყვარდება, ამიტომაც ის ევედრება ქალღმერთ აფროდიტეს, რათა ქანდაკებას სიცოცხლე შთაბეროს. სორაიამას სიტყვების თანახმად, მისი ნამუშევრების კონცეფცია, პიგმალიონის შემთხვევის მსგავსად, რობოტებისათვის სიცოცხლის მინიჭების სურვილს უკავშირდება.
ჰაჯიმე სორაიამამ ჟურნალ Heavy Metal-თან თანამშრომლობა 80-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში შექმნილი ილუსტრაცია ნახევრად შიშველ რობოტ ქალს გამომწვევ პოზაში გამოსახავს, რომლის სხეულის ფორმები წითელი ქსოვილით სანახევროდაა დაფარული და მიუხედავად იმისა, რომ რობოტი ადამიანისათვის დამახასიათებელი თვალებით წარმოდგენილი არაა, მნახველისაკენ მიპყრობილი მისი გამომწვევი მზერა მაინც თვალსაჩინოა.
ფოტო : designboom
დაწერე კომენტარი