ნიკოლოზ ლომიძე და ალექსანდრე ღარიბაშვილი ახალგაზრდა არქიტექტორები არიან. მათი თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი - “საცურაო აუზი” უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის გაცოცხლებასა და ქალაქისათვის მრავალფუნქციური სცენის გაჩენას ისახავს მიზნად. მიტოვებული აუზი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე, ძველი კინოქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც ერთ დროს, ჰოლივუდის საბჭოთა ქართულ ვერსიას წარმოადგენდა. ახალგაზრდა არქიტექტორების პროექტისადმი ინტერესი უკვე საქართველოს ფარგლებს გასცდა, რაზეც მის ვან დერ როეს პრიზის ნომინაციაც მეტყველებს, რომლის სიაში ქართულ პროექტს - “საცურაო აუზსაც” შევხვდებით.
საიდან დაიბადა იდეა, რომ ყოფილი საცურაო აუზი ამფითეატრად გარდაქმნილიყო?
ნიკოლოზ ლომიძე: საცურაო აუზი ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ხშირად გვიწევდა ყოფნა და შესაბამისად, ამ სივრცით 2020 წლის არქიტექტურის ბიენალემდე დავინტერესდით. ეს დიდი ბეტონის ორმო, რომელიც ოდესღაც საცურაო აუზი იყო, შემთხვევით აღმოვაჩინეთ. საინტერესოსთან ერთად სახიფათო ადგილი იყო. ყოფილა შემთხვევა, როცა იქ ადამიანი შემთხვევით ჩავარდნილა და დაზიანებულა. ბევრს ვფიქრობდით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაგვებრუნებინა ყოფილი აუზისათვის ფუნქციური დანიშნულება და იგი თანამედროვე რეალობაში გაგვეცოცხლებინა. ამასთან, გამოცხადდა თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეს მთავარი თემა, რომელიც საერთოობის საკითხს ითვალისწინებდა. “რა გვაქვს საერთო?” - ეს იმ წლის გამოშვების რიტორიკული კითხვა და დევიზი იყო, რომელსაც ჩვენ მიტოვებული სივრცის გაცოცხლების იდეით ვუპასუხეთ, რათა ადგილი ყველასათვის ღია და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია ისტორიის მხრივაც საინტერესოა. ესაა კინოქალაქის ერთგვარი სცენოგრაფიული სიმულაცია, სადაც არაერთი ობიექტი და შენობა მდებარეობს. ამ კომპლექსის ერთ-ერთი ობიექტი ოლიმპიური სტანდარტის - 25 მეტრი სიგრძის საცურაო აუზია. ის მეგაობიექტია, რაც ამ ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ეფექტური მახასიათებელია. აუზი თავის დროზე წყლით იყო სავსე, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან უტოპიურად გამოიყურება - უზარმაზარი აუზი მიტოვებულ სივრცეში. იდეაც იმ სურვილიდან წარმოიშვა, რომ მარტივი ამფითეატრის სახით საზოგადოებისათვის მრავალფუნქციური სცენა შეგვეთავაზებინა.
რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამფითეატრი ერთ ფერში წარმოგედგინათ?
ნიკოლოზ ლომიძე: ამფითეატრის გეომეტრიის ყველა ზედაპირი წყალგამძლე ცისფერი საღებავითაა წარმოდგენილი, რათა იქ აღმოჩენილმა ადამიანმა ძალაუნებურად ნაგებობის ძველ ფუნქციურ დანიშნულებაზე იფიქროს. მართალია, ის შეიძლება წყლით აღარასოდეს შეივსოს, თუმცა ასოციაციურად ობიექტი ყოველთვის აუზს დაუკავშირდება. აუზის მნიშვნელობის ხაზგასმა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, თუმცა ეს მკვეთრი ფერი სამონტაჟო მწვანე ფონის სახითაც დამატებით შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც ამ შემთხვევაში, ცისფერია. პანდემია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის ბიენალეს თემა დაიგეგმა და პროექტმა მუშაობა ნახევრად დისტანციურ, ვირტუალურ რეჟიმში განაგრძო. იმ დროს ამფითეატრმა, ასე ვთქვათ, ვიდეოსტრიმინგის ლაბორატორიის დანიშნულებაც შეიძინა, რომელიც სხვადასხვა ვიდეომონტაჟისათვის ხელსაყრელ გარემოდ იქცა. რადგანაც სივრცე თავიდან ბოლომდე მკვეთრი ფერით გამოირჩევა, არაპროფესიონალებიც კი მარტივად მოახერხებენ იმას, რომ ამფითეატრის ზედაპირი “მწვანე ეკრანის” ფუნქციით გამოიყენონ.
სივრცის კონცეფცია…
ალექსანდრე ღარიბაშვილი: როგორც უკვე ნიკამ ახსენა, საცურაო აუზის პროექტი მრავალფუნქციური სცენის მოწყობას ითვალისწინებდა. ამფითეატრის სივრცე ღიაა მუსიკოსებისათვის, თეატრალური დადგმებისათვის, მოდების ჩვენებისთვის და ასევე ვიდეომონტაჟისთვისაც. მართალია, პანდემიის დროს დაგეგმილი ღონისძიებები ძირითადად მუსიკაზე იყო ორიენტირებული, რადგან ჩვენი მეგობრების დიდი ნაწილი სწორედ მუსიკოსები არიან, თუმცა აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენთან შეზღუდვა არ არსებობს და ამფითეატრი ნებისმიერი მიმართულების ღონისძიებას უმასპინძლებს. სივრცის პოტენციალის გამოვლენის თვალსაჩინო მაგალითები ინტერნეტსივრცეში უკვე არსებობს, რითაც “საცურაო აუზი-სცენის” ერთგვარი არქივი იქმნება. მაგალითად, რამდენიმე ადგილობრივი მუსიკოსი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა, რომელიც Mutant Radio-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სივრცეში განხორციელდა პროექტი tbili.org, რომელიც ასევე Mutant Radio-ს ეთერში გავიდა. სხვათა შორის, დამწყებმა მსახიობებმა ამფითეატრში ცნობილი პიესის მიხედვით პერფორმანსი, სახელწოდებით “აუზი უწყლო” დადგეს. კარგად დაემთხვა, სტუდენტები პიესაზე დიდხანს მუშაობდნენ და ქალაქმა მათ უწყლო აუზის სივრცე რეალურად შესთავაზა.
როგორ ფუნქციონირებს სივრცე ამჟამად?
ნიკოლოზ ლომიძე: სივრცე ყოველთვის და ყველასათვის ღიაა. როდესაც ღონისძიება დაგეგმილი არ არის, ამფითეატრი უბრალოდ თავისუფალი, რეკრეაციული ზონა ხდება. სივრცე ხალხს ეკუთვნის და ასაკობრივ ზღვარსაც არ აწესებს. ცისფერი ფონის გათვალისწინებით ამფითეატრში ხშირად შენიშნავთ ახალგაზრდებს, რომლებიც ინსტაგრამ თუ TikTok კონტენტისათვის ფოტო/ვიდეო მასალას ამზადებენ.
გვესაუბრეთ ამფითეატრის, როგორც გარდაქმნილი საცურაო აუზის მუშაობის პროცესზე...
ალექსანდრე ღარიბაშვილი: თავიდან რამდენიმე არქიტექტურული კონცეფციის ვარიანტი გვქონდა. საბოლოოდ ყველაზე მარტივი ფორმა ავირჩიეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ ობიექტის სიდიდე კომპლექსურობას არ მოითხოვდა. სანამ ტექნიკურ მხარეზე მუშაობას დავიწყებდით, აუზის დიდი ორმო, რომელიც ნაგვით იყო სავსე, საგულდაგულოდ დავასუფთავეთ და უსწორმასწორო ბეტონის ზედაპირი მოვაპირკეთეთ. სხვათა შორის, წარსულში, როცა ქართული კინო ინდუსტრია აქტიურად მუშაობდა, საცურაო აუზი ბევრი იმდროინდელი ფილმის კადრებში გვხვდება. საბჭოთა ფილმების გადაღების დროს დარჩენილი ნაგავიც იქ დაგვხვდა, მაგალითად, ერთი სცენის გადასაღებად აუზში ჩაყრილი ქვა-ღორღი, რათა მდინარის ილუზია შექმნილიყო.
პროექტი „საცურაო აუზი“ მის ვან დერ როეს პრიზის ნომინაციაზეა წარდგენილი. როგორ ფიქრობთ, რა არის ის უნიკალური ელემენტი, რაც პროექტს ამ სახის მასშტაბურობას სძენს?
ნიკოლოზ ლომიძე: ცოტა ხანია, რაც მის ვან დერ როეს პრემია საქართველოთი დაინტერესდა. ალბათ, პროექტმა ყურადღება ისევ და ისევ საერთოობის თემის გათვალისწინებით მიიქცია, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამძაფრებულია. თემის აქტუალობა არ ეხება მხოლოდ თბილისსა თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ამ შემთხვევაში კითხვა - “რა გვაქვს საერთო?” უნივერსალურია და მთელ მსოფლიოს მოიცავს. თუ მხოლოდ არქიტექტურის დეტალებზე არ ვისაუბრებთ და პროექტს თავისი კონცეპტუალური მახასიათებლების მიხედვით განვსაზღვრავთ, დავინახავთ, რომ ნაგებობის უნიკალურობის შექმნას მის ირგვლივ არსებული ტერიტორია უწყობს ხელს. რომ წარმოვიდგინოთ, მივდივართ გაველურებულ, მიტოვებულ სივრცეში, რომელიც დიდი ხანია არ მოწესრიგებულა, რაც თავის მხრივ, პოსტაპოკალიფსურ ატმოსფეროში გვამყოფებს, შემდეგ კი უცებ, თითქოს არსაიდან, ჩნდება გიგანტური ორმო, რომელშიც არ იკითხება არანაირი ორგანული ტექსტურა, უბრალოდ, ძალიან მკვეთრი ფერითაა ამონათებული და გადადიხარ ილუზიაში, რომ თითქოს ისეთ ციფრულ, ვირტუალურ მეგაობიექტს უყურებ, რაც მატერიალური სამყაროსთვის დამახასიათებელი არ უნდა იყოს.
რა დამატებით გზებს გაგიხსნით მის ვან დერ როეს ნომინანტთა სიის წევრობა, რომ აღარაფერი ვთქვათ გამარჯვებაზე?
ნიკოლოზ ლომიძე: ჩვენი აზრით, უკვე იმანაც ბევრი მოგვიტანა, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტები ვართ. ფაქტი, რომ ჩვენი პროექტი უკვე უცხოურ პლატფორმებზე ქვეყნდება, ლოკალურ და პროფესიულ “ბაბლს” სცდება და თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ნახულობს, პროექტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენი ინიციატივა მრავალი ადამიანის მოზიდვას შეძლებს, ეს უკვე დიდი წარმატება იქნება, რადგან ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ამფითეატრის, არამედ მთელი “კინოქალაქის” პოპულარიზაციასაც შეეწყობა ხელი. ამ კონკრეტული ნაგებობის სანახავად მოსული ადამიანები ამავდროულად, “ქალაქის” არეალში იწყებენ მოძრაობას და ხედავენ, რომ უამრავი ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომაც სურვილი გვაქვს, რომ პროექტმა ჯაჭვური რეაქციით ირგვლივ არსებული ტერიტორია ხელახლა გამოაცოცხლოს და მოაწესრიგოს. გახდეს ახალი სახალხო მიზიდულობის წერტილი. ჩვენი მიზანია არსებობდეს ადგილი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არა კერძო ინვესტორს.
დაწერე კომენტარი