თბილისი ფოტო ფესტივალისა და გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით გაიმართება დავით მესხის გამოფენა, სახელწოდებით “უწონობისფერი” -  როგორც ფოტოფესტივალის მე-12 გამოშვების ერთ-ერთი დასკვნითი ღონისძიება. გამოფენაზე დაათვალიერებთ დავით მესხის უახლეს ნამუშევრებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის როგორც ფოტოანაბეჭდები, ასევე 3-ეკრანიანი ვიდეოინსტალაცია და ნიკა კოჩაროვის მუსიკალური კომპოზიცია - „Full of Sun“. 

 

გამოფენა 23 დეკემბერს გაიხსნება და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

 


“სხეულის მოძრაობისა და მისი სილამაზის აღბეჭდვა მესხისთვის არარსებული სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარდა იდენტობის კვლევა, თავისუფლების ძიება და ღრმა ემოციური გამოცდილებაც არის. სხეული თავისი გენდერული ფლუიდობით დავით მესხის ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იმდენად მიწიერია, რამდენადაც არამიწიერი. მესხის მიერ გადაღებული ათლეტები მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს დაინახოს მომენტი აფრენასა და ვარდნას შორის - უწონობის ის ხანმოკლე მომენტი, როდესაც სხეული უმაღლეს წერტილს აღწევს და ჩერდება, ვიდრე მიზიდულობის ძალა მას მიწაზე დააბრუნებს. ნამუშევრებში სხვადასხვა კუთხით მოჭრილი სხეულები, ერთი მხრივ, თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი, ემორჩილებიან საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს. მესხის ფოტოებში მისი არამიწიერი სხეულები დროის მიღმა სივრცეში არსებობენ. სივრცეში, რომელიც ღიაა მისტიკური ინტერპრეტაციებისთვის, გონებისა და სხეულის მდგომარეობისთვის, ყოფიერების საიდუმლოს რომ იტევს. იმ სივრცეში, სადაც უწონობას თავისი ფერი აქვს”, ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი, მეორე სართული.