ამერიკელმა არტისტმა ლილიან ლინიმ ლონდონში, გრანარის მოედანზე ნეონის საახალწლო ნაძვის ხე წარმოადგინა. 11-მეტრიანი ინსტალაცია, რომელიც “ტემენოსის” სახელითაა ცნობილი, სხვადასხვაფრად ელვარებს, რაც მნახველთა საახალწლო განწყობას პოზიტიური ენერგიით ავსებს. ნამუშევარი, რომელიც სტრუქტურულად 19 მაღალ ბოძს აერთიანებს, ვიზიტორებს პირდაპირ თავის შუაგულში ეპატიჟება. ინსტალაციის ექსტერიერი ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო ინტერიერის ფერები ერთმანეთის მონაცვლეობით სხვადასხვაფრად ასხივებს.
ლინისათვის ინსტალაცია მაგიურ წრესა და სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ირგვლივ დამცველ ენერგიას წარმოქმნის. არტისტის შთაგონება ერთმანეთის მხარდასაჭერი ქსელების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რაც კორონავირუსის პანდემიური ფონითაა განპირობებული. ამაზე ინსტალაციის ფორმაც მეტყველებს, რომლის თითოეული ნაწილი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ხელოვანმა “ტემენოსის” სტრუქტურაზე მუშაობა პირველად 1992 წელს დაიწყო, თუმცა იმ პერიოდის ინსტალაცია სულ სხვა კონცეფციას ავითარებდა. დაკვეთამ, რომელიც ხელოვანმა ამ წელს მიიღო, ინსტალაციის კონცეფცია ხელახლა გადააზრებინა და იგი სადღესასწაულო დატვირთვით წარმოადგინა.
ლილიან ლილის ინსტალაცია გრანარის მოედანზე 2022 წლის თებერვლამდე გამოიფინება.
ფოტო: King's Cross
დაწერე კომენტარი