ახლოვდება ახალი წელი და საზეიმო განწყობაც სულ უფრო და უფრო იმატებს. ამ პერიოდში საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ფილმებისა თუ მუსიკალური ვიდეოების ყურება ან არქივში საინტერესო მომენტების დათვალიერება  დასამახსოვრებელი სამოსის გამოც არანაკლებ სასიამოვნოა. ზოგი მათგანი წვეულების კოსტიუმის შთაგონების წყაროდაც შეიძლება იქცეს. სწორედ ამიტომ Hammock Magazine რჩეულ საახალწლო ლუქებს გთავაზობთ. 

 

Carrie Bradshaw, "Sex and The City" the Movie


Sex and The City-ის გმირებმა სერიალსა თუ ფილმებში საკულტო ლუქებით დაგვამახსოვრეს თავი. პირველ ფილმში ქერი ბრედშოუ მანჰეტენის თოვლიან ქუჩებში საშინაო ტანსაცმელსა და დიდი ზომის ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი  ახალი წლის ღამის გასატარებლად  მეგობართან მიდის. ჩაცმულობას განსაკუთრებულს ბრჭყვიალა ქუდი და ქუსლიანი ფეხსაცმელი ხდის - ქერიმ კიდევ ერთი ლეგენდარული ლუქი შექმნა. 

 

George Michael, Wham!’s “Last Christmas” 


ახალი წლის მოახლოებას Wham!-ის საახალწლო მუსიკით განსაკუთრებულად შევიგრძნობთ. მუსიკალურ ვიდეოში ჯორჯ მაიკლს 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელ სამოსში ვხედავთ: ე.წ. Skinny jeans, თეთრი სვიტერი და ქვიშისფერი ქიშმირის მოსაცმელი გლამურულ და კომფორტულ ლუქს ქმნის. 

 

Catherine O'Hara, Home Alone 2: Lost in New York


კატრინ ო'ჰარამ ფილმებში - Home Alone და Beetlejuice წარმოდგენილი ჩაცმულობით Fashion Icon-ის ტიტული ნამდვილად დაიმსახურა. ელეგანტური ოქროსფერი საყურე, დიდი ზომის მოსაცმელი, ყელიანი სვიტერი და ყვავილებიანი შარფი პერსონაჟის ხასიათს იდეალურად მოერგო. 

 

Zendaya, Malcolm & Marie


მართალია, ფილმი Malcolm & Marie საახალწლო თემატიკისგან შორს არის, მაგრამ ზენდეიას ბრწყინვალე ლუქი - ბრჭყვიალა კაბა ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს.

 

Princess Diana Spencer


პრინცესა დაიანას ზღაპრული სამეფო ტურის კაბები თუ 90-იანი წლების "უიკენდის ჩაცმულობა" დღესაც განსაზღვრავს მსოფლიო მოდის ტენდენციებს. ელეგანტურ, მაგრამ კომფორტულ სადღესასწაულო სამოსს პრინცესა დაიანას საუკეთესო საშობაო ლუქებში აუცილებლად იპოვით.

 

Donna Reed, It's A Wonderful Life


ფრენკ კაპრას საახალწლო კლასიკაში It's A Wonderful Life 40-იანი წლების მოდა არაჩვეულებრივადაა ნაჩვენები. ფილმის გმირის მერი, რომლის როლსაც დონა რიდი ასრულებს, ულამაზეს კოსტიუმებს ატარებს: აბრეშუმისა და მაქმანებით მორთული ხავერდის კაბები შობის განსახიერებაა. მსგავსი კაბების პოვნა  ვინტაჟურ მაღაზიებში არ გაგიჭირდებათ.

 

Bianca Jagger, Studio 54 


ბიანკა ჯაგერი 70-იანი წლების გლამურის ეპონიმადაა ქცეული. მსახიობი ნიუ-იორკის მთავარ კლუბში - Studio 54-ში ხშირად ჩნდებოდა თავბრუდამხვევი ჩაცმულობით, თუმცა გამორჩეული ალბათ მბზინავი წითელი კაბაა, რომელიც მან კლუბის საახალწლო წვეულებისთვის მოირგო. 

 

Naomi Campbell and Kate Moss, the launch of Kate’s Topshop Christmas Collection


ქეით მოსი და ნაომი კემპბელი "ტოპშოპის" 2007 წლის საშობაო კოლექციის წარდგენაზე, როგორც ყოველთვის ჯადოსნურად გამოიყურებოდნენ. მოელვარე თეთრი კაბითა და ბრჭყვიალა მუქი ტონალობის პიჯაკით მოდელებმა 2000-იანი წლების საშობაო წვეულების სტილი დაამკვიდრეს.  

 

David Bowie, "The Little Drummer Boy (Peace On Earth)"


დევიდ ბოუიმ ექსტრავაგანტური სასცენო კოსტიუმებითა და სტილით დაგვამახსოვრა თავი. მუსიკალურ კლიპში, სახელწოდებით - "The Little Drummer Boy (Peace On Earth)" მომღერალი მუქ ლურჯ პიჯაკსა და ნაცრისფერ პერანგშია გამოწყობილი. მოკრძალებული ლუქის მიუხედავად, ეს კოსტიუმი თაყვანისმცემლებისთვის “დეივიდ ბოუის შობის” სიმბოლოდ იქცა.  

 

ფოტო: 1. Entertainment Weekly 2. Rolling Stone 3. Imdb 4. Architectural Digest 5. Getty Images 6. The Ridgefield Playhouse 7.Twitter