უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში გალერეა Tate Britain-მა საახალწლო ინსტალაციების შესაქმნელად არაერთი არტისტი მიიწვია. ტრეისი ემინი, გარი ჰიუმი, სარა ლუკასი, ინკა შონიბარე და სხვები არიან ავტორები ლეგენდარული ნაძვის ხეების დიზაინისა, რასაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში. გთავაზობთ ყველაზე დასამახსოვრებელ და ორიგინალურ ნამუშევრებს გალერეის არქივიდან.
Tim Head, 1989
1989 წლის ნაძვის ხის დიზაინის ავტორი ტიმ ჰედია. პოსტმოდერნისტული სტილის ნაძვის ხე მორთულია მცირე ზომის ხელოვნური ნაძვის ხეებით, რაც საყოფაცხოვრებო პროდუქტის შეფუთვის შთაგონებითაა შექმნილი.
Julian Opie, 1996
ჯულიან ოპიმ 1996 წელს ხის ნაჭრებისგან აწყობილი საახალწლო ინსტალაცია წარმოადგინა. ნაძვის ხეების ჯგუფმა გალერეის სივრცეში ხელოვნური ტყის ილუზია შექმნა.
Michael Landy, 1997
1997 წლის "ნაძვის ხის" უკან ბრიტანელი არტისტი მაიკლ ლენდი დგას. ინსტალაცია პოსტსაახალწლო პერიოდითაა შთაგონებული. ხელოვანმა ნაძვის ხე საახალწლო ნარჩენის სახით გვიჩვენა.
Richard Wilson, 1998
მაიკლ ლენდის არეულობა ერთი წლის შემდეგ რიჩარდ უილსონმა მოდერნისტული არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი წესრიგით ჩაანაცვლა.
Catherine Yass, 2000
კეტრინ იასის მიერ 2000 წელს შექმნილი ნაძვის ხე "ვარსკვლავურ ომებთან" ავლებს პარალელს: ნაძვი ნეონის სწორ განათებაზე, 9 ფუტის სიმაღლეზეა მოთავსებული.
Tracey Emin, 2002
2002 წელს ტრეისი ემინმა ნაძვის ხე უარყო და გალერეის დარბაზში წარწერიანი დაფა განათავსა. შეტყობინება საქველმოქმედო ფონდში თანხის ჩარიცხვისკენ მოწოდებაა ხელოვანის ნამუშევრის მოგების სანაცვლოდ.
Mark Wallinger, 2003
მარკ უალინგერმა ნაძვის ნაცვლად ვერხვი აირჩია - ხე, რომლისგანაც გაკეთდა ჯვარი ქრისტეს ჯვარცმისთვის და ის წითელი ფერის კრიალოსანით გააფორმა.
Sarah Lucas, 2006
2006 წლის ნაძვის ხის თამამი დიზაინის ავტორი სარა ლუკასია. ხელოვანმა ნაძვი მავთულის ანგელოზებითა და ადამიანის სხეულის ნაწილების მსგავსი ნეილონის ქანდაკებებით მორთო.
Bob and Roberta Smith, 2008
ხელოვანმა ბობ ენდ რობერტა სმიტმა ინტერაქტიური ნამუშევარი, სახელწოდებით Make Your Own Xmas შექმნა. კონსტრუქცია გადამუშავებული მასალისგანაა გაკეთებული, რომელზეც რვა ველოსიპედია დამაგრებული. პედლების სწრაფი მოძრაობა ელექტროენერგიას წარმოშობს, რაც ხეზე დამაგრებულ ნათურებს ანთებს.
Giorgio Sadotti, 2010
2010 წლის ნაძვის ხის დიზაინი სისადავით გამოირჩევა. უზარმაზარი ნაძვის ხე მორთულობისა და დეკორატიული ელემენტების გარეშე ხელოვანმა ჯორჯო სადოტიმ წარმოადგინა. "მინდოდა ხე ყოფილიყო ბუნებრივი ყველანაირი ძალისხმევის გარეშე. ხე, რომელიც ინარჩუნებს სიდიადეს. ნაცნობი, მაგრამ მაინც ყველასგან განსხვავებული...", ამბობს ხელოვანი.
Shirazeh Houshiary, 2016
2016 წელს სადღესასწაულო სეზონი გალერეამ შირაზად ჰუშარის ნაძვის ხით გახსნა. ამობრუნებული ნაძვის ხე ოქროსფერი ფესვებით არტისტის მიერ “ტეიტისთვის” 1993 წელს შექმნილ დიზაინს იმეორებს.
ფოტო: Tate
დაწერე კომენტარი