23 დეკემბერს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში იხსნება გურამ წიბახაშვილის გამოფენა, სახელწოდებით “პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან”, რომელიც თბილისი ფოტო ფესტივალის მე-12 გამოშვების დასკვნითი ღონისძიებაა. ექსპოზიციის ნიმუშები ქართველი ფოტოგრაფის ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს.
“აჩქარებული დროის, ცვალებადი პეიზაჟებისა და გარემოს შეუქცევადი ცვლილებების რეალობაში გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან“ აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც ალტერნატიული ეკოსისტემის შექმნის მცდელობა უფროა, ვიდრე მხოლოდ ფოტოგრაფიული სერია. ამ ეკოსისტემის შესაქმნელად ხელოვანი გამოსახულებასა და ცოცხალ ორგანიზმებს ერთმანეთს აკავშირებს, სადაც თითოეული ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს გადის: დაკვირვებას, როგორც შემეცნების აქტს, ცოცხალი ორგანიზმების გადაღებას, როგორც გარდაუვალ არტისტულ აქტს და მათ შესახებ მეხსიერების შენახვას. სწორედ ამ ორგანული ეტაპების გავლით ქმნის გურამ წიბახაშვილი საკუთარ ეკოსისტემას და ამით ცოცხალ ორგანიზმებს არსებობის ისტორიას უხანგრძლივებს, სადაც პეპლები სტუმრად შუადღისას მოდიან”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.
გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ.14, სასტუმრო "სტამბა", D ბლოკი, მეორე სართული.
დაწერე კომენტარი