ჰაროლდ ლოიდი ჩარლი ჩაპლინთან და ბასტერ კიტონთან ერთად მუნჯი კინოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომიკოსად ითვლება. ლოიდი  ორასამდე ფილმის ავტორია, საკულტო სცენამ ფილმიდან Safety Last, რომელშიც ის ცათამბჯენის თავზე, გიგანტური საათის ისარზე კიდია, მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. 

ფილმებისა და დასამახსოვრებელი როლების გარდა არის ერთი რამ, რაც ჰაროლდ ლოიდის სახელს უკავშირდება - საშობაო ნაძვის ხე ულამაზესი მორთულობით.


Safety Last-ის გადაღების შემდეგ, 1923 წელს, ჰაროლდმა ბევერლი ჰილზში ზღაპრული სახლი აიშენა, რომელსაც "მწვანე მამული" დაარქვა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იქ ცხოვრობდა. სწორედ "მწვანე მამული" იყო მსოფლიოს ყველაზე ლამაზი საშობაო ნაძვის ხის თავშესაფარი: დიდებული ხე 20 ფუტის სიმაღლითა და 25000 დოლარის ღირებულების სადღესასწაულო დეკორით.  


უზარმაზარი ნაძვის ხის მორთვას დიდი დრო სჭირდებოდა. ლოიდების ოჯახი მზადებას მადლიერების დღიდან იწყებდა და ორ თვეს შობის ღამემდე ათასობით დეკორის ელემენტის წინასწარ აწყობილ ნაძვის ხეზე ჩამოკიდებაში ატარებდა, სანამ ხე მძივების, მინისა და ოქროს კოლექციად არ იქცეოდა.

მორთული ნაძვის ხე ლოიდების მამულში ყოველთვის მარტამდე იდგა, თუმცა 1960-იან წლებში ჰაროლდმა გადაწყვეტილება შეცვალა და ხე ოჯახის მუდმივ წევრად აქცია. 


30-40-იანი წლების 5000-მდე უნიკალური საახალწლო აქსესუარი ასობით ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.  

"ჩვენი ორნამენტები საკმარისი იყო კიდევ სამი ასეთი დიდი ხის მოსაწყობად, - იხსენებს ჰაროლდის შვილიშვილი  სიუზანი, -  კარგად მახსოვს ყველა მათგანი, თუმცა განსაკუთრებით მომწონდა საშობაო ბურთი, რომელზეც წითელ საშინაო მოსაცმელში გამოწყობილი ჰაროლდი იყო გამოსახული - ეს მას მეგობრის, უოლი ვესტმორის საჩუქარი იყო". 


ლოიდი 1971 წელს გარდაიცვალა, "მწვანე მამული" კი მუზეუმად გადაკეთდა. მისი ხე მუზეუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა და ბევრ მნახველს იზიდავდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მუზეუმი დაიხურა, რაც ჰაროლდ ლოიდის საშობაო ზღაპრის დასასრულსაც ნიშნავდა. “მწვანე მამული” ნივთებთან ერთად აუქციონზე გაყიდეს და ჯადოსნური ხეც განადგურდა. დაიკარგა ლეგენდარული კოლექციაც, რომელსაც ლოიდების ოჯახი წლების განმავლობაში აგროვებდა.


დღეს ebay.com-ზე წინასაახალწლო პერიოდში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰაროლდის ნაძვის ხის სათამაშოებს ფლობენ, თუმცა ზუსტად ვერავინ იტყვის, უნიკალური კოლექციიდანაა თუ არა ეს ნივთები. სახელგანთქმული ნაძვის ხის ტრაგიკული ბედის მიუხედავად, მისი ისტორია დღემდე საახალწლო ზღაპარივით შემოგვრჩა.

 

ფოტოების წყარო: Harold Lloyd Company