თუმცა ახალი დეკადა სულ ცოტა ხანია, რაც დაიწყო, იგი მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამ არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, არამედ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე იქონია გავლენა. ამ მასშტაბური საგანგებო მდგომარეობის ფონზე დიდი დარტყმა განიცადა მცირე და საშუალო ბიზნესმა, თუმცა არც მსხვილი მწარმოებლებისთვის არის მარტივი ამ კრიზისული მდგომარეობის დაძლევა. ამ მოვლენების გამო, ჟურნალი Hammock თიბისი ბიზნესთან ერთად გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის ეფექტიან მართვასა და მისთვის ბაზარზე რელევანტური სტატუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
სტრატეგიული კომუნიკაცია - მარტივი, ეფექტური და იაფი გზა მომხმარებლების შესანარჩუნებლად. აქ ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელებში გამოგზავნილი მოსაბეზრებელი წერილები კი არ იგულისხმება, არამედ საქმე ეხება პერსონალიზებულ, კონტექსტუალურ, სწორად გათვლილ გზავნილებსა და სიახლეებს, რომელთა მოსმენასაც თქვენი მომხმარებლები ელიან. აწარმოეთ ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენს ამჟამინდელ ინოვაციურ საქმიანობას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებთან კონტაქტი იმ ყველანაირი ციფრული პლატფორმით დაამყაროთ, რასაც თქვენი ბიზნესი აქამდეც იყენებდა. ამ ყველაფერს კი სისტემატური და ავტომატური სახე უნდა მისცეთ.
გახდით უფრო მეტად სოციალური - ეცადეთ, მაქსიმალურად ჩართულები იყოთ სოციალურ ქსელებში, რადგან ამ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი სახლიდან მუშაობს, სოციალური მედიის ის პლატფორმები (Facebook, Instagram, Twitter, Youtube), რომლითაც ხმა უამრავ ადამიანს, მათ შორის - თქვენს მომხმარებლებსა და ახალ, პოტენციურ კლიენტებს შეგიძლიათ მიაწვდინოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. გარდა ამისა, სისტემატურად განაახლეთ ინფორმაცია თქვენი ბიზნეს საათების, მომსახურების და სხვა სიახლეების შესახებ. გამოიყენეთ ციფრული მედია მარკეტინგის შესაძლებლობები, რათა გააანალიზოთ, თუ რა საჭიროებები და მოთხოვნილებები გაუჩნდათ თქვენს მომხმარებლებსა და მომავალ კლიენტებს.
შეინარჩუნეთ ხილვადობა - ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხარჯების ეფექტიანი მართვა, რათა სოციალურ ქსელებში მუდმივად ხილვადები იყოთ. არ დახარჯოთ დრო, ენერგია და მატერიალური რესურსი შედარებით დაბალხარისხიან რეკლამაზე, არამედ ეცადეთ, შექმნათ ხარისხიანი, საინტერესო და რელევანტური კონტენტი.
ელექტრონული კომერცია - იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ნებისმიერ ბიზნესთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება შეუძლებელი ხდება, აუცილებელია მოერგოთ სიტუაციას და ონლაინ გაყიდვების სისტემა დანერგოთ. შეიძლება ეს გარკვეულ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ონლაინ გაყიდვები არის ის, რაც ამ საგანგებო ვითარებაში თქვენს ბიზნესს ფეხზე წამოაყენებს, ასევე სამომავლოდ უკვე მზად გექნებათ ელექტრონული კომერციის ის ბაზა, რასაც შემდგომ განავითარებთ. გარდა ამისა, აქვე უნდა იზრუნოთ მიტანის სერვისსა და სწორ ციფრულ მარკეტინგზე, რათა მომხმარებელმა თუ პოტენციურმა კლიენტმა მარტივად შეგამჩნიოს, შეგიკვეთოს და დაგიმახსოვროს.
მომხმარებელთა გამოცდილება - გახსოვდეთ, რომ ადამიანებზე სწორედ პერსონალური ისტორიები მოქმედებს, მომხმარებელთა გამოცდილების გაზიარება კი ამ დროს საკმაოდ ეფექტიანი გზაა მეტი ადამიანის მისაზიდად.
მოემზადეთ შავი დღისთვის - შეიძლება ამ ეტაპზე ყველანაირი რესურსი გაქვთ, რაც შეუფერხებელი მუშაობის წინაპირობაა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ვითარება შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და თქვენ ამისთვის მზად არ აღმოჩნდებით. ამიტომაც, შექმენით თქვენი ბიზნესის მარაგი და გეგმა B, რათა კიდევ უფრო ალტერნატიულმა რეალობამ თქვენი ბიზნესის შეფერხება ვერ შეძლოს.
ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია აწარმოოთ თქვენი ბიზნესის ანალიტიკა და აღრიცხვა, რათა გამოასწოროთ ის ხარვეზები და გააუმჯობესოთ ის სერვისები, რაც სამომავლოდ იქნება აუცილებელი. არ დაგავიწყეთ, რომ ექსპერიმენტები უნდა იყოს სწრაფი, იაფი და მარტივად ხელმისაწვდომი და როგორც კი მიხვდებით, რომ რაიმე სტრატეგია არ მუშაობს, მაშინვე ეცადეთ, შექმნათ მისი გაუმჯობესებული ან ალტერნატიული ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის კრიზისმა უამრავი დაბრკოლება მოიტანა, უნდა ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ შემოვატრიალოთ და არ მივცეთ ამ წინააღმდეგობებს უფლება ნაკლებ შრომისუნარიანები და ეფექტურები გაგვხადოს.
დაწერე კომენტარი