სულ მალე ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის - ახალი წლის დადგომას ვიზეიმებთ. ეს დღე ყველასთვის ბევრ დასამახსოვრებელ მომენტთან და ბედნიერ წუთთან ასოცირდება. თუმცა, ყველაზე საინტერესო ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება. სახლები და ლამაზად მორთული ქუჩები მხიარულებით ივსება, ჰაერში არომატული გლინტვეინისა და ჯანჯაფილის ორცხობილების გემრიელი სურნელი დგას, ადამიანები საახალწლო ემოციების გაზიარებაზე ფიქრობენ და იწყება დღესასწაულის ალბათ ყველაზე სასიამოვნო პროცესი - საჩუქრების შერჩევა.
სტარტაპერი ტრადიციულად წინასაახალწლო ჯადოსნური ბაზრობების მასპინძელია და საჩუქრის შერჩევის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა. თბილისის რამდენიმე ადგილას, ზღაპრული მხიარულების ფონზე, შეგიძლიათ გახდეთ საუკეთესო სანტები თქვენი ადრესატებისთვის. ჩვენ კი მეგზურობას გაგიწევთ ამ საპასუხისმგებლო საქმეში და საჩუქრების სიას შემოგთავაზებთ თბილისის ორი საახალწლო ბაზრობიდან: "თბილისის საშობაო ბაზარი” - დედაენის ბაღში და “საახალწლო ქარავანი” - ორბელიანის მოედანზე, სადაც ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანისთვის საგულდაგულოდ აარჩევთ სასურველ საჩუქარს.
ხელნაკეთი ნივთები
ორბელიანის მოედანზე გამართულ “საახალწლო ქარავანზე” გამორჩეულ კოლექციას გვთავაზობენ სტარტაპები - “ნუფ ნუფი” და “აზულუქსი”. ხის მასალისგან დამზადებული სუვენირი თქვენი ადრესატისთვის ორიგინალური სამახსოვრო ნივთი იქნება. ასევე მოინახულეთ “Შექმენის” დახლიც, სადაც მოსახატი ფიგურებისგან შექმნილი სასაჩუქრე ყუთები დაგხვდებათ. ხოლო თუ დედაენის ბაღში “თბილისის საშობაო ბაზარს” სტუმრობთ, Dec&Art-ის საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნაძვის ხის ხელნაკეთი დეკორის ელემენტები დაათვალიერეთ.
ჩანთები
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საჩუქრის ადრესატი აქსესუარების მოყვარულია, გირჩევთ, საჩუქრად ჩანთა უყიდოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილს ანიჭებს უპირატესობას - ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილ სტარტაპებს შორის ამ მნიშვნელოვანი აქსესუარის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. “მერაკი”, “დამ დამ”, “MM ემემი” და “მიდი” ჩანთების უფრო პრაქტიკულ და ყოველდღიურ კოლექციას შემოგთავაზებენ, ხოლო Lovestars-ის ფერადი და ბრჭყვიალა მოდელები თქვენი ადრესატის სტილს კიდევ უფრო ორიგინალურს გახდის.
დეკორის ელემენტები
როგორ შეიძლება გაახაროთ მეგობარი, რომელიც საცხოვრებელი სივრცის შეცვლით გამოწვეულ დისკომფორტს ებრძვის? ან უბრალოდ ინტერიერითაა გატაცებული და მუდმივად საინტერესო ნივთების ძიებაშია? ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, დეკორის ობიექტების ჩუქებაა. “საახალწლო ქარავანზე” წარმოდგენილი სტარტაპები - “სადაგი” და Samni Concept Store დაგეხმარებიან საჩუქრის არჩევაში: ორიგინალური ფორმის სარკეები თუ პრინტები კედლისთვის დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება. ადრესატის სახლში მყუდრო ატმოსფეროს კი დედაენის ბაღში "თბილისის საშობაო ბაზარზე” Invokerstore-ის მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი სანთლები შექმნის.
საბავშვო სათამაშოები
ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ. თქვენი სანტა კლაუსის სახელით გაკეთებული საჩუქარი პატარებს დიდხანს ემახსოვრებათ. გირჩევთ ორბელიანის მოედანზე მოინახულოთ სტარტაპები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის სათამაშოებს ქმნიან. თქვენი პატარასთვის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებულ სათამაშოებს “Dadari და “კოკიტო” გთავაზობენ, რბილი სათამაშოების შესაძენად კი Diana’s Toys ულამაზესი ხელნაკეთი კოლექცია უნდა დაათვალიეროთ. თუ თქვენც გსურთ ჩაერთოთ თამაშის პროცესში, Sait-ის შემეცნებითი სამაგიდო თამაში - “სამეფო” საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ნუგბარი
თუ მეკვლის სტატუსი გერგოთ, გემრიელი ნუგბარი საუკეთესო იდეაა. ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში ორივე ადგილას წარმოდგენილი სტარტაპები დაგეხმარებიან. დედაენის ბაღში შეხვდებით "შოკოარტის" საახალწლოდ გაფორმებულ შოკოლადის ფილების ნაკრებს, ხოლო ორბელიანის მოედანზე შეძლებთ "გაამოს" ჯანჯაფილის ორცხობილები და "ჰონუკას" უგემრიელესი ნატურალური თაფლი შეიძინოთ. აქვე დაგხვდებათ “ოტიას ეზოც”, რომლის სადღესასწაულო ნაკრებში იდეალურ კომბინაციას - ტკბილეულსა და უგემრიელეს ღვინოს აღმოაჩენთ.
თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა
თავის მოვლა უამრავი ადამიანისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და მნიშვნელოვანი რუტინაა. თუ თქვენი ადრესატისთვის ამ ტიპის საჩუქარს ეძებთ, გირჩევთ, "კუმპიტოს", "საპოვნელას" და Alice Georgia-ს დახლები მოინახულოთ "საახალწლო ქარავანზე", სადაც სტარტაპებს წარმოდგენილი აქვთ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული თავის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა.
საკანცელარიო ნივთები
თუ თქვენი მეგობარი ჩანახატებს ქმნის, ახალ წელს მას აუცილებლად დასჭირდება ახალი წიგნაკი. წიგნაკის დიზაინს კი მარტივად აარჩევთ მისი ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით Sketchmemory-ში, რომელიც ორბელიანის მოედანზე გელოდებათ. ასევე, აქვე აუცილებლად უნდა ნახოთ: Leon Stickers და Posteration, რომლებიც თქვენი საყვარელი სიუჟეტებისა და პერსონაჟების პრინტებით წიგნაკების, პოსტერების და სტიკერების ორიგინალურ დიზაინს ქმნიან.
სამკაული
სამკაული, როგორც საჩუქარი, ყოველთვის დასამახსოვრებელი და სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცი, რომ ადრესატი მისი მოყვარულია. ორბელიანის მოედანზე ამ მხრივაც დიდი მრავალფეროვნება გელოდებათ და საშუალება გექნებათ, ნივთი თქვენი საყვარელი ადამიანის ხასიათისა და გემოვნების მიხედვით აარჩიოთ. ულამაზეს სადღესასწაულო კოლექციას გთავაზობთ The Pearl Club, Sakhelosno და Zambiki,
ხოლო თუ თქვენი არჩევანი უფრო სადა დიზაინზე შეჩერდა, დაათვალიერეთ Batsi-სა და Moirge-ს სამკაულები.
დაწერე კომენტარი