იწურება 2021 წელი, რაც პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების გამო ალბათ ყველა ადამიანისთვის საკმაოდ დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა. მუსიკა, კინო, მოდის სფერო იყო ის, რაც რთული დღეების გადატანაში გვეხმარებოდა და მსოფლიო ქაოსს დროებით გვავიწყებდა. ამ სტატიაში Hammock Magazine-მა 2021 წლის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გააერთიანა, რომლებმაც მოდის ინდუსტრია კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
Gucci x Balenciaga კოლაბორაცია
2021 წელი მოდის სფეროში კოლაბორაციების წელია, რაც ორი დიდი მოდის სახლის - "ბალენსიაგასა" და "გუჩის" გაერთიანების დამსახურებაა. კოლაბორაციას არავინ ელოდა და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებებიც მოჰყვა, თუმცა ეს გაერთიანება მოდის თაყვანისმცემლებისთვის წლის საუკეთესო მოვლენა აღმოჩნდა. ჩვენ ვნახეთ "ბალენსიაგას" ჩანთებისა და სპორტული ფეხსაცმლის საკულტო მოდელები "გუჩის" ლოგოთი, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ესთეტიკის ორიგინალურად შერწყმა, რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.
Billie Eillish Vogue Cover
Მაისში 19 წლის მომღერალი ბილი აილიში ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. მომღერლის თამამი გარდასახვა ერთგვარი პროტესტი იყო დღეს გამეფებული სილამაზის სტანდარტებისა და სტერეოტიპების მიმართ. აილიშის ეს გამოჩენა ინტერნეტსივრცეში რეკორდულად ბევრმა ადამიანმა მოიწონა.
Balenciaga Highlights
Balenciaga-მ და დემნა გვასალიამ 2021 წელს განსაკუთრებულად დაგვამახსოვრეს თავი. ივლისში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას Balenciaga-სთვის შექმნილი პირველი მაღალი მოდის ჩვენება გაიმართა. ნოემბერში კი დიზაინერი კვლავ გახდა CFDA Awards-ის გამარჯვებული. მისი ავტორობით ბრენდის 2022 ზაფხულის კოლექციაზე Balenciaga-ს და The Simpsons-ის ერთობლივი ნამუშევარი ვიხილეთ, რაც შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა.
The Met Gala
2021 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მოდის სახლების ფიზიკური ჩვენებები ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდა. სექტემბერში კი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - "მეტ გალაც" გაიმართა, სადაც ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი ლუქები წარმოადგინეს. 2021 წლის თემა In America: A Lexicon of Fashion იყო.
Kim Kardashian Met Gala Dress
პროტესტი პანდემიას თუ უბრალოდ, მორიგი დაუვიწყარი ლუქის შექმნის მცდელობა? კიმ კარდაშიანის “მეტ გალაზე” გამოჩენის შემდეგ მის შავ ჩაცმულობაზე ვერსიები არ წყდებოდა. Რაც უნდა იყოს პასუხი, კიმმა შეძლო და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
Alber Elbaz Special Show at Paris Fashion Week
2021 წელს მოდის სფერომ მნიშვნელოვანი ფიგურა - ალბერ ელბაზი დაკარგა. 50-ზე მეტმა მოდის სახლმა ალბერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე ამ დღისთვის შექმნილი კოსტიუმები წარმოადგინა. ასეთი გაერთიანება მოდის ინდუსტრიაში იშვიათია.
Harryween
New York-ის Madison Square Garden-ის სცენაზე ჰარი სტაილზი ანგელოზების, კოვბოების, იუნიქორნებისა და პრინცესების გუნდით წარდგა. კონცერტი, სახელწოდებით Harryween, რომელიც ჰელოუინის დღესასწაულზე გაიმართა, 2021 წლის ყველაზე გლამურულ პოპ-საღამოდ შეფასდა, ხოლო მომღერლის ლუქები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახლდათ.
Zendaya - Fashion Icon
“ეიფორიას” Gen-Z-ის სტილიდან დაწყებული, Dune-ის პრემიერისთვის თვალისმომჭრელი კაბებით დამთავრებული, ზენდეიამ დაუვიწყარი ლუქები შექმნა და 2021 წლის Fashion Icon-ის სტატუსიც ოფიციალურად მიენიჭა.
House Of Gucci
Რეჟისორ რიდლი სკოტის ახალი ფილმი - House Of Gucci პირველივე კადრების გავრცელებისთანავე პოპულარული გახდა, რაც ცხადია, ჩვენი საყვარელი მსახიობების ორიგინალური გარდასახვისა და 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გლამურული კოსტიუმების დამსახურებაა.
Virgil Abloh final show for Louis Vuitton
ნოემბერში მოდის მოყვარულებმა სამწუხარო ამბის შესახებ შეიტყვეს - Off-White-ის დამფუძნებელი და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერი ვირჯილ აბლო მოულოდნელად გარდაიცვალა. ვირჯილ აბლოს ხსოვნისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელიც დიზაინერის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა, განსაკუთრებით ემოციური იყო - ბრენდირებული ქანდაკებები და ვირჯილის ჰოლოგრამები შოუს შემადგენელი ნაწილი იყო, ფინალში კი ცაზე წარწერა - Virgil was here გამოისახა.
ფოტო: 1. Vogue 2. Vogue 3. Nytimes 4. Vogue 5. Vogue 6. Harper’s Bazaar 7. Fizzymag 8. Red Carpet Fashion Awards 9. People 10. Culted
დაწერე კომენტარი