Empty Bar ქართველი ხელოვანის, ვაჟიკო ჩაჩხიანის ახალი ინსტალაციაა, რომელიც თანამედროვე ჩინური ხელოვნების ცენტრ UCCA-ს დაკვეთით შეიქმნა. ინსტალაცია მუზეუმ UCCA Dune-შია წარმოდგენილი.




ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება, UCCA Dune-ის გარე და შიდა ტერიტორიას მოიცავს. ხელოვანი ინსტალაციის პირველ ნაწილში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სახლს აჩვენებს, რომელსაც მზის პანელების, მინის ფირფიტისა და სადენებისაგან შემდგარი გეომეტრიული სტრუქტურით წარმოადგენს. ინსტალაციის მეორე ნაწილი ადამიანების გარეშე დარჩენილ ბარს ასახავს, რომლის მოსალოდნელი მეპატრონეები ქუჩის ლამპიონებითაა ჩანაცვლებული. ლამპიონები, რომლებიც ოვალურ ფორმებს ქმნის, ბარს თითქოს ადამიანების მსგავსად, დახრილი თავებით უყურებს. ამ შემთხვევაში, ცარიელი ბარი მბჟუტავი ნათებებით ქალაქის დაუსახლებელ ქუჩას ემსგავსება. ინსტალაცია მოიცავს ძალადობრივი გზით მიტოვებული ცარიელი სახლის რეპლიკას და ბარის თავზე წარმოდგენილ ლამპიონებს, რომლებიც გარეთ არსებული ინსტალაციის მზის პანელებით ნათდება. მზის ენერგია შიდა სივრცეში წარმოდგენილ ნამუშევარს გარე ტერიტორიაზე არსებული ნამუშევრით ანათებს.



როგორც ვაჟიკო ჩაჩხიანი ნამუშევარზე საუბრისას ამბობს, როცა პირველად ფსიქოლოგიით დაინტერესდა, ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომების კითხვა დაიწყო, რამაც მყარი საფუძველი მისცა გარკვეულიყო ინდივიდებსა და მათ შინაგან სამყაროზე, ასევე იმაზეც, თუ რა კვალს ტოვებს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული ფაქტორები მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.  “ისტორიული და პოლიტიკური ვითარება ინდივიდზე მკვეთრად მოქმედებს და ტრავმას აყენებს მას, ამასთან ადამიანის ფსიქოლოგიის ფორმირებაშიც მონაწილეობს, რაც საზიდავად დიდ ლოდად იქცევა ხოლმე, - ამბობს ხელოვანი. - ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ საუბრობს ან მოქმედებს ადამიანი კონკრეტული გზით, თუმცა რეალურად - იმ ადამიანის შინაგან რეალობაში - არსებობს განცდა,  რომელიც რაღაცას იუწყება. ვფიქრობ, ამით დაძაბულობა იქმნება, რაც ერთდროულად გასაოცარიცაა და დესტრუქციულიც”.


ფოტო:
whitespacebeijing