18 დეკემბერს კულტურის ცენტრ ATINATI-ს წარდგენით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ ხელოვან ტატო ახალკაციშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. ექსპოზიცია “ექსცენტრული მოგზაური”, რომელიც 70-მდე ნამუშევარს აერთიანებს, ქართველი მხატვრის შემოქმედების უკანასკნელ რვა წელიწადს აჯამებს. მოგზაურობის თემა, რომელიც ტატო ახალკაციშვილის შემოქმედებაში ექსცენტრული ნარატივების მნიშვნელობით აისახება, დამთვალიერებლებს მეტაფორულად სხვადასხვა ადგილებში ამოგზაურებს - ეს იქნება ჯავახეთი, გარეჯის უდაბნო, აეროდრომი ან სულაც სულებით დასახლებული ტყეები. 


სანამ უშუალოდ გამოფენის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, საინტერესო იქნება გავიგოთ, თუ რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? ალბათ, ეს გადაწყვეტილება ბავშვობის წლებთან არის დაკავშირებული…

ვფიქრობ, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის აღნიშვნას, რომ მხატვარი ბავშვობიდან ხატავს. ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ყველა ბავშვი ხატავს და მოდი, ვთქვათ, რომ ამ გართობას თავს კარგადაც ართმევენ. უკვე შემდგომი წლები განაპირობებს მხატვრობა გართობის ფორმად დარჩება თუ ცხოვრების წესად იქცევა. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა დედაჩემის მამამ, ილია გაგოშიძემ იქონია, რომელიც ფერადი მინის ოსტატი იყო და თბილისში, ძველ უბანში, ძალიან დიდ სახელოსნოში მუშაობდა. იქაური გარემო ძალიან მიყვარდა,  ჩემზე განსაკუთრებით მოქმედებდა, საინტერესო და მრავალფეროვან ატმოსფეროს იტევდა, იქ ისეთი სული ტრიალებდა, რომლისკენაც ძალაუნებურად მივილტვოდი, თუმცა ბუნებრივია, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ვსაუბრობ იმ პერიოდზე, როცა დაახლოებით, 3-4 წლის ვიყავი. ეს ის ასაკია, როცა ჩემი თავი მართალია, ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც მახსოვს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თავის მახსოვრობა და ხატვისადმი სიყვარული ერთმანეთშია გადაჯაჭვული. როცა შედარებით წამოვიზარდე, ვგულისხმობ 5-6 წლის ასაკს, ბაბუაჩემი უკვე სამხატვრო მასალებს მაწვდიდა, მაშინ ეს ჩემთვის სახელოსნოში თამაშის საშუალება იყო. ბაბუაჩემმა პირველმა მომცა უფლება ძალიან პატარა ასაკში ზეთის საღებავები გამომეყენებინა, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნურ მომენტად მახსოვს. მიუწვდომელი ოცნება იყო, ისიც მეგონა, რომ ზეთის საღებავებთან, ტილოსთან და ყველა ამ საჭირო ატრიბუტიკასთან ურთიერთობას ვერ მოვახერხებდი. რა თქმა უნდა, პირველ ცდაზე საშინელება დავხატე, რადგან ჩემთვის გამოსაყენებლად ძალიან რთული მასალა აღმოჩნდა. სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ მაინტერესებდა ნამუშევარი სრულყოფილი გამოვიდოდა თუ არა, რადგან ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო წუთები მიუღწეველ მასალასთან შეხებით გამოიხატებოდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ამ წუთამდე, ფაქტობრივად, არც გავჩერებულვარ. 

 

სამხატვრო აკადემიაში ძალიან ადრეულ ასაკში ჩავაბარე, 16 წლისა უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. აკადემიაში სწავლა დიდ იმედგაცრუებასთან და სტრესთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერს 90-იანი წლების ვითარებაც დაემთხვა. ერთი პერიოდი სწავლისთვის თავის დანებებასაც ვაპირებდი, თუმცა აკადემიაში ყოფნისას შევხვდი ძალიან ძლიერ მხატვარსა და მოქანდაკეს - ტარიელ სუჯაშვილს, რომელიც ჩემს იმედგაცრუებას შემოეხიდა და სწორი მიმართულება მომცა. 



აკადემიით უკმაყოფილება იმან განაპირობა, რომ ზედმეტად ნორმირებულ ჩარჩოში იყავით მოქცეული?

პირიქით, ზედმეტად შემოქმედებითი განწყობა მქონდა და აკადემიური სწავლა არ მყოფნიდა. განსაკუთრებული ინტერესი მამოძრავებდა რეალისტური მხატვრობის მიმართ, იქ კი ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარი დამხვდა. ტარიელ სუჯაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად, ხატვა მასწავლა და გადამარჩინა. ჩემს ცხოვრებაში სასწაულებრივად გამოჩნდა. 



ბავშვობის მოტივებს თქვენს მხატვრობაში ხშირად ვაწყდებით. გამოფენაზე “ექსცენტრული მოგზაური” ერთი კედლის ინსტალაციაც გაქვთ წარმოდგენილი, რომლის მთავარ ნაწილს მე-20 საუკუნის ფოტოზე - ბავშვის გამოსახულებაზე - მიმაგრებული ლეგოს სათამაშოები შეადგენს. რამდენად იღებთ შთაგონებას ბავშვობის წლებიდან დღეს?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბავშვობის პერიოდი ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. ეს პერიოდი შეიძლება ისეთ იმპულსებს ავითარებდეს, რომლებსაც თავად ვერ ვაცნობიერებდეთ, მაგრამ ისინი მაინც გვმართავდეს. ინტერესი, რომ ბავშვობისა და მოზარდობის თემებზე ნამუშევრებს ისევ ვაკეთებდე, ამ ეტაპზე აღარ მაქვს. 2020 წელს ეს პროცესები, მართალია, ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ საგრძნობლად შესუსტდა, თუმცა 2013 წლიდან დაწყებული ბავშვობის საკითხი ჩემს ხელოვნებას განაპირობებდა და კვლევის მთავარი საგანიც იყო. გამოფენაზე “ექსცენტრული მოგზაური” ჩემ მიერ გაკეთებული პატარა ობიექტი ვაჩვენეთ. ზოგადად, ობიექტებზე და კოლაჟებზე წლობით ვმუშაობდი და თუ არ ვცდები, ეს 2017 წლის ნამუშევარი უნდა იყოს. კოლაჟია წარმოდგენილი მოოქრულ ხის დაფაზე. ბავშვის სურათი მე-20 საუკუნის დასაწყისის ორიგინალი ფოტოა. ძველი ფოტოების კოლექციას უკვე დიდი ხანია ვაგროვებ. ეს იმ პერიოდის ნამუშევარია, როდესაც ფოტოკოლაჟის ტექნიკას ინტენსიურად ვიყენებდი. ასეთი მიდგომა მქონდა - არასოდეს ვინტერესდებოდი ფოტოების ისტორიით და მათ მიზანმიმართულად არ ვეცნობოდი. ასეთი მიდგომით მინდოდა, რომ ძველი ახალში გადმომეყვანა, ასახსნელად ძალიან რთულია, უფრო ის შემიძლია ვთქვა, რომ შეგრძნებების დონეზე ვმოქმედებდი. ამ ნამუშევარში ლეგოს სათამაშო რედიმეიდია, რომელიც სხვათა შორის, ჩემს შვილებს მოვპარე და ფოტოში გამოსახულ ბავშვს სახეზე დავაწებე. ეს იყო კავშირი იმასთან, თუ რამდენად დამღუპველია ადამიანისათვის ინფანტილურობა და ამგვარ კონდიციაში დარჩენა. ეს იმ ინსტალაციის არასრული სახეა, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ხათუნა ხაბულიანის კურატორობით განხორციელებული გამოფენისათვის - “ჩემი ქალაქის საზღვრები”. მაშინ ეს ობიექტი ძველი კედლის ხალიჩაზე იყო წარმოდგენილი თაროსთან, კიბესთან, მცენარესთან და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევრით ბავშვობის ღრმა მოგონებები გავაცოცხლე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ახალი გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა წელს შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გადავწყვიტეთ, აუცილებლობად ჩავთვალე, რომ ეს ობიექტი კედლის ინსტალაციის სახით გვეჩვენებინა.



მოგზაურობის თემა, რომელიც თქვენი ცხოვრების აუცილებელ რიტუალს წარმოადგენს, თქვენი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ხაზია. რას ნიშნავს იყო მოგზაური და ამასთან ექსცენტრული?

მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხათუნა ხაბულიანმა ერთი საუბრის დროს ზუსტად გაუსვა ხაზი იმ ფაქტორს, რომ ეს მოგზაურობა არ ჰგავს კონკრეტულად ტურისტის მიმართულებას. აბსოლუტურად სხვა ტიპის მოგზაურობაა, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება. ერთი მხრივ, აქ იგულისხმება საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალება, მეორე მხრივ, დოკუმენტური და ვიზუალური მასალის მოძიება იმ თემებზე გასაკეთებელი ნამუშევრების ირგვლივ, რაც მე უკვე ნაფიქრი და განცდილი მაქვს, ხოლო მესამე კომპონენტი დამზაფვრელ სიტუაციებში თავის ჩაგდებას უკავშირდება. ესაა სიარული საშიშ გზებზე, გატაცება “ოფროუდით”, რისკთან და ადრენალინთან დაახლოებული მომენტები. ჩემი მოგზაურობებიც ამ სამ ნიშნულს აერთიანებს, რაც  ტურისტის მოგზაურობას არაფრით ჰგავს  ასეთ მოგზაურობას სპეციფიკიდან გამომდინარეც ვერ უწოდებ ტურისტულს, თუნდაც იმიტომ, რომ ქალაქიდან  გამთენიისას, 3-4 საათზე გავდივარ. მაგალითად, ჯავახეთში ყოფნის პერიოდში სულ სხვა რეჟიმში ვცხოვრობ, იქ ჩემი დილა ყოველთვის 5 საათის შემდეგ იწყება.



გამოფენის ნამუშევრები სხვადასხვა ადგილის ასოციაციას იწვევს. ისინი შეიძლება ასახავდეს როგორც რეალისტურ სივრცეებს, ასევე წარმოსახვაში გაჩენილ ფანტასმაგორიულ სურათებს. თქვენი საუბრებიდან გამომდინარე განსაკუთრებული აქცენტები მაინც ჯავახეთის სპეციფიკაზეა დასმული. იმასაც ამბობთ, რომ ჯავახეთში თქვენი მკლავი მარხია…

ჯავახეთი ჩემთვის ძალიან სპეციფიკური ადგილია, ვცდილობ ხოლმე, რომ ამაზე ბევრი არ ვისაუბრო. ასე ვთქვათ, არ გავცე საკუთარი თავის შესახებ ბევრი ინფორმაცია იმ კონტექსტში, როგორადაც ამ მხარესთან ვარ დაკავშირებული. რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ჯავახეთი ერთადერთი ადგილია, სადაც საკუთარ თავს ასი პროცენტით განვიცდი. საკუთარ თავთან ასი პროცენტით  კონტაქტი ჩემთვის იმდენად მრავლისმომცველია, რომ ბოლო ოთხი წლის ნახევარი ცხოვრება, ფაქტობრივად, ჯავახეთში მაქვს გატარებული. ის, რაც ყველაზე ძალიან მიზიდავს აბსოლუტური სიჩუმეა. ასევე არ მიყვარს რომანტიკული და საზოგადო გაგებით, სიამოვნების მომნიჭებელი სივრცეები. ჯავახეთი სამცხისაგან რადიკალურად განსხვავდება. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, ცივი და საშიში ადგილია - სავსე მისტიციზმით, იდუმალებითა და ისეთი მიუვალი ადგილებით, რომელთა არსებობას ვერასოდეს გაიგებ, თუ სპეციალურად არ დაიწყე მათი გზადაგზა აღმოჩენა. ვისაც ჯავახეთთან ახლო შეხება არ ჰქონია, მათი წარმოდგენით ეს ადგილი მხოლოდ იმ ტერიტორიად რჩება, რაც ტრასიდან იკვეთება. მაგალითად, წალკიდან ტაბაწყურამდე ტრასა მთელ ჯავახეთს კვეთს. როცა ამ გზას გაივლი, სამი ტბა გხვდება, რომლებიც ახლომდებარე არეალის ჩათვლით ადამიანის წარმოდგენაში ჯავახეთის განსაზღვრებად ფორმულირდება, როცა სინამდვილეში სწორედ ეს არ არის ჯავახეთი. ჯავახეთი ამ ყველაფრის მიღმაა. უნდა გარისკო, თავად შეეხო და ეკონტაქტო. სიურრეალისტური განცდა მაქვს, სულ მგონია, რომ იქ ჩემი ერთ-ერთი მკლავია დამარხული, რომელიც მეძახის, რათა მასთან ახლოს ვიყო. 



როგორც ცნობილია, ექსპოზიციის ნამუშევრები კონკრეტული გამოფენისათვის არ შესრულებულა, ამიტომაც ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ რა გზა გაიარეთ კურატორთან მსგავს კონცეფციამდე მისასვლელად?

დაახლოებით 2014 წლიდან ხათუნა ხაბულიანთან ინტენსიური ურთიერთობა მაქვს. ამ პერიოდიდან მოყოლებული მას ჩემს სტუდიასთან კავშირი არ გაუწყვეტია და ფაქტობრივად, სახელოსნოში არსებულ ყველა ტიპის ნამუშევარს იცნობს. ამიტომაც მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა კურატორობა გაეწია ისეთი კომპლექსური გამოფენისათვის, რომელმაც მთელი ჩემი 8-წლიანი მუშაობა გააერთიანა. აქ დიდი როლი იმან ითამაშა, რომ ხათუნა ჩემს ნამუშევრებს მუდმივად აკვირდება და ჩემი შემოქმედება მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ცხადია, არ შეუსწავლია. როცა პროექტის კონცეფციის დამუშავება დავიწყეთ, იმთავითვე გადაწყდა, რომ დიდი დროის დიაპაზონით დაშორებული ნამუშევრები უნდა გამოგვეფინა. ჩემთვის ბოლო 8-წლიანი პერიოდი ძალიან მრავალფეროვანი აღმოჩნდა, თუნდაც ტექნიკით, სტილით, თემებით, მასალებითა თუ შესრულების მანერით. ალბათ, ეს ჩემი ხასიათითაა განპირობებული, რადგან ბევრი ტიპის მხატვრობა და მედიუმი მაინტერესებს. იყო პერიოდი, როცა ტრადიციულ მასალებთან ერთად სამშენებლო მასალებით ვმუშაობდი და ნამუშევრებში ელექტრობასაც ვიყენებდი. შესაბამისად, მე და კურატორი მივედით იმ დასკვნამდე, რომ მთელი ეს წლები სინამდვილეში ერთი დიდი კონცეპტუალური ჯაჭვია, სადაც ერთმანეთს ვიზუალური სამეტყველო ენები უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე ნაჩვენები არ გვაქვს ვიდეო და ფართო სახის ინსტალაცია, ჩვენთვის ის სახესხვაობებიც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რომლებიც სახვითი ხელოვნების ჭრილში დავინახეთ. ამიტომაც გამოფენა იმ თანმიმდევრობით შევკარით, სადაც თითოეული საექსპოზიციო სივრცის ნამუშევრები კონტრასტულობას განავითარებდა. პირადად ჩემთვის ექსპერიმენტი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ ამეტყველდებოდა სხვადასხვა ვიზუალური ენის მქონე ერთი მთლიანი კონცეპტუალური ჯაჭვი, ან სულაც შეიქმნებოდა თუ არა მსგავსი მთლიანობა. 

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ გამოფენამ ჩემი 8-წლიანი ინტენსიური შრომა შეაჯამა. როგორც ხელოვანს, ამის დანახვა პერსონალურად მჭირდებოდა - რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე,  საკუთარი ქვეყნის სახელოვნებო სივრცეში ყველაზე დიდმა ინსტიტუციამ თავისი დარბაზები რომ დაგვითმო. ჩემი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ ეროვნულ გალერეაში ნამუშევრები გამომეფინა, გამბედაობის ტოლფასიცაა.



ექსპოზიცია იწყება ბრუტალური სიუჟეტების ამსახველი კომპოზიციებით - მთავარი ტექსტის გვერდით განთავსებული ნამუშევრით, რომელიც “დრაკონის ქრონიკით” გრძელდება…

გამიჩნდა სურვილი, რომ პირველივე ფეხის შედგმიდან მძაფრი ემოცია მე თვითონ გამჩენოდა. ამ ექსპოზიციაზე ერთად ვიმუშავეთ, მაგრამ მე ჩემი მხრივ, ექსპოზიციას ისე განვსაზღვრავდი, თუ როგორ დავინახავდი მას მე და არა მნახველი. გათვლა იყო, რომ ექსპოზიცია პერსონალური მიდგომით უნდა გამეკეთებინა, რომელიც თითქოს მხოლოდ მე უნდა მენახა. მინდოდა, რომ პირველივე ოთახი შედარებით დამღლელი ყოფილიყო და ბატალური სცენებით წარმოგვედგინა. ამავე ოთახში ბატალურ სცენებს დავუპირისპირეთ ფარდების გამოსახულებები, რომლის მოპირდაპირე მხარეს ორმოსა და ცარიელი აუზის ამსახველი ნამუშევრები განვათავსეთ.



თქვენ მიერ აგებული კომპოზიციების ნაწილი ადამიანის თვალთახედვით დანახული ჩარჩოს ლოგიკიდან ამოვარდნილია. სხვათა შორის, მიმდინარე გამოფენაზე ნაჩვენებ ერთ-ერთ კოლაჟს ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი განმესაზღვრა, სად უნდა მდგარიყო დამკვირვებელი, რათა სურათი მსგავსი პერსპექტივით ეხილა. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამკვირვებელი სივრცის შუაგულში და ჰაერშია. როგორ ფიქრობთ, სად არის ამ ნამუშევრებში დამკვირვებლის ადგილი და უნდა იყოს თუ არა იგი აპრიორი ადამიანი?

არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ამ ნამუშევრებზე ასეთი ზუსტი შეფასება მომესმინა. საერთოდ, ამაზე არ ვლაპარაკობ. ეს ძალიან უცნაურია, რადგან შეიძლება ადამიანი არც იყოს ამ ყველაფრის დამკვირვებელი. შენ ექცევი იმ წერტილში, რომელ წერტილშიც ვერასოდეს იდგები დამოუკიდებლად, როგორც ადამიანი. გამოსახულებები ხშირად იმ ადგილიდანაა დანახული, რომელიც ნებისმიერი ზედაპირიდან ოდნავ მაღლა გამყოფებს. ზოგ შემთხვევაში გათვლილია, რომ გამოსახულება ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული რაკურსით იყოს ნაჩვენები. აქაც იქამდე მივდივართ, რომ ადამიანისათვის მსგავსი ხედების თვალით დასაჭერად ჰაერში აწევა აუცილებელია. ყველაზე მეტად ამ გამოსახულებების მეორე მხარეზე საუბარი მიჭირს, რადგან ჩემს ნამუშევრებში თავადაც განვიცდი და ვხედავ, რომ ეს სიუჟეტები მხოლოდ ადამიანის დაკვირვების საგანი არ არის. ისეთი რაკურსებია წარმოდგენილი, სადაც ადამიანი ყოველდღიურად ვერ იმყოფება. აქ დგება ზუსტად ის მომენტი, როცა ვერ ვხვდები, ვინ ან, საერთოდაც, რა უნდა იყოს დამკვირვებელი, მაგრამ იგი აუცილებლად დამკვირვებელია. ამასთან ერთად ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს შეგრძნება იმდენად მძაფრად გამოიხატება, რომ გაჩნდა ნამუშევრები, რომლებშიც ისეთი ნათებები და შუქებია ნაჩვენები, რომლებიც ბუნებრივი შუქი არ არის. რაც თქვენ გამოფენაზე დაინახეთ, ჩემთვის იმდენად მძაფრია, რომ ბოლოს იმ ფორმამდეც მივედი, რომ უცნობი დამკვირვებლის როლი გაურკვეველი ნათების შემოტანითაც გამემძაფრებინა. სულ მაქვს განცდა, რომ არსებობს რაღაც, რაც თავისკენ მითრევს, რასაც მეც დავდევ, თუმცა აქ არ ვიცი რასთან, ან ვისთან მაქვს საქმე. ეს არის “რაღაც”, რაც მე სულ მიბიძგებს, რომ გავიხედო მისკენ. სულ მეუფლება ისეთი განცდა, რომ რაღაც უნდა გავწიო, გავიარო მინდორი, შემდეგ გავწიო ნისლი და სწორედ იქ დავინახო ის “რაღაც”, რისი ან ვისი არსებობის ხილულად წარმოდგენაც კი არ შემიძლია. შეიძლება ძალიან გაუგებარიც იყოს, რაც ახლა ვილაპარაკე, მაგრამ მეტის თქმა უბრალოდ არ შემიძლია, ვერ ვახერხებ ვერბალიზაციას, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, ამ ყველაფრის ვერბალიზაცია რომც შემეძლოს, ამაზე ბოლომდე არასოდეს ვილაპარაკებდი. სინამდვილეში, რომ არ დაგიმალოთ, ამ კითხვაზე პასუხი ბოლომდე ახლაც არ გამაჩნია.




ბოლო საექსპოზიციო სივრცის ერთი ნამუშევარი ისეთ კითხვას აჩენს, რომლის გარკვევა თავიდან სირთულეს უკავშირდება. დაკვირვების დროს დამთვალიერებელი კომპოზიციის წინა პლანს
თითქოს დღის შუქით განათებულს ხედავს მაშინ, როცა კომპოზიციის უკანა პლანი ღამეს აჩვენებს, რაზეც ალაგ-ალაგ წარმოდგენილი “ღამის ცის ფერები” მეტყველებს. ამ დროს კი სხვა ნამუშევრებში, სადაც ღამის მონაკვეთის არსებობა კითხვებს არ ბადებს, ხელოვნური განათების წყაროს ინტენსიურობა მარტივად შესამჩნევია. რა ადგილი აქვს ამ ნამუშევრებში განათების მსგავსი ფორმებით წარმოდგენას გარდა იმისა, რომ უცნობი დამკვირვებლის სახე გამძაფრდეს?

არ ვიცი, ამას ვაღწევ თუ არა, მაგრამ მინდა, რომ ჩემს სიუჟეტებში ბიოლოგიური დრო არასოდეს ვაჩვენო, მათ შორის, არც დროის კონკრეტული მონაკვეთები. ეს ბიოლოგიური დრო ნამუშევრებიდან ბოლომდე მინდა ამოვიღო და არ ვაარსებო. თუ არ ვცდები, ამ არაბიოლოგიურ დროს ოფიციალურად ფსიქოლოგიური დრო ეწოდება. ამას ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევით არც ვაკეთებ, თავისთავად გამოდის. სულ მაქვს განცდა, რომ იქ უდროობა უნდა იყოს. ეს განცდა, თავის მხრივ, იმდენად მძაფრია, რომ შემდეგ ამ ფორმით ტექნიკურად დამოუკიდებლად ლაგდება. რა თქმა აუნდა, რაღაც დონეზე, ხატვის ტექნიკის ცოდნას პროფესიონალურად მიზანმიმართულადაც კი ვიყენებ, სადაც დროის წაშლის მცდელობას განაპირობებს განათება და შუქი. ეს რა შუქია, ან, საერთოდაც, რა დროა ნაჩვენები, ამაზე ფიქრი ჩემთვის ყველაზე დიდი მაგნეტიზმია, რომელსაც ბოლომდე თავადაც ვერ ვუპასუხებ. 



რამდენად უკავშირდება თქვენი მხატვრობა რეალურ წელიწადის დროებს? ხშირად გამოფენის ნამუშევრებში ან თოვლია, ან ცხადი სიცივე…

ისევე, როგორც დროის მონაკვეთების შემთხვევაში, არ მინდა ნამუშევრებში წელიწადის დრომაც იარსებოს.  ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებულ ნახატებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გამონაკლისი ზამთარია, რომელიც თავისი სპეციფიკით ძალიან განსხვავდება წელიწადის სხვა დროებისაგან. აბსოლუტურად ამოვარდნილია მიუხედავად იმისა, რომ ამ ციკლში ლოგიკურადაა ჩართული და კონკრეტული განცდის გადმოცემაში დიდ როლს თამაშობს. 




გამოფენაზე წარმოდგენილი კომპოზიციების ნაწილი თითქოს ფოტოაპარატის სტანდარტული ლინზის ჩარჩოში მოქცეულ გამოსახულებას აჩვენებს. ხშირად ვხდებით ამ გამოსახულების სიმკვეთრის სრული ან ნაწილობრივი გაქრობის შემთხვევებს. მაგალითად, ნამუშევარი გულის რეალისტური გამოსახულებით სიმკვეთრეს გარკვეულ ნაწილებზე ავრცელებს, ნაწილი კი, თუ ფოტოგამოსახულებისათვის დამახასიათებელ ტერმინს მოვიშველიებთ, ფოკუსიდან ამოსულია. მართალია, თქვენი ნამუშევრები ფოტო-რეალისტურობის ტენდენციურობას არ ამჟღავნებს, მაგრამ მაინც გკითხავთ - ზოგადად, რამდენად დიდ როლს თამაშობს თქვენს შემოქმედებაში ფოტოგრაფიის მედიუმი?


ბევრი ადამიანი აღნიშნავს ხოლმე, რომ ჩემი ნამუშევრები ფოტორეალიზმთან ახლოსაა, რაც სწორად არ მიმაჩნია. ძალიან მწყინს და ვთვლი, რომ ეს ზედაპირული შეფასებაა, რადგან მე არასოდეს მივმართავ ფოტორეალიზმს. ფოტო-რეალისტური ნამუშევრები შეგვიძლია დავინახოთ გერჰარდ რიხტერის ნამუშევრებში და ყველაზე ხაზგასმით თუ ვიტყვი, განსაკუთრებით რუდოლფ შტინგელის შემოქმედებაში, რომლის მუშაობის უდიდესი დრო ფოტორეალიზმს ეთმობა. რაც შეეხება ზოგადად ფოტოგრაფიას, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩემი ძალიან დიდი ვნებაა მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით  არ ვმუშაობ. ფოტოს ვიღებ, მაგრამ ღირებულებას არ ვანიჭებ, ეს არ არის ფოტოგრაფის თვალით დანახული გამოსახულება. ალბათ, სწორედ ეს ვნება მუშაობს, რომლითაც ჩემს ნამუშევრებში ის ფოტოგრაფიული დეტალები გვხვდება, რომლებზეც თქვენ უსვამთ ხაზს. რატომ არის ფოტოგრაფია ჩემთვის მნიშვნელოვანი, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს ბოლომდე გააზრებული არ მაქვს, უბრალოდ, ამ განცდას მივყვები, რომელიც საოცრად მძაფრია. ადრე, დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდი მექანიკური Olympus-ის ფოტოაპარატს, ასევე მაქვს ციფრული კამერა, რათა დოკუმენტური მასალები შევაგროვო, რომლებსაც არანაირი სახელოვნებო ღირებულება არ გააჩნია. უკანასკნელი 8 თვეა, რაც პოლაროიდით გადაღებამ გამიტაცა, რადგან პოლაროიდი არასდროს გადმოსცემს იმ გარემოს კოპირებულ ვერსიას, რომელსაც შენ უღებ. ძლივს მივაგენი, თუ რა იქნებოდა ჩემს ხედვებთან ყველაზე ახლოს თავისი არსით. ეს ჩემთვის იმდენად ემოციურია, რომ პოლაროიდით გადაღებისას, ფაქტობრივად, ზუსტად ისეთ გამოსახულებას ვიღებ, როგორიც ჩემს ხელოვნებაში მაინტერესებს და მჭირდება, რომ გამოვიყენო. ჩემი ნამუშევრების სიუჟეტი და შესრულების მანერაც ხომ, ფაქტობრივად, არსით პოლაროიდულია. ამ ბოლო 8 თვის განმავლობაში პოლაროიდთან ყველაზე ბუნებრივ და ახლო კავშირს ვგრძნობ. ამ ფოტოებს მხოლოდ ჩემთვის ვაგროვებ, თუ ოდესმე მათი არსებობა ვინმეს დააინტერესებს, ან როდესაც გარდავიცვლები, თუ ჩემს არქივს დაათვალიერებენ, იქ პოლაროიდით გადაღებული დიდი მასალა დახვდებათ და ნახავენ, თუ რით ვინტერესდებოდი და რას ვუღებდი ფოტოებს.



გამოფენის დრამატურგია ისეა შედგენილი, რომ მნახველმა მომდევნო ოთახში გადასვლამდე უკვე განვლილ სივრცეს ისევ მიაკითხოს. ქაღალდზე შესრულებულმა ნამუშევარმა, კედელზე მარკერით წარმოდგენილი სახელწოდებით Conversation, პირველი ოთახის ნამუშევართან დამაბრუნა. ეს ნამუშევრები, მცირე ვიზუალურ სახესხვაობათა მიუხედავად, იდენტურ სიუჟეტებს აერთიანებს, რომლებიც 2014 წელს შესრულებული სერიის ნაწილებია. აქედან გამომდინარე, ექსპოზიციის ნიმუშებზე დაყრდნობით თქვენს სივრცეებთან მიჯაჭვულობის მოტივებზე დავფიქრდი და ისიც შევამჩნიე, რომ ზოგადად, თქვენს შემოქმედებაში შეიძლება ვხედავდეთ ისეთ ცალკეულ კომპოზიციებს, რომლებშიც მსგავსი სივრცეები განსხვავებული პერსპექტივით გვეგონოს ნაჩვენები, ან სულაც ვგრძნობდეთ მოცემულობას, რომ ერთ ნამუშევარში ასახული სივრცე მეორესთან ახლოს იმყოფება…

არ ვიცი მომავალში ჩემი ხედვები როგორ შეიცვლება, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ჩემთვის სამყაროს აღქმა ამბივალენტურობის ცნებას უკავშირდება. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამბივალენტურია და რაღაც მომენტში ეს შეუცვლელი მოცემულობაც კი მგონია. ჩემს სიუჟეტებში მსგავს სივრცეებსა და სიბრტყეებს იმიტომაც ვხედავთ, რომ ამ სამყაროში ამბივალენტურობას მუდმივად განვიცდი. ჩემი აზრით, სამყარო გამრუდებული და დაზიანებულია, ამ დროს სულ მახსენდება ხოლმე ანდრეი ტარკოვსკის სიტყვები - “ვქმნით ხელოვნებას ალბათ იმიტომ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ცუდად არის მოწყობილი”. აქ ცუდად მოწყობა  იმ კონტექსტშია ნაგულისხმევი, რომ ეს შედეგი კონკრეტულად ადამიანების ბრალია და არა მაგალითად, ღმერთის ან თავად სამყაროსი. ჩემთვის სამყარო იმდენად მრუდეა, რომ ეს თავისთავად იჩენს ხოლმე თავს ჩემს სიუჟეტებსა და სიბრტყულ განლაგებებში, რაც ამ ეტაპზე, ყველაზე ამომწურავი პასუხია, რომელიც შემიძლია ამ კითხვაზე გაგცეთ.

 
გამოფენაზე “ექსცენტრული მოგზაური” დამთვალიერებელი თქვენი შემოქმედების ლირიკულ მხარესაც ეცნობა, რაზეც კომპოზიციებში ინტეგრირებული ტექსტები მეტყველებს. Where is your river? Where is you sleepless soul? ასევე More History, More Memory რომელსაც რამდენჯერმე ვხვდებით, Nostalgia და სხვ. რას ნიშნავს თქვენთვის ტექსტზე მუშაობა?

ტექსტები აძლიერებს იმ განცდებს, რაც მე მაქვს ხოლმე ნამუშევრების შექმნის პროცესში და ალბათ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ დეკლარირებას უკეთებს მათ. ტექსტებს მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკულ ნამუშევრებში ვიყენებ, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მე ყოველთვის მხიბლავდა 70-იანი წლების ამერიკული თუ იაპონური ფილმის პოსტერები. ალბათ, ამ ინტერესსაც თავისი წინაპირობა აქვს. ბავშვობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, სურამში, ჩვენს საგვარეულო სახლში ვისვენებდი. სურამში კინოთეატრიც იყო, რომლის ყველა კინოაფიშას ხელით ხატავდნენ, რისი დანახვაც ჩემთვის ყოველთვის ძალიან ემოციური იყო. ყოველ დილით, 11 საათზე, ამ აფიშების სანახავად დავდიოდი, რადგან 11 საათი ის დრო იყო, როცა ძველ აფიშას ახლით ცვლიდნენ. შეიძლება, ჩემს გრაფიკულ ნამუშევრებში სწორედ ბავშვობის ეს ემოცია მუშაობს. ამას ისიც დაემატა, რომ ფილმის პოსტერებისადმი სიყვარული გამიღრმავდა, შემდეგ ძალიან მიზანმიმართულად მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ტექსტებს დაემთავრებინა და შეეკრა ის ნამუშევრები, რომლებსაც ქაღალდზე ვაკეთებ. ასევე ტექსტები შეგვიძლია ტრანსულ მომენტებს დავუკავშიროთ და ვთქვათ, რომ ისინი ქვეცნობიერიდან ამოღწეული ფრაზებია და ჩემს მდგომარეობებს განაპირობებს. ქაღალდთან შეხება და გუაშებით გრაფიკული ნამუშევრების გაკეთება ჩემთვის ძალიან ინტიმური პროცესია. შესაბამისად, ეს ნამუშევრები ჩემთვის ძალიან განყენებულია, არ ჰგავს სხვა მასალებით შესრულებულ ნამუშევრებს. იმდენად განსხვავებულია, რომ შეიძლება ვერც კი თქვა დანამდვილებით, რომ ისინი ტატოს დახატულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად მუშაობს და ტექსტებიც ამიტომ ჩნდება. მე ვერ წარმოვიდგენ გავაკეთო გრაფიკული ნამუშევარი, ყოველ შემთხვევაში უმეტესად და იქ ტექსტი არ გამოვიყენო. ამ დროს უტექსტო ნახატი ჩემთვის ნახევარფაბრიკატია.



თვლით, რომ მუშაობის პროცესში სხვა ხელოვანების გავლენას განიცდით ხოლმე?

მუშაობის პროცესში არცერთი ხელოვანი არ მახსოვს ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობენ ხელოვანები, რომელთა შემოქმედება ჩემში დიდ ინტერესს ბადებს და განსაკუთრებული გრძნობით განვიცდი. რომ ვთქვა, რომ ნამუშევრებს 100 პროცენტიანი გავლენით ვაკეთებდე, მოვიტყუებ და არც მაქვს ამის სურვილი. ხელოვანებს გაუთავებლად ვაკვირდები და ბუნებრივია, ბევრი არტისტი ჩემს გონებაში განსაკუთრებით იბეჭდება. მაგალითად, გერჰარდ რიხტერი, ანსელმ კიფერი, რუდოლფ შტინგელი, ლუკ ტუიმანსი, ბერლინდე დე ბრუიკერე, უილიამ კენტრიჯი… აი, კენტრიჯი განსაკუთრებით მიყვარს, საოცარი ხელოვანია მთელი თავისი სამყაროთი და საერთოდ, ისეთ ხელოვანებს ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომლებიც ახერხებენ შექმნან საკუთარი სამყარო ან საერთოდ, სამყაროს მოდელი. დაკვირვების მხრივ ჩემთვის ძალიან საინტერესოა თანამედროვე ქართველი არტისტებიც. 



როგორი უნდა იყოს თქვენი სამუშაო გარემო?

როგორი უნდა იყოს ჩემი სამუშაო გარემო, ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან ერთდროულად ბევრ რამეს მოიცავს. ნებისმიერი მხატვრისათვის სახელოსნო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სხვათა შორის, მუდმივად იცვლება. ჩემთვის აუცილებელია, რომ სახელოსნოში იყოს ძალიან დიდი მაგიდა, არ ვიცი მაგიდების მიმართ ამგვარი მიჯაჭვულობით რატომ გამოვირჩევი. ასევე აუცილებელია, რომ სახელოსნოში იყოს შავი ფარდები, რომელთა გამოყენებით შევძლებ სივრცის დაბნელებას. ელექტროგანათებაზე იმ მიზეზით ვმუშაობ, რომ არ შემიძლია ხატვა მაშინ, როცა ამავდროულად, დროსაც განვიცდი. დროის განცდას კი ბუნებრივი განათება მიმძაფრებს, როცა ბუნებრივი შუქი მუდმივად მოძრაობს და ამინდიც გამუდმებით იცვლება. ეს ყველაფერი რომ მუშაობის დროს დავაფიქსირო, შეიძლება გავგიჟდე. ასევე, უნდა მქონდეს დიდი კედელი, რადგან ძირითადად კედელზე ვმუშაობ, ამასთან: ტახტი, ყავა და ბევრი წიგნი. 



ამ ეტაპზე, როგორ გესახებათ სამომავლო გეგმები?


ერთ-ერთი მკაფიო სამომავლო გეგმა ისაა, რომ დიდი გამოფენის შემდეგ ცოტა ხნით შევძლო, რომ არ ვიმუშაო. უბრალოდ, ვიყო სახელოსნოში მარტო და პერიოდულად საგამოფენო დარბაზს ვესტუმრო, რათა მოვახერხო და ჩემი ნამუშევრები სხვა თვალით დავინახო. ამ შემთხვევაში, მინდა გამოვიყენო ნამუშევრები არა მხოლოდ კრიტიკისთვის, არამედ შევძლო გავიგო, თუ რას დამიბრუნებენ ისინი. ეს რჩევა ჩემმა მეგობარმა მხატვარმა ლევანმა მინდიაშვილმა მომცა და ძალიან  მადგება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.