სხვადასხვა კომპანიები ყოველ წელს გვთავაზობენ ისეთ საახალწლო ნაძვის ხეებს, რომლებიც ორიგინალური დიზაინითა და კონცეფციით არიან გამორჩეული. ამ მხრივ გამონაკლის არც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA წარმოადგენს.
2022 წელთან შესახვედრად GIPA-მ ინტერაქციული ხასიათის ნაძვის ხე შექმნა, რომელიც არაერთ საინტერესო და ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს აერთიანებს. გამორჩეული კონცეფციის ნაძვის ხე, რომელიც ვირტუალურ ფორმატშია წარმოდგენილი, თქვენთვის სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ფერად სადღესასწაულო სათამაშოებს ხელით ან მაუსის ღილაკით შეეხებით. ფაქტები, რომლებსაც GIPA-ს ნაძვის ხე იტევს, მოიცავს მნიშვნელოვან ამბებს საქართველოს ისტორიიდან, კინოდან, მეცნიერებიდან და ა.შ. მართლაც, ალბათ ცოტას ექნება პასუხი შეკითხვაზე, თუ რომელ ქართველ რეჟისორს გამოუგზავნა ჩარლი ჩაპლინმა საკუთარი ხელჯოხი აღფრთოვანების ნიშნად, ან ვინ იყო ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი მეცნიერი ქალი. ამ და სხვა მრავალ საინტერესო ცნობას GIPA-ს ინტერაქციული ნაძვის ხე როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე გაგიზიარებთ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობაში GIPA-ს სტუდენტები იყვნენ ჩართულები”, - ამბობს GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კიწი ხარაბაძე. “ამ შემთხვევაშიც ინტერაქციული ნაძვის ხის შექმნის იდეა GIPA-ს მედია ხელოვნების კურსდამთავრებულებთან - გია ტყემალაძესა და სანდრო ალექსიძესთან ერთად მოგვივიდა. ნაძვის ხის ვიზუალურ მხარეზე თავიდან ბოლომდე გიამ და სანდრომ იმუშავეს. როგორც სხვა ყველაფერში, ნაძვის ხის შექმნის პროცესშიც მონაწილეობდნენ GIPA-ს სტუდენტები, ლექტორები და GIPA-ს მეგობრები”.
GIPA-ს წარმომადგენლები ინდივიდუალური მიდგომით ყოველთვის ცდილობენ, რომ თითოეული პროდუქტი განსაკუთრებული დატვირთვით გამოირჩეოდეს, რაც ამ შემთხვევაში საახალწლო ნაძვის ხის მიერ “მოყოლილ” მნიშვნელოვან ამბებში გამოიხატება. ინტერაქციული ნაძვის ხის მოსანახულებლად შეგიძლიათ ამ ბმულს ესტუმროთ და გონება არაერთი საინტერესო ფაქტით გაიმდიდროთ.
დაწერე კომენტარი