მსახიობმა ტიმოთი შალამემ და ფრანგმა დიზაინერმა ჰაიდერ აკერმანმა, რომლის სამოსითაც მსახიობი ყველაზე ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე, ერთობლივად შექმნილი "ჰუდის" დიზაინი წარმოადგინეს.

 

 

მსახიობისა და მისი საყვარელი დიზაინერის, ახლო მეგობრის ჰაიდერ აკერმანის თანამშრომლობის შედეგად თეთრი "ჰუდი", სახელწოდებით Silent Soldier შეიქმნა, რომელზეც ლურჯი ლაქების პრინტი და ახალგაზრდა ქალის სახეა გამოსახული, რაც ავღანეთის ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება. 

"დიდი ხანია მე და ჰაიდერ აკერმანს ერთობლივად რაღაცის გაკეთება გვსურდა. აგვისტოში ავღანეთში მომხდარმა მოვლენებმა ორივე აღგვაშფოთა და გადავწყვიტეთ შეგვექმნა "ჰუდების" კოლექცია, რომლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის 100% ავღანელი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვის ორგანიზაციას მოხმარდება. იმ სისასტიკის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენ ამ “ჩუმი მეომრების” ხმები უნდა გავაძლიეროთ". - წერს მსახიობი ინსტაგრამზე. 

 

"ჰუდის" შეძენა სპეციალურად ამ კოლექციისთვის შექმნილ ვებგვერდზე - HATC2021.com-ზეა შესაძლებელი.


ფოტო: Angelo Dominic Sesto