სადღესასწაულო განწყობას შესაბამისი მუსიკა ყოველთვის სასიამოვნო ენერგიით ავსებს. ალბათ, ყველა ჩვენგანის “ფლეილისტში” მოიძებნება ისეთი გამორჩეული საახალწლო მუსიკა, რომელიც საყვარელ ფილმს გვახსენებს, ან ჯადოსნურ საახალწლო თავგადასავლებს უკავშირდება. საქართველოში სადღესასწაულო განწყობა ძველით ახალ წლამდეა შენარჩუნებული და კაფეების, ბარებისა თუ საცხოვრებელი სახლების სივრცეები თემატური კომპოზიციებით ივსება. საინტერესოა, თუ რას უსმენენ ამ დროს თავად მუსიკოსები და რა ტიპის ჟღერადობა განაპირობებს მათ სადღესასწაულო განწყობას. იმისათვის, რომ საახალწლო კვირეულისათვის ახალი და საინტერესო კომპოზიციები აღმოაჩინოთ, გთავაზობთ ქართველი მუსიკოსების რეკომენდაციებს, რომლებიც საახალწლო განწყობის ასამაღლებელ მუსიკას თავიანთი პირადი “ფლეილისტებიდან” გაგიზიარებენ. ამ ბლოგში მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები - ანუშკა ჩხეიძე, ნიკა კოჩაროვი, კოკა გოგოხია და Hatsvali ჟანრობრივად განსხვავებულ კომპოზიციებს შემოგვთავაზებენ.
ანუშკა ჩხეიძე
წელს გრინჩის საუნდტრეკებზე Tyler, The Creator-მა იმუშავა. ჩემთვის მთელი ალბომი საინტერესოა, რომლიდანაც განსაკუთრებით I am the Grinch (feat. Fletcher Jones) გამოვარჩევდი, კარგ განწყობას მიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის დადგომის შეგრძნება ჩემთვის სირთულეს უკავშირდება, გრინჩი მაინც ბავშვობად რჩება. რაც შეეხება Steve Lacy-ის playground-ს, ჩემი აზრით, რაღაც ახლის დასაწყისს ეხმიანება, მთელი ტექსტი პოზიტიურია. ამ კონკრეტული ტრეკს, რომელიც არტისტის მთლიანი შემოქმედებისგან ძალიან განსხვავებულია, ახალ წელს ხშირად ვუსმენ და მის ფონზე ვცეკვავ. Steve Reich-ის კომპოზიცია კი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული იდეით გამოირჩევა, მინიმალიზმისა და მუსიკალურ სამყაროში რაღაც გადატრიალების საწყისია. ჩემთვის სადღესასწაულო განწყობა ყველაზე მძაფრად მოაქვს. ეს მუსიკოსები მთელი ნაწარმოების განმავლობაში მათ მიერ მათემატიკურად გათვლილი ნოტებით ჰყვებიან დიდი ამბის შესახებ. ამ ნაწარმოებს თუ მოისმენ, განსაკუთრებულ იმედს იგრძნობ და მომავალ წელს პოზიტიურ ნოტაზე შეხვდები.
ნიკა კოჩაროვი
რამდენიმე წლის წინ ახალი წლის პერიოდში ეს სიმღერა მქონდა ამოჩემებული. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საერთო არ აქვს ამ დროსთან, ყოველი მოსმენა საახალწლო განწყობაზე მაყენებს.
კოკა გოგოხია
სიმღერა - Christmas Will Break Your Heart განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემი დეკემბრის ფლეილისტში. მიუხედავად სიმღერის სახელწოდებისა და მისი ხასიათისა, იგი ჩემთვის მაინც უფრო იმ მუხტთან ასოცირდება, რომელიც სიმღერის ბოლო ნაწილში გვესმის.
„But still I'm coming home to you
To you, to you, to you”.
LCD Soundsystem-ის გულშემატკივრებისათვის ამ სიმღერას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: ეს იყო პირველი სიმღერა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, რომლითაც მსმენელებს ფაქტობრივად ამცნეს გაერთიანების შესახებ.
ამ სიმღერის ორიგინალური ვერსია, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დღემდე რჩება ყველაზე საახალწლო სიმღერად. ვთვლი, რომ მსგავსი სიმღერების ქავერის ჩაწერა არის ურთულესი საქმე, რომელსაც Future Islands-მა ბრწყინვალედ გაართვა თავი.
Hatsvali
Ryuichi Sakamoto-ს Merry Christmas, Mr. Lawrence ჩემთვის გამორჩეული ფილმის საყვარელი საუნდტრეკია. Kiki Gyan-ის 24 Hours in a Disco ასევე ერთ-ერთი დიდი ხნის გამორჩეული დისკო ტრეკია, რომელიც საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, ალბათ, საუკეთესოა. ბოლო ერთი წელია, რაც Simplicity-ს For the Love of You აღმოვაჩინე, რომელსაც ძალიან ხშირად ვუსმენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის წინასაახალწლო ხასიათი აქვს.
ფოტო: 1. მასუ მწარიაშვილი 2. Iheart. ცა
დაწერე კომენტარი