გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახისა და საკულტო ფიგურის - ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ფილმის რეჟისორი ლუკა გუადადინოა, მთავარ როლს კი ამერიკელი მსახიობი რუნი მარა შეასრულებს, რომელიც ჟურნალ Variety-ს მიხედვით, ამავდროულად, ფილმის პროდიუსერიც იქნება. რაც შეეხება სცენარის ნაწილს, მასზე The Giver-ის თანასცენარისტი - მაიკლ მიტნიკი იმუშავებს.
Breakfast at Tiffany’s, Roman Holiday, My Fair Lady, The Nun's Story და Sabrina იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მნახველები ოდრი ჰეპბერნის შესრულების მანერით დღესაც კი იხიბლებიან. აღსანიშნავია, რომ მსახიობის 40-წლიანი კარიერის განმავლობაში მან EGOT-ის სტატუსს მოპოვებაც შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰეპბერნი ემის, გრემის, ოსკარისა და ტონის დაჯილდოებათა გამარჯვებული გახდა. სამსახიობო კარიერასთან ერთად იგი აქტიურად იყო ჩართული UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კამპანიებში, რომლის ფარგლებში ჰეპბერნი აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარებოდა, რისთვისაც 1992 წელს საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა.
ამერიკელი მსახიობი რუნი მარა 36 წლისაა, რაც დაახლოებით ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების იმ პერიოდს უახლოვდება, როცა იგი ფილმში - “ჩემი მშვენიერი ლედი” თამაშობდა. თუმცა ვინაიდან ჰეპბერნის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამ ეტაპზე იმის დადგენაც რთულდება, თუ ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების რომელ კონკრეტულ მონაკვეთს განასახიერებს მარა.
შეგახსენებთ, რომ რუნი მარა ფილმებისათვის - “გოგონა დრაკონის ტატუთი” (2011) და “ქეროლი” (2015) ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული. იგი გილიერმო დელ ტოროს 2021 წელს გამოსულ ფილმში - Nightmare Alley-ში ბრედლი კუპერთან, ქეით ბლანშეტთან, ტონი კოლიტთან და უილიამ დეფოსთან ერთად მონაწილეობდა.
დაწერე კომენტარი