“ექსცენტრიკული მუსიკალური ლეგენდა” - ასე ვახასიათებთ ინგლისელ მუსიკოსს დევიდ ბოუის. თავისი მოღვაწეობის მანძილზე ბოუიმ არაერთი სასცენო სახე შექმნა: პანკი ზიგი სტარდასტი, თეთრი ჰერცოგი და ადამიანი, რომელიც გალაქტიკიდან დედამიწაზე ჩამოვარდა. დაუვიწყარი მუსიკალური კარიერის შექმნის გარდა, როკ-მუსიკის ლეგენდამ კინემატოგრაფიაშიც ნათელი კვალი დატოვა. Hammock Magazine მის ყველაზე დასამახსოვრებელ კინოროლებს წარმოგიდგენთ.
The Man Who Fell The Earth (1976)
The Man Who Fell The Earth - ეს იყო დევიდ ბოუის პირველი გამოჩენა კინოში. Ბრიტანელი რეჟისორის, ნიკოლა როგის Სამეცნიერო ფანტასტიკა უცხოპლანეტელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დედამიწას მშობლიური პლანეტის გადასარჩენად ესტუმრა და მალევე მიწიერი ცხოვრების წესი შეიყვარა. ფილმში მუსიკოსი პერსონაჟის ადამიანური და "კოსმოსური" თვისებების შერწყმას არაჩვეულებრივად ახერხებს, რაც ფაქტობრივად მას დრამატულ მსახიობად აყალიბებს.
Christiane F. (1981)
ული ედელის ფილმში - Christiane F. მთავარი პერსონაჟი კრისტიან ფელშერინოვი, ისევე როგორც 80-იანი წლების სხვა მოზარდები, დევიდ ბოუის თაყვანისმცემელია. მისი მუსიკა ერთგვარი ხსნაა უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის და სცენა, რომელშიც კრისტიანი ვარსკვლავს სცენაზე ხედავს, ამას საუკეთესოდ აღწერა. ბოუი “Station to Station”-ს ცოცხლად ასრულებს და თუმცა კლუბი სავსეა ხალხით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუსიკოსი მხოლოდ 13 წლის ქრისტიანისთვის მღერის და მუსიკით პირად კავშირს ამყარებს მასთან.
The Hunger (1983)
ტონი სკოტის სარეჟისორო დებიუტმა - The Hunger ეკრანზე შთამბეჭდავი სამსახიობო სამეული შეკრიბა - კატრინ დენევი, სიუზან სარანდონი და დევიდ ბოუი. თეთრი ჰერცოგი იდეალურად მოერგო ვამპირის როლს. ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსი იხსენებს, რომ ფილმისთვის ხმის ტემბრის შესაცვლელად ყოველ ღამე ვაშინგტონის ხიდზე პანკ-სიმღერებს მღეროდა.
Merry Christmas, Mr. Lawrence (1983)
ამომავალი მზის ქვეყნისადმი ინტერესმა ბოუი ფილმის - “Merry Christmas, Mr. Lawrence”-ის გადასაღებ მოედანზე მიიყვანა. Ბოუის პერსონაჟი იაპონელ ოფიცერს უპირისპირდება, რომლის როლსაც კიდევ ერთი გამოჩენილი მუსიკოსი რიუიჩი საკამოტო თამაშობს. ოშიმას ფილმმა ოქროს პალმის რტო მოიპოვა, ხოლო დევიდ ბოუი ჩვენთვის დღემდე “მაიორ სელერსს” განასახიერებს.
Absolute Beginners (1986)
ფილმში - Absolute Beginners დევიდ ბოუი მაცდურ სარეკლამო აგენტად მოგვევლინა, რომელიც კორპორაციული სამყაროსადმი დითირამბების მიძღვნითაა დაკავებული.ბოუიმ ფილმს მუსიკალური ვიდეო Dancing In The Street მიუძღვნა, რომელშიც მიკ ჯაგერთან ერთად ცეკვავს.
Labyrinth (1986)
Ბოუი უარს არასდროს ამბობდა საკუთარ გარეგნობაზე თამამი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა. ეს კი ფანტასტიკური ფილმის - “Labyrinth”-ის შემქმნელებმა ოსტატურად გამოიყენეს. ფილმში მუსიკოსი გობლინების მეფის, ჯარეტის როლში ბრწყინავს და მთავარ გმირზე, სარაზეა შეყვარებული, Ხოლო დევიდის ლეგენდარული ვარცხნილობა The Contentenders-მა კინემატოგრაფიის საუკეთესო ვარცხნილობად აღიარა.
The Last Temptation of Christ (1988)
The Last Temptation of Christ მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთი გენიალური ნამუშევარია. მაცხოვრის ორბუნებოვნების კვლევამ რეჟისორისადმი რელიგიური ორგანიზაციების რისხვა გამოიწვია. ბოუის მიერ განსახიერებული პილატე პონტოელის პერსონაჟი საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპული სახისაგან განსხვავდება - ეს არის რეალისტური ბიუროკრატი, რომელიც იესო ქრისტეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.
Twin Peaks: Fire Walk with Me (1992)
Twin Peaks: Fire Walk with Me - პრექუელი, რომელიც დევიდ ლინჩის დიდებული სერიალის სიუჟეტურ სვლებს ხსნის. დევიდ ბოუი აგენტ ჯეფრის როლშია და ჯერ კიდევ დეილ კუპერამდე იკვლევს ტვინ პიქსში მომხდარ იდუმალ მოვლენებს.
Basquiat (1996)
1971 წელს ბოუიმ ალბომში - Hunky Dory ენდი უორჰოლზე იმღერა, ხოლო 1996 წელს მისი როლი ჯულიან შნაბელის ბიოგრაფიულ ფილმში, Basquiat-ში შეასრულა. დევიდ ბოუი 80-იანი წლების ნიუ-იორკში ბოჰემური ცხოვრების ფონზე პოპ-არტის მეფის თვითგანადგურების ისტორიას გვაჩვენებს.
The Prestige (2006)
კრისტოფერ ნოლანის დრამაში - The Prestige მუსიკოსი თამაშობს "კაცს, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა" - ნიკოლა ტესლას. ბოუის პატარა როლი გადამწყვეტია ამბის თხრობისას.
ფოტო: 1. Mubi 2. The Vinyl Factory 3. IU Blogs 4. Rattweak.Medium 5.Meaningless Insights 6. Moviestore/Shutterstock 7. Imdb 8. New Line Cinema/Photofest 9. Another Mag 10. Indie Wire
დაწერე კომენტარი