ედუარდ ჰოპერის ნამუშევრებზე საუბარი მხოლოდ ერთი წინადადებით რომ შეიძლებოდეს, ალბათ ვიტყოდი, რომ ეს ის ტილოებია, სადაც ნებისმიერ წამს შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მის მიერ შერჩეულ წამში არაფერი ხდება, იმიტომ რომ ქალაქის ფანჯრებიდან მომზირალი ადამიანებით დაწყებული, მათ გარშემო სივრცით დამთავრებული, ყველაფერი მარტოობისა და სიცარიელისთვის არის განწირული. ამ ორმა სიტყვამ დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, მთელი ჩვენი ცხოვრებაც დაიკავა. ამიტომ, როცა მარტო ყოფნას ან ცარიელ ქალაქს ახსენებენ, ჩემს წარმოსახვაში პირველი ჰოპერის Nigthhawks ჩნდება, შემდეგ კი ყველა ის ნამუშევარი, რომელიც სასტუმროებში, ავტომაგისტრალებზე, ქუჩებში თუ კაფეებში მყოფ მარტოსულ, უიმედო და სასოწარკვეთილ ადამიანებს ასახავს.
ამბობდა, რომ ამერიკული მხატვრობა მისთვის ამერიკის კარიკატურულ სახეს წარმოადგენდა, "მე მინდა ყველაფერი ჩემით შევქმნა..."
მასთან კი ეს "ყველაფერი" იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ომის პერიოდის ან ომის შემდგომი ამერიკული ურბანული ესთეტიკის მანიფესტაცია. ამას, როგორც თავად აღწერდა, ადამიანის პერსონალური, შინაგანი გამოცდილებაც ერთვოდა, რამაც საბოლოოდ ჰოპერის უნიკალური კინემატოგრაფიული სტილი შექმნა. იქ, სადაც ადამიანი გარემოზე დამკვირვებლის პერსპექტივიდან განიხილება, მთელი დრამატიზმი კი სინათლით, შუქჩრდილებით, მკვეთრი ფერებით, ძალიან ცხადი დეტალებითა და ჰოპერისთვის დამახასიათებელი დიაგონალური ხაზებით მიიღწევა.
როგორც ხელოვნების ისტორიკოსი დებორა ლაიონსი ამბობს, სწორედ ეს ფორმები, მკვეთრი დეტალები და შემთხვევითობის შესაძლებლობაა ის, რაც ჰოპერის ნამუშევრებს თანამედროვე და პროგრესულ ხასიათს სძენს, მეორე მხრივ კი, ერთდროულად ფაქიზ და მშფოთვარე ენერგიასთან კომბინირებული ჭარბი ნარატივი ჰოპერის შემოქმედებას შუასაუკუნეებთან აახლოვებს.
შეიძლება ჰოპერის ნამუშევრებს მართლაც ბევრი საერთო ჰქონდეს თანამედროვე ან შუასაუკუნეების ხელოვნებასთან, თუმცა მგონია, რომ მისი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი მხოლოდ ერთი ან ორი კონკრეტული ეპოქის საზღვრებში არ ჯდება, რადგან საკუთარ თავში მარტოობის და სასოწარკვეთის იმ იდეას ატარებს, რომელიც ყველა დროის ყველა ადამიანისთვის საერთოა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავად ედუარდ მანეს, ედგარ დეგას და რებრანდტის ნამუშევრებით შთაგონებული ჰოპერი საკუთარი ნახატებით უახლოეს წარსულშიც და დღესაც პოპკულტურის ისეთი წარმომადგენლების შთაგონება ყოფილა, როგორებიც მარკ როთკო, ალფრედ ჰიჩკოკი ან ტომ ვეითსი არიან.
ცნობილია, რომ ჰოპერის House By the Railroad ალფრედ ჰიჩკოკმა მის მიერ 1960 წელს გადაღებულ Psycho-ში სასტუმროს სახით გააცოცხლა, მაშინ როცა Traces of Night window იმ ფანჯარად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელშიც Rear Window-ს მთავარი გმირი, ფოტოგრაფი ჯეფრი "გარე სამყაროს" აკვირდება. Nighthawks კი, რომელიც დღეს ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ამერიკის ან თუნდაც მთელი დანარჩენი სამყაროს ურბანულ მარტოობას, 1975 წელს ტომ ვეითსის ლაივ ალბომის, Nighthawks at the Diner-ის შთაგონების წყარო იყო.
ედუარდ ჰოპერმა ნამდვილად მოახერხა და საკუთარ ნამუშევრებში, როგორც თავად ამბობდა, არა ამერიკის კარიკატურული სახე, არამედ ამერიკული ურბანული კონტექსტის ფორმით ზოგადსაკაცობრიო, ყველასთვის საერთო მარტოობის ბუნება გვიჩვენა, იმდენად საერთო, რომ მგონი, პირიქით, დღეს ჩვენ და მთელი ჩვენი გარემო იქცა ჰოპერის Nighthawk-ის 3D კარიკატურად. ოღონდ მგონია, რომ მისი ადამიანებისგან მთლიანად დაცლა ცოტა ზედმეტი და ჯერ კიდევ ადრეა, ჰოპერის Nighthawk-ში ქუჩა ისედაც ცარიელი, ადამიანები კი ერთმანეთისგან ისედაც საკმაოდ "დისტანცირებულნი" არიან.
დაწერე კომენტარი