რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Variety-მ დაადასტურა, რომ ესპანელი რეჟისორის - პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარ როლს ქეით ბლანშეტი შეასრულებს, რომლის სათაური A Manual for Cleaning Women იქნება. ალმოდოვარის ფილმის სიუჟეტი ამერიკელი მწერლის, ლუსია ბერლინის ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებულს ეფუძნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის მოთხოვნად სამსახურებში მომუშავე ქალების 43 ამბავს აერთიანებს. ჯერჯერობით პროექტი განვითარების საწყის ფაზაშია და დანამდვილებით არაა ცნობილი, თუ რა ფორმით მოხერხდება კრებულის კინოადაპტაცია.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი პროექტის პრემიერა 2020 წელს შედგა. ეს იყო 30-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი The Human Voice, სადაც მთავარი როლი ტილდა სვინტონმა შეასრულა და BALENCIAGA-ს გაზაფხული/ზაფხულის 2020 წლის კოლექციის გრაციოზული წითელი კაბით მაყურებლებს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა.
რაც შეეხება ქეით ბლანშეტთან თანამშრომლობის დეტალებსა და ზოგადად, პროექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ეს ყველაფერი ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
ფოტო: W magazine
დაწერე კომენტარი