არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო კომპანია R 312 Architects-მა, რომლის ოფისები თბილისსა და მილანში მდებარეობს, ARKxSITE-ის კონკურსის Site Mirador-ის ფარგლებში ახალი არქიტექტურული პროექტის ნიმუში, სახელწოდებით - “პროცესი” წარადგინა.
პროექტის ავტორები ქართველი არქიტექტორები - გიორგი ზაუტაშვილი და გვანცა ცქიფურიშვილი არიან. მათ “პროცესის” კონცეფცია პორტუგალიის ერთი-ერთი რეგიონის, ალგარვეს ადგილს მოარგეს, რომელიც ზავაილის ბატარეის სახელითაა ცნობილი. ზავაილის ბატარეა და ბარაკები კლდის პირას, ყოფილი ციხესიმაგრის სიახლოვეს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა და კომპლექსი 1840 წლიდან მიტოვებულია. გარშემო არსებული ბუნებისა და ოკეანის გათვალისწინებით, ბატარეის შენობის ნარჩენები დღეს ერთიან ეროზირებულ სტრუქტურას წარმოადგენს და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად ითვლება.
პროექტ “პროცესის” მთავარი ამოცანა სივრცის სტუმრებისათვის უნიკალური გამოცდილების შექმნას გულისხმობს, რის საფუძველზეც ისინი დროში, სივრცესა და მეხსიერებაში იმოგზაურებენ. არქიტექტურული პროექტის გათვალისწინებით, ნაგებობამ, პირველ რიგში, მნახველის აღქმის სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც მას კლდის წონის, ნაპრალების სიღრმის, ოკეანის ძალისა და ჰორიზონტის უსასრულობის შეგრძნებას განუვითარებს.
პროექტის კონცეფციის თანახმად, რომლის პრიორიტეტი პროცესია და არა მომენტი, ახალი სტრუქტურა ისტორიის გამეორებას ემსახურება და ერთმანეთთან ორი არსის შერწყმას მოიაზრებს. ერთი მხრივ, ეს არის ბუნებრივი, მუდმივად ცვალებადი ტოპოგრაფია, მეორე მხრივ კი ხელოვნური ნაგებობის გაჩენის პრეცედენტი - ეროზიის პროცესში გაყინული მონოლითი, რომელსაც დრო, მზე, ნესტი და ოკეანის მარილიანი წყალი დროთა განმავლობაში ბუნებრივად არსებული ტოპოგრაფიის ნაწილად აქცევს, ზავაილის ბატარეის ნარჩენების მსგავსად.
არქიტექტურული პროექტისათვის მნიშვნელოვანია გზა და არა დანიშნულების ადგილი. შენობა, რომელიც მასიური ჰექსაგონების სტრუქტურისგან შედგება, მნახველს ორ გზას სთავაზობს:
როგორც პროექტის თანაავტორი, გიორგი ზაუტაშვილი აცხადებს, პირველ გზას მივყავართ ქვაბულების მსგავს სტრუქტურაში, რომელიც გვიყვება ტერიტორიის ისტორიას, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ახალი შენობის ჩარჩოში მოქცეული ოკეანისა და ბატარეის ნარჩენების შერწყმა, ვიგრძნოთ ოკეანის ბრიზი და ახალი შენობის ქვაბულებში მისი სტვენა გავიგონოთ, მოვისმინოთ სტრუქტურაში არსებული ღიობებიდან ჩამოსული წვიმის წვეთების ხმა და დავტკბეთ მზის შუქისა და ჩრდილების მოძრაობით. სანამ არ მივალთ საბოლოო სივრცეში - გადახურულ რელიეფურ ტერასაზე, სამედიტაციო სივრცეში, სადაც შეგვიძლია დავსხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ახალი და ძველი ოკეანის ჰორიზონტს.
მეორე, ვიწრო, დახვეულ ბილიკს მივყავართ შენობის მეორე დონეზე, ბილიკი გარესამყაროსგან იზოლირებულია, მცირე ღიობებში ჩანს გარშემო ლანდშაფტი და ის გზა, რომლითაც აქ მოვედით. ბილიკი მაღლა ასვლისას ფართოვდება და საბოლოოდ იქცევა ფართო ტერასად. ტერასად, რომელიც მიგვიძღვება ჰორიზონტისკენ, უსასრულობისკენ.
დაწერე კომენტარი