ბრუკლინის მუზეუმი ფრანგი მოდის დიზაინერის - კრისტიან დიორის მოდის სახლის რეტროსპექტულ ექსპოზიციას მასპინძლობს, სახელწოდებით - კრისტიან დიორი: ოცნებების დიზაინერი. რამდენიმეთვიანი გამოფენა ნიუ-იორკში 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა და 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის კურატორი ფლორენს მიულერი მეთიუ იოკუბოსკისთან თანამშრომლობით დამთვალიერებლებს დიორის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს და მათ მოდის სახლის დაახლოებით 80-წლიან ისტორიას გააცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია დიორის 200-ზე მეტი მაღალი მოდის სამოსი, ამასთან ცნობილი მოდის ფოტოგრაფების, მათ შორის, რიჩარდ ავედონისა, ტაილერ მიჩელის, ლილიან ბასმანისა და ბერტ სტერნის ფოტოსურათები, ასევე ვიდეოარქივები, სკეჩები, აქსესუარები და ბრუკლინის მუზეუმის კოლექციაში დაცული ნიმუშები. გამოფენაზე ნაჩვენები მაღალი მოდის სამოსი ბევრ ლეგენდარულ ფრანგულ ლუქს მოიცავს, მათ შორისაა New Look, რომლის დებიუტი 1947 წელს შედგა.

 

ექსპოზიცია რამდენიმე სივრცეშია წარმოდგენილი, რომელთაგან პირველი მუზეუმის სტუმრებს კრისტიან დიორისა და ნიუ-იორკის კავშირებზე ესაუბრება და იმ პერიოდს ასახავს, როცა მოდის დიზაინერი ამერიკელი ქალებით იმდენად მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა საკუთარი ხედვა ამერიკელი ქალის ფემინურობაზე მოერგო. როგორც აღნიშნული სექციისათვის განკუთვნილ ტექსტში ვკითხულობთ, კრისტიან დიორიმ Christian Dior - New York “ჰეკშერ ბილდინგში” 1948 წელს გახსნა და ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ცნობილი მოდის დიზაინერი ამერიკის გარემომ იმდენად შთააგონა, რომ ერთხელ აღნიშნა კიდეც: “ნიუ-იორკში ყოფნისას თავს ნამდვილ ამერიკელ დიზაინერად ვგრძნობ ზუსტად ისე, როგორც პარიზში ფრანგ დიზაინერად”.

 

 

გამოფენის ერთ-ერთი სივრცე სპეციალურად დიორის იმ ცნობილ სამოსს ეთმობა, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ვარსკვლავმა მოირგო. მათ შორის, პრინცესა დაიანამ, ლედი გაგამ და ჟოსეფინ ბეიკერმა. ბრუკლინის მუზეუმში იმ კაბასაც ნახავთ, რომელიც ნიკოლ კიდმანს 1997 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა. მუზეუმის სტუმრებს ყურადღების მიღმა ის ელეგანტური შავი კაბაც არ დარჩებათ, რომელიც მერლინ მონროს 1962 წელს ემოსა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მოდის ფოტოგრაფმა ბერტ სტერნმა მონროს აღნიშნულ კაბაში გარდაცვალებამდე ექვსი კვირით ადრე პორტრეტების სერია გადაუღო, რომელიც ჟურნალ Vogue-ის მიერ დაკვეთილ მონროსადმი მიძღვნილ ფოტოწიგნში - The Last Sitting-შია შესული. ბრუკლინის მუზეუმში ამ ფოტოსესიის დროს გადაღებულ სურათს ცნობილ ამერიკელ მოდის ფოტოგრაფთა სექციაში შეხვდებით, სადაც ივ სენ ლორანის დიზაინის მიხედვით შექმნილი ის ერთ-ერთი პირველი კაბაცაა წარმოდგენილი, რომლის დიზაინზეც მან დიორთან ასისტენტობის პერიოდში იმუშავა. 1950-იანი წლების დიზაინის კაბა რიჩარდ ავედონის ფოტოსთან - Dovima with Elephants არის წარმოდგენილი, რომელშიც ლორენის ელეგანტური კაბა სპილოებით გარშემორტყმულ სივრცეში ამერიკელმა მოდის ფოტოგრაფმა ნამდვილად შთამბეჭდავად ასახა.

გამოფენის გრანდიოზულ სანახაობას კონცეფციასთან ერთად მისი დეკორაციული მხარეც განაპირობებს, რომელზეც ფრანგმა სცენოგრაფმა ნატალი ქრინიერმა იმუშავა. სივრცეში, სახელად The Enchanted Garden მაღლა აზიდულ სვეტებზეც კი მოციმციმე ზედაპირის ფონზე მოდის სახლის არაერთი ლუქია ნაჩვენები. სხვადასხვა ფერად მოელვარე განათებები, დიორის სამოსით შემკობილი მანეკენებისაგან წარმოქმნილი შუქჩრდილები, პროექციები და სივრცის სხვა დეკორაციული ელემენტები შოუს მაგიურ სანახაობად აქცევს.

 

სწორედ ამიტომაც, გამოფენაზე - კრისტიან დიორი: ოცნებების დიზაინერი - მისული დამთვალიერებელი მისტიკური მომენტების მომსწრე გახდება და თუ კურატორ ფლორენს მიულერის სიტყვებსაც დავესესხებით, მოდაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა მაგია.

ფოტო: 1. Vogue 2. harpersbazaar 3.graziamagazine 4.Brooklyn Museum