ალპებისკენ მიმავალი ვიწრო გზებიდან მშვენიერი სანახაობის მომსწრე ვხდებით - ყინულოვან მწვერვალებსა და დათოვლილ ტყეში ისტორიული სასტუმროებია ჩაფლული. "ზამთრის სამოთხედ" წოდებული ევროპის კურორტების პოპულარობა სწორედ ამ ლეგენდარული სასტუმროების დამსახურებაა. Ბევრი მათგანი, თუნდაც სახე შეცვლილი, დღესაც ინარჩუნებს მომხიბვლელობას და უამრავი სტუმრის ყურადღებას იპყრობს. Წარმოგიდგენთ იმ სასტუმროების ჩამონათვალს, რომლებიც შვეიცარიის, იტალიის, ავსტრიისა და საფრანგეთის ძვირადღირებული სათხილამურო კურორტების მთავარი გმირები არიან და შესაძლოა, ზამთრის დასვენების დაგეგმვისთვის შთაგონების წყაროდაც იქცეს.
Kulm Hotel St. Moritz
სანამ სენტ-მორიტცი შვეიცარიის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტი გახდებოდა, მანამდე ის ენგანდინის ხეობის პატარა ქალაქი იყო, რომელსაც დამსვენებლები საზაფხულო გართობისთვის სტუმრობდნენ. სწორედ ლეგენდარულმა სასტუმრო Kulm-მა აქცია სენტ-მორიტცი სამთო-სათხილამურო კურორტად და ცნობილი ვარსკვლავების თავშეყრის ადგილად. ისტორიული მნიშვნელობის სასტუმრო Kulm 1905 წელს აშენდა და მდიდრული არქიტექტურის, ელეგანტური ნომრებისა და გასართობი ზონების წყალობით დღესაც პოპულარულია.
Badrutt's Palace St. Moritz
შვეიცარიის ალპების ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - Badrutt’s Palace 1896 წლიდან, გახსნისთანავე, მდიდრული დასვენების სინონიმი გახდა. სხვადასხვა პერიოდში სასტუმრო ხშირად მასპინძლობდა ოდრი ჰეპბერნს, მარლენ დიტრიხს, ალფრედ ჰიჩკოკს, ჩარლი ჩაპლინს. "Belle Epoque"-სთვის დამახასიათებელი ფასადები დათოვლილი კოშკებით სასტუმროს ზღაპრების ილუსტრაციებში ნანახ ციხესიმაგრედ აქცევს. ინტერიერი ტრადიციული ავეჯით, მე-19 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებითა და ხის დეკორითაა მორთული.
Grand Hotel des Bains Kempinski St. Moritz
Grand Hotel Des Bains Kempinski - სენტ-მორიტცის კიდევ ერთი მდიდრული სასტუმრო. 1864 წელს აშენებული კომპლექსი, რომელიც უეს ანდერსონის "სასტუმრო ბუდაპეშტს" მოგვაგონებს, ევროპულ ფუფუნებასა და იდეალურ მომსახურებას აერთიანებს. ზღაპრული პეიზაჟები სასტუმროს ნომრის ფანჯრებს მიღმა, ულამაზესი ინტერიერი და რესტორან Ca d´Oro-ს საუცხოო სამზარეულო - აი რა ელოდება დამსვენებელს Grand Hotel des Bains Kempinski-ში სტუმრობისას.
Gstaad Palace, Gstaad
შვეიცარიის სათხილამურო კურორტ გშტადში ყინულოვანი ალპების ფონზე ზღაპრული სასტუმრო მდებარეობს, რომელსაც ერთ დროს მონაკოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები, მოდის დიზაინერები და კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები სტუმრობდნენ. Gstaad Palace - ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც ჭეშმარიტად "ზამთრის სამოთხეა" და დღესაც ამ სტატუსს ინარჩუნებს. უზარმაზარი ლობი, ბუხართან დადგმული ვინტაჟური სავარძლები, მარმარილოს კედლები - ყველაფერი სასტუმროს საინტერესო ისტორიების მოწმეა და აქ მოხვედრისას ვხვდებით, რომ ჩვენც ამ ისტორიების ნაწილი ვართ.
Hotel Adler, Ortisei
“დოლომიტების ციხესიმაგრედ” წოდებული Adler Hotel 1810 წელს “ვალ გარდენას” მცხოვრებმა - იოზეფ სანონერმა გახსნა. ერთი საუკუნის განმავლობაში სასტუმრო გერმანული და ავსტრიული ალპური კლუბის მოთხილამურეებს მასპინძლობდა. ელეგანტურმა ოთახებმა, ბაღმა და ბიბლიოთეკამ სასტუმრო მოდურ ადგილად აქცია. Adler Hotel-ს ახლა სანონერების მეშვიდე თაობა მართავს. დოლომიტების რეგიონის უდიდესი აუზისა და გამაჯანსაღებელი პროგრამების სიმრავლის წყალობით სასტუმრო დღესაც პოპულარულია.
Grand Hotel Zell am See, Zell am See-Kaprun
Grand Hotel Zell am See ზალცბურგის მთებსა და ზელის ტბას გადაჰყურებს. სასტუმრო 1876 წელს იოზეფ შეიგერმა გახსნა როგორც - Hotel Krone, ათი წლის შემდეგ კი კარლ ბოემ განახლებულ სასტუმროს ახალი სახელი მიანიჭა: Grand Hotel am See. დროთა განმავლობაში სასტუმროს პოპულარობა შთამბეჭდავი ხედებისა და საუცხოო არქიტექტურის წყალობით იზრდებოდა და ცნობილი მწერლების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსების ყურადღებასაც იქცევდა. ლეგენდარული კომპლექსი მსოფლიო ომებს და ბუნებრივ კატასტროფებს ბევრჯერ გადაურჩა და დღესაც აგრძელებს სტუმრების მიღებას.
Grandes Alpes Hotel, Courchevel
1948 წელს აშენებული Grandes Alpes იყო პირველი სასტუმრო, რომელმაც სათხილამურო კურორტი კურშეველი დაამშვენა და იდეალური ადგილმდებარეობის გამო მალევე მიიქცია ყურადღება. Სასტუმრო ზღაპრული ფრანგული კომუნის ცენტრში მდებარეობს და მას მოდერნისტული ელეგანტურობით ავსებს. Grandes Alpes, ცნობილი ფრანგი ინტერიერის დიზაინერის, ჟან-მარკ მუშეტის შედევრი, სავსეა ბუნებრივი ელემენტებით - ხის დეტალები, ქვის სკულპტურები და ბროლის ნათურები ყველა სივრცეს დახვეწილ იერს ანიჭებს.
ფოტო: 1. The Milliardaire 2. Tripadvisor 3. Elite Traveler 4. Gha Discovery 5. Gstaad Palace 6. Adler-Resorts 7. Gites 8. Grand Hotel-Zell am see 9. Oxford Ski
დაწერე კომენტარი