დიდი ხნით ადრე, სანამ რეჟისორ სოფია კოპოლას ფილმები - Lost in Translation და Marie Antoinette ეკრანებზე გამოჩნდებოდა, მისი Hi Octane იყო - მინისერიალი, რომელიც 1994 წელს ამერიკულ ტელეარხზე, Comedy Central-ზე გავიდა. ოთხი ეპიზოდისგან შემდგარ სატელევიზიო შოუზე სოფია კოპოლა თავის მეგობართან - ზოი კასავეტესთან ერთად მუშაობდა, რომელიც პოპულარული სერიალის - Emily In Paris-ის პირველი სეზონის ავტორია.
ხუთი წლით ადრე სარეჟისორო დებიუტამდე ფილმით The Virgin Suicide, კოპოლა Hi Octane-ის გადაღებით კინემატოგრაფიულ სამყაროს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მიუხედავად იმისა, რომ შოუ კლასიკის მოყვარულებმა “ჰოლივუდელი ბავშვების ნამუშევრად” შეაფასეს. სერიალში, რომელსაც თავისუფლად ვუწოდებთ 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ტელეშოუს, ყველაფერია, რაც “X თაობას” იმ დროისთვის იზიდავდა: სარკაზმი, მანქანები, მუსიკა, მოდის სამყარო და ცნობილი ვარსკვლავები.
„სერიალი ასახავს იმას, რაც მაშინ მიტაცებდა და რაზეც ხელი მიმიწვდებოდა“, - იხსენებს რეჟისორი Vogue-თან ინტერვიუში.
სოფიასა და ზოის მიერ ტელეშოუსთვის არჩეული სტუმრები სერიალში ინტერვიუერების როლში არიან და 90-იანი წლების როკ-მუსიკის ფონზე მარტინ სკორსეზეს, გას ვან სანტს ესაუბრებიან, კიანუ რივზთან და ნიკოლას კეიჯთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ. სტუმრებს შორისაა ფოტოგრაფი - შონ მორტენსენი, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფელდსა და ნაომი კემპბელს ეწვია. თარსტონ მურს, საკულტო მუსიკალური ჯგუფის - Sonic Youth-ის სოლისტს, სერიალში საკუთარი რუბრიკაც აქვს, სახელწოდებით - “Thurston’s Alley’’, რომელშიც ის ანა ვინტურთან ინტერვიუს უძღვება. ეპიზოდები ცინიზმით, იუმორითა და ენერგიითაა გაჯერებული, რაც ახალგაზრდა მაყურებელს განსაკუთრებით ხიბლავდა.
ზოი კასავეტესის თქმით, Hi Octane პირველი სატელევიზიო სერიალი იყო, რომელიც ციფრული ვიდეოკამერით გადაიღეს. დაბალბიუჯეტიან და ექსპერიმენტულ შოუს Lo-fi ვიზუალი, სწრაფი დინამიკა და მცირე ხარვეზები იმ პერიოდში შექმნილი სხვა სატელევიზიო შოუებისგან გამოარჩევს და 90-იანი წლების ესთეტიკას არაჩვეულებრივად განასახიერებს. Hi Octane-ს მიმზიდველობა მის ენერგიაშია, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს 90-იანი წლების შუაგულში აღმოჩნდეს და ამ ეპოქის მუხტი სრულად გაიზიაროს.
თანამედროვე, 90-იანი წლების ესთეტიკის მიმართ ნოსტალგიური განწყობით სავსე ეპოქაში, Hi Octane უნიკალური ნამუშევარია. სერიალის ოთხი ეპიზოდიდან სამი Youtube-ზეა ატვირთული.
ფოტო: Rose Hartman/Getty Images; Dazed Digital, W magazine
დაწერე კომენტარი