ტრადიციულად ლანდშაფტის არქიტექტურა სივრცის მწვანე დაგეგმარებასა და ესთეტიკურ გადაწყვეტას მოიცავს, იქნება ეს ბაღები თუ პარკები. თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემია რამდენად აქტიურად ცდილობენ არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები შენობასა და სტრუქტურის ინტერიერში ჩართონ  ის მწვანე გარემო, რომელიც ტრადიციულად მკვეთრ საზღვარს ავლებდა ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. ზოგადად, გახსნილობის, ინტერიერისა და ექსტერიერის გაერთიანების პირველი ნიშნები ლე კორბუზიეს ცნობილ 5 მთავარ დებულებაში გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ საცხოვრისს უნდა დაეკმაყოფილებინა:

1. გახსნილი პირველი სართული ბაღის მოსაწყობად;

2. ბრტყელი გადახურვა, რომელზეც  ასევე ბაღი უნდა მოწყობილიყო;

3. ლენტური ფანჯრები ფასადის მთელ გაყოლებაზე;

4. თავისუფალი გეგმარება, რომელიც არ არის დამოკიდებული მზიდ კედლებზე;

5. კონსოლურად წინ წამოწეული ფასადები, რომელთა ქვეშ მზიდი კოლონები მდებარეობს.

ამ დებულებაზე დაყრდნობით მალევე შეიქმნა "საერთაშორისო სტილი", რომლის ერთ-ერთი მიმდევარი ფილიპ ჯონსონი იყო.სწორედ ფილიპ ჯონსონის პირად საცხოვრებელ სახლში გამოჩნდა არქიტექტორის გულწრფელი სურვილი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო გარემოსთან, ნაცვლად ბეტონის კედლებით იზოლირებისა. მინის სახლი პირდაპირ "მიწაზე დევს", მისი სრული გამჭვირვალობა კი ნებისმიერ დამთვალიერებელს უკარგავს საზღვრის აღქმას და უქმნის ილუზიას, თითქოს ნაცვლად სახლში შესვლისა, კვლავ ბუნებაშია.

  დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა სურვილი, რომ შენობების  სივრცე  წამყვანი ელემენტი ყოფილიყო არქიტექტურულ ნაგებობებში. ამ ალტერნატიული მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებელი კი ფრენკ ლოიდ რაიტი გახლდათ. მისთვის აღარ იყო საინტერესო ფასადი და ცალკეული დეტალები. მისი აზრით, გარემოს თავად უნდა ეთქვა მთავარი სიტყვა. მისი ხედვა კი ნათლად გამოაჩინა თავისსავე დაპროექტებულ კაუფმანის სახლში, რომელსაც ახლა უკვე ისე მოიხსენიებენ - როგორც "სახლი ჩანჩქერზე". აღნიშნული ნაგებობა უპირობოდ მიიჩნევა არქიტექტურისა და ბუნების ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სინთეზად. იმის მიუხედავად, რომ კაუფმანის სახლში წყლის ელემენტი ინტერიერის ნაცვლად ჯერ კიდევ ექსტერიერთან არის შერწყმული, ბუნებასთან სინთეზის ამ პრეცედენტმა შეცვალა არქიტექტურული ხედვა და გააჩინა კითხვა, არსებობდა თუ არა რეალურად ზღვარი გარემოსა და ნაგებობას შორის, და რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებოდით უფრო თამამი და ლანდშაფტს უფლებას მივცემდით  ინტერიერში შემოსულიყო.

მე-20 საუკუნის მიწურულს ასპარეზს იპყრობს იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორი - ტადაო ანდო. მიუხედავად აკადემიური ცოდნის არქონისა, ანდო ყველას აოცებდა მისი გენიალურობით და ბევრის აზრით, იაპონიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტორია, რომელსაც ხშირად სიცარიელის დიდოსტატსაც უწოდებენ. ანდო გასცდა ლანდშაფტის ტრადიციულ გაგებას და სივრცეებს ავსებდა ისეთი ბუნებრივი ელემენტებით, როგორიცაა წყალი და მზის სინათლე. ამის საუცხოო მაგალითები კი მისი სინათლის ტაძარი და ნაოშიმას ხელოვნების მუზეუმია.

 

 

განვლილმა გზამ და არქიტექტორთა მიერ ბუნებასთან დაახლოების, მისი ინტერიერსა თუ არქიტექტურაში ჩართვის სურვილმა მთლიანად შეცვალა თანამედროვე არქიტექტურის გაგება და საფუძველი ჩაუყარა ისეთი ნაგებობების შექმნას, როგორიც არის მოშე საფდის აეროპორტი - Jewel Changi Airport, სადაც არქიტექტორმა ფაქტობრივად "ამოატრიალა" შენობა, და ინტერიერის ძირითადი ნაწილი სწორედ ლანდშაფტის ინტეგრირებას დაუთმო.

 

 

აღსანიშნავია, რომ გარემოსთან სინთეზის ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება და თითქმის წარმოუდგენელია შენობა ჩაითვალოს სრულყოფილად, თუ სიმწვანე თავად მასში არ არის გათვალისწინებული. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ილუსტრაცია მარიო კუჩინელას თიხით და 3D პრინტინგის მეთოდით იტალიაში შექმნილი  შენობებია, სადაც სახლები განმეორებად მოდულებად არის დაშლილი, თითოეულის ინტერიერის ცენტრალური ფიგურა კი იქ არსებული ხეებია. 

 

 

ინტეგრირებული ლანდშაფტის კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია ყავის მაღაზია “ვისტას” ინტერიერი, ამოტრიალებული მცენარეებით, რომლებიც ჭერიდან ეშვებიან ლითონის ცხაურიან ბადეებთან ერთად და სივრცის ხასიათს ქმნიან.

 

 

ასევე იაპონიაში შეიქმნა 2021 წელს UPI Shop-ის იკონური ინტერიერი, სადაც ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კი არის იმ კონტრასტის ხილვა, რომელსაც მაღაზია გვთავაზობს. შენობის ერთი მხარე წარმოადგენს ჩვეულებრივ საგამოფენო სივრცეს, სადაც მყიდველი ათვალიერებს ტანსაცმელსა თუ სხვადასხვა აქსესუარს, ხოლო სწორედ მის მოპირდაპირედ, კონტრასტულად, იმავე შენობაში ველური ლანდშაფტია წარმოდგენილი

 

 

 აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ქართულ არქიტექტურაშიც გვხვდება მწვანე სინთეზის არანაკლებ საინტერესო მაგალითები, მაგალითად,  ბათუმის "მაკდონალდსის შენობა" ან  "მეამას" ყავის ქარხანა, სადაც  ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტებია შემოტანილი, როგორიცაა მწვანე ტერასა, შთამბეჭდავი მწვანე გადახურვა და სიმწვანის  ინტერიერში განმეორების მაგალითები.

ფოტო: mchadfarley, DIVISARE, ranklloydwright, arquitecturaviva.com, redd, benedante, archdaily, dezeen, გიორგი მამასახლისი