იტალიურმა მოდის სახლმა Prada-მ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შემოდგომა/ზამთრის 2022 წლის კაცის ხაზის კოლექცია წარადგინა. შოუ 62 წლის კაილ მაკლაჰენმა გახსნა, რომელსაც მაყურებლები დევიდ ლინჩის სერიალიდან - Twin Peaks გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ დეილ კუპერის როლში იცნობენ, ასევე იგი თამაშობს ამავე რეჟისორის სხვა ცნობილ ფილმებში - Blue Velvet-სა და Dune-ში. აღსანიშნავია, რომ მაკლაჰენთან ერთად ჩვენებაში ჰოლივუდის სხვადასხვა თაობის ათი მსახიობი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ Queen’s Gambit-ის მსახიობი თომას ბროდი-სენგსტერი, ასევე ასა ბატერფილდი სატელევიზიო სერიალიდან Sex Education, ოსკარის მფლობელი ფილმის - Moonlight-ის მსახიობი ეშტონ სანდერსი და 69 წლის ამერიკელი მსახიობი ჯეფ გოლდბლუმი, რომელმაც Prada-ს ჩვენება დახურა.
Prada-ს კოლექციის ჩვენება Fondazione Prada-ში გაიმართა, რომლის მთავარი თემა სამსახურის უნიფორმას უკავშირდებოდა. როგორც მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა - მიუჩია პრადამ ინტერვიუში განაცხადა, შოუ მუშაობის იდეას ემსახურებოდა, რომელიც განსხვავებულ სფეროებსა და მნიშვნელობებს მოიცავს. თუ სპეციალურად შოუსათვის მოწყობილი სცენის დიზაინსაც გავითვალისწინებთ, რომლის პირველი ნაწილი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებისათვის დამახასიათებელ ერთგვარ მანათობელ პორტალს მოგვაგონებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იტალიურმა მოდის სახლმა ჩვენებაზე მომავლის სამუშაო უნიფორმებიც წარმოადგინა. შოუზე ნაჩვენები კოლექციის დეტალები სამსახურის ფორმის ისტორიულ ლუქს - შარვალ-კოსტიუმისა და ჰალსტუხის ტრადიციულ კომბინაციას ანაცვლებს. მართლაც, დღევანდელ რეალობაში თანდათან იკლებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც სამსახურში გამოცხადება ტრადიციული სამუშაო ფორმითაა აუცილებელი, რადგან ახალი თაობა პრიორიტეტს შედარებით თავისუფალი სტილის სამოსს ანიჭებს. დიზაინერ რაფ სიმონსის განცხადებით, შოუმ “ახალი ენერგია და რეალობა, ასევე თანამედროვე დამოკიდებულება” აჩვენა.
Prada-ს ყურადღების მიღმა ის პერსონალიც არ დარჩენილა, რომელთა პროფესია სპეციალური ფორმის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. მათ შორის არიან ექიმები და ლაბორატორიებში მომუშავე მეცნიერ-მკვლევრები, რომლებიც სამყარომ ლოქდაუნის პერიოდში გმირებად შერაცხა. ამიტომაც Prada-ს ახალ კოლექციაში მათი სამსახურის ფორმებით შთაგონებულ ლუქებსაც შეხვდებოდით.
Prada-სთვის ეს იყო მეორე შოუ, რომელიც მიუჩია პრადასა და რაფ სიმონსის თანამშრომლობით ფიზიკურ რეჟიმში განხორციელდა. ჩვენებას სოციალური დისტანციის დაცვით 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომლებიც ყვითელ პოდიუმზე მსახიობებისა და მოდელების ლუქებს არქიტექტორ რემ კულჰაასის კომპანიის, AMO-ს დიზაინით მოწყობილ სივრცეში ეცნობოდნენ.
ფოტო: Vogue
დაწერე კომენტარი