უკვე ერთი წელია, რაც ახალი ქართული ბრენდი Le Jaune მაღალი ხარისხის აბრეშუმის თავსაბურავებს აწარმოებს, რომლებიც ორიგინალური და მრავალფეროვანი დიზაინით გამოირჩევა. ბრენდი სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზეა მორგებული, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თავსაბურავებთან ერთად კერამიკის ნივთების დამზადებაც დაიწყო და ეტაპობრივად ახალ-ახალი პროდუქციის წარმოებასაც ისახავს მიზნად. მართალია, Le Jaune-ის დაარსებიდან არცთუ ისე დიდი დროა გასული, თუმცა ბრენდმა უკვე მრავალი მომხმარებლის დაინტერესება შეძლო. დამფუძნებლებმა, რომელთა ვინაობა აქამდე სრულიად უცნობი იყო, Le Jaune-ის სახით არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის გათვალისწინებული კონცეფციის ბრენდის შექმნაზეც იზრუნეს.

 

გთავაზობთ ინტერვიუს Le Jaune-ის დამფუძნებლებთან - მარიამ გაბრიჩიძესა და ანა ასათიანთან, რომლებიც ბრენდის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ თავიანთ ვინაობას პირველად Hammock Magazine-სა და მის მკითხველებს გაუმჟღავნებენ.

 

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბრენდის შექმნასა და მის შემდგომ განვითარებაზე ანონიმურად გეზრუნათ?


ანა ასათიანი: ანონიმურობის საბაბი ის გახდა, რომ არ გვსურდა ადამიანებს Le Jaune-ისადმი ინტერესი მხოლოდ დამფუძნებლების გამო გასჩენოდათ. Le Jaune დამოუკიდებელი ბრენდი უნდა ყოფილიყო, რომელიც ადამიანებს თავად შეაყვარებდა თავს. საჯაროდ გამოჩენამდე მინიმუმ ერთი წლის გასვლას მაინც ველოდებოდით და ამ პერიოდში ბრენდის განვითარების გზას ვაკვირდებოდით. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მეგობარი მეკითხებოდა ჩვენი ბრენდის შესახებ, რაზეც ყოველთვის დამაჯერებლად ვპასუხობდი, რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რაზე საუბრობდნენ. ჩვენი საიდუმლო მხოლოდ ოჯახის წევრებს გავანდეთ, რადგან კოლექციას სახლებში ვეღარ დავმალავდით. გამოდის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრენდის გამო არაერთი ტყუილის თქმა მოგვიხდა.

 

როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ საერთო ბრენდი დაგეარსებინათ?


მარიამ გაბრიჩიძე: განათლება ორივემ ბიზნესის მიმართულებით მივიღეთ და ყოველთვის გვსურდა მიღებული ცოდნა სასარგებლოდ გამოგვეყენებინა. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ქართული ბრენდი, რომლის მიზნები, ხედვები და განვითარების სტრატეგია ამავდროულად საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსაც მოერგებოდა. თავიდან, როდესაც ბრენდის კონცეფციაზე ვფიქრობდით, გონებაში არაერთი იდეა გვიტრიალებდა. პირველ ჯერზე კონცეპტუალური კაფეს გახსნაზე ვფიქრობდით, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ამ იდეის განხორციელება, ფაქტობრივად, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ირგვლივ ხომ ყველა დაწესებულება  იკეტებოდა და ამ დროს ჩვენი მხრიდან კაფეს გახსნა გაუმართლებელ რისკებს დაუკავშირდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ პირველ ჯერზე ქართულ ბაზარზე ისეთი პროდუქტი წარმოგვედგინა, რომელიც კონცეპტუალური კაფეს გახსნის შემთხვევაშიც სივრცის ფილოსოფიას მაქსიმალურად მოერგებოდა. ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დასაწყისისათვის აბრეშუმის თავსაბურავები გვეწარმოებინა, რომლებსაც დროთა განმავლობაში ჩვენი ბრენდის სხვადასხვა ნივთებიც შეემატებოდა.

 

Le Jaune ქართულად ყვითელს ნიშნავს. რატომ შეირჩა ბრენდისთვის ეს სახელი?

 

 

ანა ასათიანი: ყვითელი ერთადერთი ფერია, რომელიც ორივეს მოგვწონს. ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს, რაც  სულაც არ გვიშლის ხელს, პირიქით, ვთვლი, რომ მსგავსი განსხვავება ჩვენი სამუშაო პროცესის ნაყოფიერებას განაპირობებს. საერთო საყვარელ პროდუქტს ერთმანეთის იდეების შერწყმით  ვიღებთ. პროფესიებიც განსხვავებული გვაქვს - მე ფინანსისტი ვარ, მარიამი - მარკეტერი. 

 

რა გზას გადის თითოეული თავსაბურავი მფლობელამდე მისასვლელად?


მარიამ გაბრიჩიძე: თავსაბურავების დიზაინზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობთ. იდეები განსაკუთრებით პროცესის დროს გვებადება, ყოველი ახალი თავსაბურავის დიზაინს წინა თავსაბურავის დამზადების დროს მიღებული შთაბეჭდილებები განაპირობებს. ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებთ - მხოლოდ ფაქტი, რომ თავსაბურავების დიზაინი ძალიან მოგვწონს და მათ თავადაც სიამოვნებით მოვირგებდით, არ გვაკმაყოფილებს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, შეიძლება დიზაინის გადაკეთება ათჯერაც დაგვჭირდეს, რადგან მოტივირებულები ვართ მომხმარებელთა მოთხოვნილებებს მაქსიმალურად მოვერგოთ. ვცდილობთ, რომ კოლექციაზე მუშაობისას სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანზე ვიფიქროთ და დიზაინი ყველასათვის სასურველი გავხადოთ, თუმცა ამასთან იმასაც ვითვალისწინებთ, რომ შეუძლებელია შექმნა ისეთი სახის დიზაინი, რომელიც მომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას დააკმაყოფილებს. მგონია, რომ რაღაც მხრივ, მოვახერხეთ Le Jaune-ს შეექმნა ისეთი სახის კოლექცია, რომელსაც ხალხი მალევე აიტაცებდა. ბუნებრივია, ყოველი კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციის მომცემია ახალ-ახალი დიზაინის ნიმუშების შესაქმნელად. სხვათა შორის, ამ ეტაპზე უკმაყოფილება არცერთ ადამიანს არ გამოუხატავს, რაც ძალიან გვახარებს. ამ ზაფხულს თავსაბურავების ლიმიტირებული კოლექცია გამოვუშვით. გვქონდა ხუთი სახის დიზაინის 20-20 პროდუქტი, რომლებსაც ექსკლუზიური ბარათებიც მოჰყვებოდა. როდესაც მომხმარებელი თავსაბურავს შეიძენდა, თან იგებდა, რომ მაგალითად, იგი 20-დან მე-7 თავსაბურავის მფლობელი იყო, რამაც ძალიან კარგი გამოცდილება მოგვცა. უბრალოდ, პროდუქციის დამატება აღარ შეგვეძლო. გვინდა, რომ ბრენდმა მსგავსი სიახლეები მომავალშიც დანერგოს.

 

პირველ რიგში, რას ითვალისწინებთ პრინტებზე მუშაობის პროცესში?


ანა ასათიანი:  ვცდილობთ, რომ თავსაბურავები ნებისმიერი სტილის ჩაცმულობას მოერგოს. საბოლოოდ ისეთ დიზაინს ვიღებთ, რომელიც როგორც კლასიკურ, ასევე ყოველდღიურ ლუქსაც შეიძლება შეუხამო. თავსაბურავები ზომითაც დიდია, რაც მომხმარებლებს განსაკუთრებით იზიდავს. რაც შეეხება მათზე წარმოდგენილ გამოსახულებებს, ისინი მუშაობის პროცესში თავისთავად იბადება. შეიძლება წინასწარი იდეით გვსურდეს, რომ თავსაბურავზე ყვავილი გამოვსახოთ, რომლის საბოლოო ვარიანტი შეიძლება გამოვიდეს გოგონა, რომელსაც ხელში ყვავილი უჭირავს. გამოსახულების თავდაპირველი იდეა მუდმივად ტრანსფორმირდება და ჩვენც ბოლომდე ვენდობით პროცესს. ზოგადად, კოლექციის კონცეფციაზე ფიქრი 2-3 თვემდე გრძელდება, უშუალოდ პრინტებზე მუშაობის პროცესი კი 2-3 დღეს მოიცავს. ასევე ვცდილობთ მომხმარებლებს სეზონური ფერების თავსაბურავები შევთავაზოთ.

მარიამ გაბრჩიძე: მაგალითად, პირველი შარფი, რომელიც 2022 წლისთვის დამზადდა, პანტონეს მიერ დასახელებულ ფერში წარმოვადგინეთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტრენდებს არ ჩამოვრჩეთ, რადგან ვიცით, რომ ფერის ფსიქოლოგია ყოველთვის მუშაობს და გარემოება, რომლის მიხედვითაც ინსტაგრამისა თუ ფეისბუქის სქროლვისას წლის აქტუალურ ფერს ხშირად ვამჩნევთ, ძალაუნებურად ამ ფერის პროდუქციის შეძენისაკენ გვიბიძგებს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების სურვილების დაკმაყოფილებას ყოველთვის ვუწყობთ ხელს.

ვინ ზრუნავს უშუალოდ ბრენდის დიზაინზე

 

 

ანა ასათიანი:თავიდან დიზაინერის პოზიციაზე ვაკანსია გამოვაცხადეთ. ძალიან ბევრ პროფესიონალ დიზაინერს გავესაუბრეთ, თუმცა რატომღაც ჩვენს კრიტერიუმებთან მორგება ყველას გაუჭირდა. არცერთი დიზაინერი არ  გვთავაზობდა იმას, რაც ბრენდის კონცეფციას სრულყოფილად გამოხატავდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დამფუძნებლებთან ერთად დიზაინერების როლიც შეგვეთავსებინა და შეიძლება ითქვას, ჩვენში დამატებითი ნიჭი აღმოვაჩინეთ. Le Jaune-ის დაარსებამდე ხატვის გამოცდილება არცერთს არ გვქონია, დღეს კი ჩვენი დიზაინის შარფებს სხვები ატარებენ, რაც საოცარი გრძნობაა. რაც შეეხება ბიუჯეტს, რომელიც დიზაინერისთვის გვქონდა გამოყოფილი, ბოლომდე კოლექციის ხარისხის გაუმჯობესებას ხმარდება. მომხმარებელთა მხრიდან ერთ-ერთი პირველი დადებითი უკუკავშირიც ისაა, რომ ბრენდი მაღალი ხარისხის პროდუქტით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე ვიყენებთ, რათა ბაზარზე ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტი წარმოვადგინოთ.

 

როგორია ქალი, რომელიც თქვენი ბრენდის თავსაბურავს ატარებს?


ანა ასათიანი: Le Jaune-ის თავსაბურავის მფლობელი ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს გემოვნებით ჩაცმა. 

 

კოლექციაზე მუშაობის პროცესში იღებთ შთაგონებას კონკრეტული ბრენდებისაგან?


ანა ასათიანი: ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი კოლექცია რომელიმე ბრენდს მოგვაგონებდეს. როცა ვხატავთ, თავსაბურავზე იმ შემოქმედებითი პროცესის შედეგი გადაგვაქვს, რაც მხოლოდ ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. 

 

მარიამ გაბრიჩიძე: მართლაც, გვიჭირს ჩვენი კოლექცია რომელიმე ბრენდს შევადაროთ. მითუმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეს მოდის ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ და ყოველდღიურად უამრავ  ბრენდს ვეცნობი,  Le Jaune-ს ვერც ერთ ბრენდთან ვერ ვაიგივებ. კონცეფციაც განსხვავებული გვაქვს, უკვე შევცვალეთ პოზიციონირება და მხოლოდ თავსაბურავებს აღარ ვაწარმოებთ. 

 

ბრენდის ინსტაგრამის ბოლო პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, Le Jaune-ს კერამიკის ნიმუშებიც დაემატა…


ანა ასათიანი: ვინაიდან ზამთარია და ჩვენი შარფები უფრო თბილ სეზონს შეეფერება, გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე ახალი - კერამიკის პროდუქტები დაგვემატებინა. მათი შეძენა ჩვენს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

 

მარიამ გაბრიჩიძე: …აბრეშუმის თავსაბურავებზე მუშაობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროდუქტი ორივეს გვიყვარდა. ბრენდის დაარსებამდე თავადაც ძალიან ბევრი თავსაბურავი მქონდა, მაგრამ არასოდეს მასვენებდა უკმაყოფილების განცდა, რადგან ჩემს გემოვნებაზე მორგებული თავსაბურავის აღმოჩენა პრობლემური იყო. კერამიკის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა - ორივეს გამორჩეულად გვიზიდავს და გვსურს ისეთი სახის კერამიკული დიზაინი შევქმნათ, რომელიც ორივე ჩვენგანის ხედვას ასახავს. კერამიკაზე მუშაობისას ისეთი ფერების კომბინაცია გამოვიყენეთ, ნებისმიერი სტილის ინტერიერს რომ მოხდომოდა. ვფიქრობთ, მომხმარებლებს  ჩვენი კერამიკაც ისევე შეუყვარდებათ, როგორც  აბრეშუმის თავსაბურავები.

 

კერამიკაზეც თავად მუშაობთ?

 

 

ანა ასათიანი: ჩვენ კერამიკის დიზაინზე ვმუშაობთ, დამზადებას კი შესაბამის კომპანიას ვუკვეთავთ. 

 

სად არის შესაძლებელი Le Jaune-ის კოლექციის შეძენა?

 

მარიამ გაბრიჩიძე: ამ ეტაპზე ჩვენი შარფების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ - shopshop.ge-ზე, ასევე მსურველებს შეუძლიათ ბრენდის ინსტაგრამის გვერდზეც მოგვწერონ. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და  სავარაუდოდ, ჩვენი კოლექციის შეძენა მალე ფიზიკურ სივრცეებშიც იქნება შესაძლებელი. ბრენდი უკვე ბევრმა გაიცნო და ფიზიკურ სივრცესაც მომხმარებლები ითხოვენ.

 

21 იანვარს ბრენდი ერთი წლის ხდება. როგორ შეაჯამებდით განვლილ პერიოდს?

 

ანა ასათიანი: ძალიან კმაყოფილები ვართ, არ ველოდით, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. სამომავლოდ გვსურს, რომ ჩვენი პროდუქტი საზღვარგარეთ გავიტანოთ და Le Jaune სხვა ქვეყნის მოქალაქეებმაც გაიცნონ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი კონცეპტუალური კაფეც მალე გაიხსნება, სადაც მსურველები ბრენდის ნივთების შეძენასთან ერთად ჩვენი საფირმო ყავის დაგემოვნებასაც შეძლებენ. დანარჩენ დეტალებს კი ისევ საიდუმლოდ დავტოვებთ.

 

ფოტო : სოფო პაპიაშვილი ,ზურიჩა