„თანამედროვე კერამიკის გალერეა ჯიბუ-ტასო“ თბილისის პირველი დამოუკიდებელი საგამოფენო სივრცეა, რომლის მუშაობის სპეციფიკა კერამიკოსების ნამუშევრების წარდგენასა და მათ მხარდაჭერას ემსახურება. გალერეა ოფიციალურად იანვრის ბოლოს გაიხსნება და რეზიდენტ ხელოვანთან თანამშრომლობის დასკვნით გამოფენას უმასპინძლებს. ამასთან გალერეა იმუშავებს არა მხოლოდ გამოფენების მიმართულებით, არამედ აქტიურად იქნება ჩართული დარგის კვლევისა და განვითარების კუთხითაც, რომლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ლექცია, მასტერკლასი და სამუშაო შეხვედრა.

 

გალერეის დამფუძნებლები არიან კერამიკოსები - ირინა ჯიბუტი და ტასო გომელაური, რომლებმაც 6 წლის წინ თბილისში კერამიკული სტუდია - “კერამიკსტუდია 1300” დააარსეს. სტუდია აქტიურად მუშაობს ინტერიერის დიზაინერულ ნივთებზე, ასევე ინტენსიურად ატარებს სხვადასხვა სახის პროექტებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თანამედროვე კერამიკის გალერეის თანადამფუძნებლის - ირინა ჯიბუტის განცხადებით, ახალი სახელოვნებო სივრცის გახსნის მოთხოვნილება სწორედ სტუდიის მზარდმა განვითარებამ განაპირობა. “გალერეის გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაგვიჩნდა და დიდხანს ვამუშავებდით სწორ კონცეფციას. ვფიქრობთ, რომ დღეს თბილისში კერამიკა თანდათან ტენდენციური ხდება და ამ სფეროთი უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ამასთან არაერთი საინტერესო სახელოსნო და სტუდია იხსნება. ვფიქრობთ, რომ ახალ პროექტზე მუშაობის დაწყების საფუძველი უკვე არსებობს და გალერეის გასახსნელად სწორი მომენტი შევარჩიეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გალერეა და მისი მომავალი პროექტები კერამიკოსებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს და დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს”, - ამბობს ირინა ჯიბუტი Hammock Magazine-თან საუბრისას.

 

“თანამედროვე კერამიკის გალერეა ჯიბუ-ტასო” პირველად ელენე ფოცხიშვილის პერსონალურ გამოფენას გამართავს, სახელწოდებით “შენში”.

 

ფოტო: თორნიკე შენგელია სტარტაპერისთვის