14 იანვარს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი სცენოგრაფის - სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება. გამოფენის კურატორია ელენე აბაშიძე, თანაკურატორი - ლანა ქარაია. გამოფენაზე წარმოდგენილია სოლიკო ვირსალაძის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში დაცული საარქივო მასალები, ასევე კოსტიუმები ხელოვნების სასახლიდან, კულტურის ისტორიის მუზეუმიდან და ქართული ნაციონალური ბალეტიდან - „სუხიშვილები“.
“სოლიკო ვირსალაძემ შექმნა საკუთარი ხელწერა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა". პროფესიონალ მხატვარს, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიის, მუსიკის ღრმა მცოდნეს, შეეძლო მუსიკალური განწყობის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენის შექმნა სცენოგრაფიაში. სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.
“გამოფენაზე ძირითადად წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა მოსკოვის დიდი თეატრისთვის და სუხიშვილებისთვის”, - ამბობს გამოფენის კურატორი ელენე აბაშიძე Hammock Magazine-თან საუბრისას. “ექსპოზიციაზე გოგი-ალექსი მესხიშვილმა იმუშავა, ავეჯი რატი ერაძემ დაამზადა. ეროვნულ გალერეაში მსგავსი მასშტაბის გამოფენა მხოლოდ ერთხელ, 1999 წელს, სოლიკო ვირსალაძის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მოეწყო. დღეს ხელოვანის რეტროსპექტული გამოფენა მეორედ, სხვა აქცენტებით ტარდება.”
გამოფენის სანახავად ეწვიეთ: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.
გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სოლიკო ვირსალაძის ფონდი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
გამოფენის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი.
ფოტო: Bank of georgia
დაწერე კომენტარი