21 იანვარს CROSTY CONCEPT STORE საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი, მოქანდაკის, ერეკლე წულაძის პერსონალურ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტისტის სამი ნამუშევარი, რომელიც იზიარებს CROSTY-ის იდეას თავისუფლებისა და დროის სვლის გარდაუვალობის შესახებ. მომავალში CROSTY ინიციატივის ფარგლებში, ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში, ასევე დამწყებ და უკვე კარგად ცნობილ არტისტებს დაუთმოს საგამოფენო სივრცე, არაერთ პროექტს განახორციელებს.
გამოფენა გაიხსნება 21 იანვარს 20:00სთ-ზე.
ერეკლე წულაძე უკვე ათ წელზე მეტია თანამედროვე ფორმებითა და მასალებით მუშაობს. შესრულებული აქვს აბსტრაქტული ნამუშევრების მთელი სერია, რომელიც უჟანგავი ფოლადის, ანუდირებული მეტალის, ბროლის, ხელოვნური ქვის და სხვა თანამედროვე მასალისგან მზადდება.
2019 წლის ნოემბერში “ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში” მოეწყო ერეკლე წულაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - ”ერეკლექტიკა”, სადაც შექმნილი 50-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი გახლდათ წარმოდგენილი. ერეკლე წულაძის ნამუშევრებს ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ისინი როგორც კერძო გალერეებსა და კოლექციებს, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერს ამშვენებს.
არტისტის შემოქმედება სრულად მოიცავს ეგზისტენციალურ არსს. ის ერთგვარი მედიუმია ადამიანურ ცნობიერსა და ირაციონალურ აზროვნებას შორის. ადამიანს აფიქრებს შემოქმედების რეალურობასა თუ მირაჟზე, რომელიც შესაძლოა ხელშესახებიც გახდეს სწორედ ისე, როგორც ამას თავად ავტორი აღიქვამს. ენერგეტიკას, კონცეპტუალურ ანალიზს რომელიც აბსტრაქტულია, დემატერიალიზებულია - არტისტი ფორმას აძლევს. ამ გამოფენის შინაარსიც ისეთივე თავისუფალია, როგორიც მნახველთა წარმოდგენები ნანახის შესახებ. ნამუშევრები არ აძლევს ადამიანს ჩაკეტილი აზროვნების უფლებას. მას არ აქვს საზღვრები.
რა არის კავშირი ქროსთის იდეასა და ამ ნამუშევრებს შორის? ის რაც თავის თავში აერთიანებს დროის თავისუფლებას, მოგზაურობას მასში და გაცნობას იმ სურეალური უსასრულო თავისუფლების, რომელსაც უცბად ჩვენი ბუნების საწყისებამდე მივყავართ. არც თუ ისე შორი წარსული მატერიალიზებული გვხვდება ყურძნის მტევნის სახით გამოფენაზე, ისეთ განუსაზღვრელ ნამუშევრებთან, როგორიც დროის მანქანა ან/და “უსასრულობის” ქანდაკებაა. ეს არის სწორედ ის თავისუფალი გამომსახველობა, რომელსაც შეუძლია სამივე ნამუშევრის ჰარმონიული თანაარსებობა ერთ სივრცეში. სწორედ ამ სამი იდეის: დროს - “დროის მანქანა”, ქართული საწყისების - “შენ ხარ ვენახი” და უსასრულობის - “უსასრულობა” რომელიც თავისუფლების განსაზღვებასაც უსასრულოს ხდის, არის ის რის გამოც შეიქმნა ეს პროექტი.
დაწერე კომენტარი