ქართული მულტიდისციპლინარული სტუდიების - ADDRESS-ისა და ALTERTOPOS-ის კოლაბორაციით შექმნილმა პროექტმა საერთაშორისო გუნდის - Terraviva Competitions-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ-ურბანულ კონკურსში საპატიო ჯილდო მოიპოვა.
კონკურსი მიზნად ისახავდა ქალაქ პავიის პერიფერიაში, მდინარე ტიჩინოს ნაპირზე არსებული მე-20 საუკუნის მოდერნისტული, მიტოვებული შენობის რეგენერაციასა და საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას. სივრცით-გეგმარებითმა კვლევამ და ურბანული კონტექსტის ანალიზმა აჩვენა, რომ "იდროსკალოს" რეგენერაციასა და საზოგადოებრივ ცენტრად გარდაქმნას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ მდინარის სანაპიროზე, არამედ მიმდებარე ურბანულ ქსოვილზე და ქალაქისსოციო-კულტურულ ცხოვრებაზეც.
ინტეგრირებულმა მიდგომამ სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: კულტურული, ლანდშაფტური და საგანმანათლებლო, რაც "იდროსკალოს" არეალს შესაბამის სტრატეგიულ ობიექტებთან აკავშირებს. შედეგად კი, შემოთავაზებული მრავალფუნქციური პროექტები და პროგრამები დაეხმარება ადგილს გახდეს ინკლუზიური და სასურველი სხვადასხვა ღონისძიებებისა და თაობებისათვის.
1920-იან წლებში ჯუზეპე პაგანოს მიერ შექმნილი "Idroscalo" რაციონალური და მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ევროპულ ნიმუშად მიიჩნევა. არსებული შენობის არქიტექტურული და ისტორიულ-კულტურული მახასიათებლები, ავტორის თავდაპირველი ხედვის გათვალისწინებით, პროპორციებთან, სინათლესთან, მასალებთან და ხედებთან მიმართებით იყო განხილული. შეთავაზებული გადაწყვეტა და არქიტექტურული პროგრამების ერთობლიობა სამ ურბანულ მიმართულებას - კუთხის მოედანს, შენობის შიდა თეატრალურ სივრცესა და გარე ამფითეატრს ააქტიურებს. მდინარის სანაპიროდან სივრცული გრადაცია იწყება, რაც მრუდი Connector-ითაა გამხატვრულებული და შიდა და გარე სივრცეებს მეტ ფუნქციას ანიჭებს. გარდა ამისა, იგი ახალ დაკიდულ შიდა სტრუქტურას ქმნის, რაც კულმინაციას აღწევს ე.წ. Horizontal Tower-ის გარეთ გამავალი ხიდის ბოლოში, პავიის ურბანულ კიდეში.
საპროექტო წინადადება წარმოადგენს სივრცით-გეგმარებითი გადაწყვეტის ისეთ თანმიმდევრულობას, რაც ფუნქციის სიღრმისეული ანალიზითაა შექმნილი და განსხვავებული საჭიროებების მქონე მომხმარებლებსა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ფოკუსირდება. განახლებული ისტორიული შენობა პატივს მიაგებს წარსულს, ამავდროულად, ხაზს უსვამს უნიკალურ, თანამედროვე და ახალ მიდგომებს არქიტექტურაში.
არქიტექტურული მახასიათებლების გადაფასება, როგორც რეგენერაციის წყარო, მგრძნობიარე, მაგრამ გაბედული ნაბიჯებია არსებული ღირებულებების შესანარჩუნებლად.
საპროექტო ჯგუფის თქმით, კონკურსში მონაწილეობამ და ასეთ რთულ პროექტზე მუშაობამ არქიტექტორებს დიდი გამოცდილება შესძინა. საქართველოში მე-20 საუკუნის მოდერნისტული, მიტოვებული ძეგლების სიმრავლის გამო, ADDRESS-ისა და ALTERTOPOS-ის წარმომადგენლები საჭიროდ თვლიან, სამომავლოდ ამ პრობლემაზე ქართულ არქიტექტურულ და ურბანულ სექტორშიც გაკეთდეს აქცენტი.
საკონკურსო გუნდის წევრები:
ელენე მაჩაიძე
გუნდი: ADDRESS / ურბანისტი
გიორგი მაისურაძე
გუნდი: ADDRESS / არქიტექტორი
მარიამ შაიშმელაშვილი
გუნდი: ADDRESS / ურბანისტი
სალომე გუგუნავა
გუნდი: ALTERTOPOS / არქიტექტორი, ურბანისტ-დიზაინერი
ნოდარ კვანჭიანი
გუნდი: ALTERTOPOS / არქიტექტორი, ურბანისტ-დიზაინერი
ირინა მასხულია
გუნდი: ALTERTOPOS / არქიტექტორი
ირაკლი შუბაშიკელი
გუნდი: ALTERTOPOS / 3დ არტისტი
დორუთინა ზენდელი
ურბანისტი / მდგრადობის კონსულტანტი
აისელ კაპსიზი
ურბანისტი / ეკონომისტი
ფოტო: დავით ჭალიძე
დაწერე კომენტარი