Louis Vuitton-მა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერ ვირჯილ აბლოს უკანასკნელი კოლექცია წარადგინა. 

Louis Dreamhouse - ასე ჰქვია კოლექციას, რომელიც სიურრეალისტური შტრიხებით ბავშვობის ნოსტალგიებს განასახიერებს. სცენოგრაფიამ ერთი დღით დიზაინერის ბავშვობაში დაგვაბრუნა. ღია ცისფერი პეიზაჟის ფონზე სახლის, საძინებლის, კიბისა და გრძელი მაგიდის ნიმუშები ვიხილეთ. ჩვენებაზე ორკესტრიც რეპერ Tyler The Creator-ის მუსიკას უკრავდა. საარქივო ჩანაწერში დიზაინერი შოუს შემდეგნაირად აღწერს: "ფანტაზიის ნაპერწკალი, რომელიც მარადიულ ცეცხლად იქცევა".

 

 

ჩვენებაზე მოდელებმა კაშკაშა ფერის აბრეშუმისა და ხავერდის სამოსი წარმოადგინეს, ჯინსი და ყვავილებიანი პრინტები, ორიგინალური დიზაინის სპორტული ფეხსაცმელი და Louis Vuitton-ის კლასიკად ქცეული ჩანთები და ზურგჩანთები ერთმანეთს ენაცვლებოდა. აბლოს სიყვარული ხელოვნებისადმი გუსტავ კურბესა და ჯორჯო დე კირიკოს ნახატების პრინტებით და გობელენებით გაფორმებულ სამოსში აისახა. Ჩვენება თეთრი კოსტიუმითა და მაქმანის ფრთებით შემოსილმა “Louis Vuitton-ის ანგელოზმა” დახურა. 

Louis Dreamhouse - ვირჯილ აბლოს მოდის ინდუსტრიაში საინტერესო მოღვაწეობის კულმინაცია იყო. ვირჯილ აბლო დარჩა ადამიანად, რომელმაც მუსიკის, ხელოვნების, ქუჩის სტილისა და მაღალი მოდის შერწყმით თანამედროვე მოდაში ახალი ვიზუალური ენა დაამკვიდრა და ფანტაზიასა და რეალობას შორის მყიფე საზღვარი გაავლო. 

ფოტო: Vogue