მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ლიტერატურა არაერთი ადამიანის თავშესაფარი გამხდარა, რომლის საშუალებით ალტერნატიულ რეალობაში თუნდაც მცირე დროით გადანაცვლება ხშირად შთამბეჭდავ და დაუვიწყარ მოგონებებად ქცეულა. მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს, რომელსაც მსოფლიოში მრავალი ადამიანი გაუერთიანებია, თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა ახალი იდეით ეხმიანება და მკითხველებს “წიგნის კლუბში” ეპატიჟება.

მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. ამჯერად კი სივრცის ბიბლიოთეკა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველკვირეული შეხვედრების სერიას სთავაზობს, რომლის ფარგლებში მოწვეული ავტორები, მთარგმნელები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებს განიხილავენ. თითოეულ შეხვედრას სხვადასხვა კურატორი უხელმძღვანელებს, რომელიც წიგნს თავისი სურვილით შეარჩევს და ნაწარმოების საკვანძო მომენტებზე ხაზგასმით ბიბლიოთეკის სტუმრების საინტერესო ლიტერატურულ მოგზაურობას გაუძღვება.

თიბისი კონცეპტის სივრცე ყოველკვირეული შეხვედრების სერიას 15 დეკემბრიდან მასპინძლობს და ამ დროის განმავლობაში უკვე სამი საინტერესო შეხვედრა გამართა. “წიგნის კლუბის” პირველი ღონისძიების ფარგლებში მთარგმნელმა გურამ ღონღაძემ ჯონ ფაულზის წიგნი - “ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი” განიხილა, რომელიც ფსიქოლოგიური დრამის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს და თანამედროვე ლიტერატურის შედევრად ითვლება. შეხვედრის განმავლობაში მოწვეულმა მთარგმნელმა ისაუბრა იმაზე, არის თუ არა „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფემინისტური რომანი, როდის ხდება აუცილებელი რომანს ჰქონდეს ერთზე მეტი დასასრული, ამასთან ნაწარმოებზე დაყრდნობით შეეხო გენდერულ თეორიას, ფემინიზმსა და მეცნიერებისა და რელიგიის დისკურსს.

 

მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნაწარმოების შთამბეჭდავ ნაწილზე - “ჯოჯოხეთზე” გაამახვილა. ამასთან განიხილა ის, თუ რას გვასწავლის დანტეს ტექსტი დღეს.


მეორე ღონისძიების კურატორმა - პოეტმა და დრამატურგმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ სადისკუსიოდ თომას ბერნჰარდის წიგნი - “ტყის ჩეხა” აირჩია, რომლის მიხედვით ორ მთავარ კითხვას გასცა პასუხი - როდის იქცევა ხელოვნება ხელოვნებად და არის თუ არა ყველაფრისგან გაქცევა გამოსავალი? ამასთან შეეხო ისეთ აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ადამიანის მარტოსულობა, თანამედროვე საზოგადოებაში ხელოვნება, როგორც პოზა და ხელოვნება, როგორც ჭეშმარიტება, ასევე საზოგადოების სიყალბე და მისგან გამოწვეული თოროსეული განდგომილება.

 

თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკაში მომდევნო შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება, რომელსაც ფილოსოფოსი გიგა ზედანია გაუძღვება და ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებებს  - “მზაკვრობის მსოფლიო ისტორიას”, “ბროდის ანგარიშს” და “შვიდ საღამოს” განიხილავს. ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია - www.conceptevents.ge-ზე უნდა გაიაროთ და ასისტენტისაგან შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს დაელოდოთ.

 

 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ კლუბის რჩეული წიგნები თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ ან  ბიბლიოთეკაში არსებული პლანშეტებით ისარგებლონ. ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის სერვისით სარგებლობა ნებისმიერი პირისათვის 10 დღის ვადითაა შესაძლებელი.

 

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე