5 თებერვალს პარიზში, გალერეა Frank Elbaz-ში გაიმართება Rooms Studio-სა და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით The Wet Material. გამოფენის სათაური ქართველი მწერლის, მარიჯანის 1921 წლის ლექსს ეხმიანება, სათაურით - “ნედლი მასალა”, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: “მე, თვით განგებამ, ხელში მომცა მასალა სველი, ნედლი მასალა, სულ ახალი, ხელუხლებელი…”
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი Rooms Studio-ს ობიექტები და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ფოტონამუშევრები გალერეის ორ სივრცეში იქნება გადანაწილებული. როგორც გამოფენის პრესრელიზში ვკითხულობთ,სამი ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები ერთ ჰარმონიულ სივრცეს ქმნის. წარმოდგენილი ხელნაკეთი ობიექტები ასახავენ როგორც წარსულის კვალს, ასევე ახალ ხედვასა და მიმართულებას.
თბილისის ქუჩების ქაოსური ხასიათი თითოეული ნამუშევრის ფუნდამენტალური მოტივია. დამთვალიერებელი ექსპოზიციაზე ნახავს ორ ობიექტს, თბილისის ორი ადგილის სახელწოდებით - Silver Street Bench და Dry Bridge Day Bed. ეს ხელნაკეთი ობიექტები ალუმინის პანელებით არის მოპირკეთებული.
ასევე შეხვდებით ნამუშევარს, სათაურით I See You. ერთი შეხედვით სწორხაზოვანი ფორმის მაგიდის ზედაპირზე იკვეთება ორი კონუსური ფორმა. მათი სიმბოლური და ფუნქციური მნიშვნელობები უკავშირდება ბიზანტიურ ფრესკებსა და ქართულ ხატწერას. მაგიდა გამოირჩევა ხის ზედაპირის დამუშავების მეთოდით, რომელსაც პირველად Rooms Studio-ს Wild Minimalism-ის სერიაში ვხვდებით. გალერეის ერთ კუთხეში ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის წითელი ფოტოკოლაჟი - Hujar´s Hand on Motherhood იქნება ნაჩვენები. კოლაჟი iPhone-ის კამერით გადაღებულ ორ სურათს აერთიანებს და გამჭირვალე ფოტოგრაფიულ ქაღალდზე დაბეჭდილ ფენებადაა წარმოდგენილი, რომლის გოთიკური მანერა Rooms Studio-ს ნახევარმთვარის ფორმის მეტალის შავი ნამუშევრით - Sunday Bench-ითაა გამძაფრებული.
გამოფენაზე Rooms Studio-სა და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ერთობლივი შესაძლებლობები მათ საერთო ნამუშევარში - In the Ether-ში გამოვლინდება. ნამუშევარი აერთიანებს ალექსი-მესხიშვილის ფოტოებში ხშირად გამოყენებულ ვარდის მოტივს, ასევე Rooms Studio-სთვის ნაცნობ, ქანდაკებასთან მუშაობის პრაქტიკას. პრესრელიზის მიხედვით, In the Ether ხელოვანთა მეგობრობის სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც საბჭოთა ღია ბარათებთან დაკავშირებულ მათ საერთო მოგონებებს ააშკარავებს, სადაც რელიგიური სიმბოლოების სიმცირის გათვალისწინებით დღესასწაულების აღსანიშნავად ყვავილების გამოსახულებები გამოიყენებოდა.
ნამუშევრების დათვალიერებას Frank Elbaz-ის გალერეის სტუმრები 19 მარტამდე შეძლებენ.
დაწერე კომენტარი