70 წელზე მეტია უმსხვილესი სპორტული ბრენდი - Adidas-ი სპორტის მოყვარულებსა და პროფესიონალებში პოპულარობას არ კარგავს. ბრენდის ძირითადი ფასეულობები - ინოვაციურობა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და მდგრადი პოლიტიკა მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტსა თუ წარმოებულ პროდუქციაშია ასახული.
Adidas-ი ახალ ნაბიჯს დგამს მდგრად მომავალში. ბრენდმა გარემოსდაცვით ორგანიზაცია - Parley for the Oceans-სთან თანამშრომლობით, ჩოგბურთის მოედანი გადამუშავებული პლასტმასისგან შექმნა, რომელიც ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკში ცურავს.
პროექტი მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია ტურნირის პარალელურად განხორციელდა და ის Adidas-ის პლასტმასისგან შექმნილი საჩოგბურთო სამოსის უახლესი ხაზის პოპულარიზაციასა და მსოფლიოში ნარჩენების პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად.
"Adidas-ის საჩოგბურთო სამოსის ახალი კოლექცია, რომელსაც მოთამაშეები ავსტრალიის ღია პირველობის დროს ატარებენ, დიდი ბარიერული რიფის სილამაზითაა შთაგონებული და მდგრადობის ნოვატორთან - Parley Ocean Plastic-თან თანამშრომლობითაა შექმნილი. გადავწყვიტეთ, კოლექცია წარვადგინოთ კუინსლენდის დაცულ საზღვაო პარკში, რათა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ნარჩენების აღმოფხვრა/გადამუშავებას და დავიცვათ დიდი ბარიერული რიფი”, - ნათქვამია Adidas-ის წარმომადგენლის განცხადებაში.
ათი წლის წინ დაარსებული Parley გლობალური ქსელია, სადაც მოაზროვნეები და ლიდერები შემოქმედებითი ინდუსტრიებიდან, ბრენდებიდან და გარემოსდაცვითი ჯგუფებიდან ოკეანეების პრობლემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდებიან. Adidas-ი 2015 წლიდან თანამშრომლობს Parley-სთან გადამუშავებული პლასტმასის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაქმნელად, რათა შეამციროს ოკეანეში ნარჩენების რაოდენობა.
ფოტო: Dezeen
დაწერე კომენტარი