ამერიკელი ხელოვანი ჯენი ჰოლზერი, რომლის შემოქმედება საჯარო სივრცეებში განთავსებული, ხშირად პროვოკაციული ხასიათის ტექსტებით გამოირჩევა, ლუის ბურჟუას სოლო გამოფენის კურატორია. ფრანგი-ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრები, ალბათ,  განსაკუთრებით ობობას ფორმის მონუმენტური სკულპტურებითაა ცნობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბურჟუას შემოქმედება მხატვრობასა და ტექსტილზე მუშაობის ნიმუშებსაც მოიცავს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეც კი, როცა ბურჟუა 98 წლის იყო, შემოქმედებითად აქტიურ საქმიანობას მაინც ეწეოდა, რაც 2010 წელს, ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ, იტალიელი მწერლის, გერმანო სელანტის კურატორობით მოწყობილმა გამოფენამ - Louise Bourgeois: The Fabric Works-მაც გამოააშკარავა.

ლუის ბურჟუას ნამუშევრების გამოფენა Kunstmuseum Basel-ში მოეწყობა, რომელიც 19 თებერვალს გაიხსნება და 15 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენა სათაურით The Violence of Handwriting Across a Page დამთვალიერებლებს ბურჟუას სამყაროს ჰოზლერის თვალთახედვით წარუდგენს. “ერთი შეხედვით, მათი შემოქმედება შესაძლოა ერთმანეთის მსგავსი არ იყოს, თუმცა მაინც - ხელოვნების ამ ორ წამყვან ფიგურას მხოლოდ მათი ფემინისტური გამჭრიახობა კი არა, სურვილთან, ინტიმურობასთან, ძალაუფლებასთან, შურთან და უარყოფასთან დაკავშირებული მაქინაციების მიმართ გაჩენილი ინტერესიც აერთიანებთ. მაშინ, როცა ბურჟუას შემოქმედება ემოციური და ფსიქოლოგიური საზრისებითაა დატვირთული და ჰოლზერის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ცალსახად პოლიტიკური შინაარსისაა, მათი შემოქმედება სწორედ იმ მომენტში კვეთს ერთმანეთს, როცა პირადი პოლიტიკური ხდება, პოლიტიკური კი - პირადი”, - ვკითხულობთ dazeddigital-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

ჰოლზერი ბურჟუას შემოქმედებას გამოფენის სტუმრებს მეტწილად მის ტექსტებზე დაყრდნობით გააცნობს. ხელოვანის არქივი დღიურებთან და წერილებთან ერთად რამდენიმე ასეულ ფსიქოანალიტიკურ ტექსტსაც აერთიანებს, ამასთან ხშირია შემთხვევა, როცა ბურჟუას ნამუშევრებში ინტეგრირებულ სიტყვებს ვაწყდებით. ამიტომაც ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სკულპტურებთან და ინსტალაციებთან ერთად ბურჟუას მიერ ნამუშევრებში კომბინირებულ შემდეგი შინაარსის ტექსტებსაც შეხვდებით: I Have been to Hell and Back, and Let Me Tell You, It Was Wonderful. Extreme tension. Hole of Anxiety. I Pick on Everyone Dead or Alive და სხვ.

 

ფოტო : Dazeddigital