დღეს, როცა პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა, დასვენებამ და საკუთარ თავზე ზრუნვამ, ისე როგორც არასდროს, საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა. დამღლელ და სტრესულ პერიოდში სპა პროცედურები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თბილისის სპა და Wellness ცენტრები გვაძლევს საშუალებას, სხეულის გაჯანსაღების პარალელურად მაქსიმალურად განვიტვირთოთ და დავისვენოთ. Hammock Magazine თბილისის იმ სპა და Wellness ცენტრების სიას წარმოგიდგენთ, სადაც შეძლებთ ცოტა ხნით მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას და ახალი ენერგიითა და სასიამოვნო ემოციით აივსოთ. 

 

P'auza

 

 

სპა ცენტრი P'auza სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" მდებარეობს. კომფორტულ გარემოში რელაქსაციისა და დასვენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. გამაჯანსაღებელ ცენტრში საცურაო აუზის გარდა თქვენს ყურადღებას მიიქცევს მასაჟის პროცედურებისა და აბანოს რიტუალების მრავალფეროვნება. სურვილისამებრ, თერაპევტთან ვიზიტიც შეგიძლიათ დაგეგმოთ და თქვენზე მორგებული პროცედურების პაკეტი შეადგინოთ.  დაძაბულობისა და სტრესის მოსახსნელად პროფესიონალი სპეციალისტები კლასიკურ მასაჟს შემოგთავაზებენ, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ფიზიკური გაჯანსაღებისთვის კი ღრმაწერტილოვანი მასაჟია იდეალური. ცხელი ქვების მასაჟი დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ჰარმონიული განმუხტვის საშუალებას მოგცემთ. სხეულის გაჯანსაღებასთან ერთად, სახის კანზე ზრუნვაც უმნიშვნელოვანესია, რაზეც P'auza-მ იზრუნა და თავის მოვლის წამყვანი ბრენდების გამოყენებით კოსმეტიკური პროცედურების მრავალფეროვანი პროგრამაც შეადგინა. აქვეა აბანოც, სადაც სურნელოვანი ეთერზეთებითა თუ ატლასის მთებში მოპოვებული თიხით სხვადასხვა ტიპის ჰამამის რიტუალს ჩაიტარებთ. ამ ყველაფრის შემდეგ ცენტრის სარელაქსაციო ზონებსაც თუ ესტუმრებით, სასიამოვნო სურნელებისა და მუსიკის ფონზე მაქსიმალურად განიტვირთებით. 

 

Sam Raan Spa & Wellness Center

არომათერაპიისა და მასაჟის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე იწყება. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჩინეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეში ამ პროცედურებს სამედიცინო და რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. დროთა განმავლობაში ეს რიტუალები აღმოსავლური სამყაროს სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და გამაჯანსაღებელი მნიშვნელობაც შეიძინა. სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი Sam Raan თბილისში სწორედ ის ადგილია, სადაც ერთი დღით აღმოსავლურ გარემოში აღმოჩნდებით. ცენტრში შეგიძლიათ განსაკუთრებული რიტუალებითა და პროცედურებით დატკბეთ. აბანო, ჰიმალაური მარილის ოთახი, ტაილანდური მასაჟი, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ და არომათერაპიული მასაჟის სახეობა, რომლის დროსაც გამოყენებული ეთერზეთები დამამშვიდებელ თვისებებს ავლენს და სხეულისა და გონების დასვენებაში გეხმარებათ. კეთილმოწყობილ სპორტულ დარბაზში ინსტრუქტორები თქვენი ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას შეეცდებიან. ცენტრი ასევე გთავაზობთ თქვენს გემოვნებაზე მორგებულ განსაკუთრებულ პაკეტებს, რაც არომათერაპიის, აბაზანებისა და მასაჟის სხვადასხვა სახეობებს აერთიანებს. Sam Raan Spa-ში იდეალური დასვენება გელოდებათ.

 

Tbilisi Balneological Resort

 

 

განტვირთვისათვის განკუთვნილ პროცედურებს განსაკუთრებულ გარემოში სულ სხვა ხიბლი აქვს, მით უმეტეს, თუ იგი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. გოგირდის წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით აღჭურვილი თანამედროვე სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი - თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს მრავალფეროვან გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს - ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, აქ ფიზიოთერაპია და სამკურნალო მასაჟიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ. ცენტრი სამედიცინო მიმართულებითაც ფუნქციონირებს და აქ მომსახურებას გამოცდილი სამედიცინო პერსონალი გაგიწევთ. თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ღვინის სპა, რაც საფერავის აბაზანას, სხეულისა და თავის მასაჟს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტი 1938 წლიდან ფუნქციონირებს და დღეს სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. 

 

Anne Semonin Spa

 

 

Anne Semonin სპაში, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში მდებარეობს, ქალაქის პანორამული ხედების ფონზე მშვიდ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ. ფრანგული ბრენდი - Anne Semonin  უნიკალური სპა-პროცედურებითა და  ინდივიდუალური მიდგომის წყალობით თავის მოვლის მოყვარულებში 30 წელია პოპულარობას არ კარგავს. Anne Semonin-ის სხვადასხვაგვარი პროცედურები სურნელოვანი ეთერზეთების, ზღვის ინგრედიენტებისა და კლასიკური ფრანგული მეთოდების იდეალურ ნაზავს წარმოადგენს. ექსკლუზიურად Anne Semonin-ში თერმული ქვებისა და ოკეანის მასაჟის რიტუალით ისიამოვნებთ. Სახის კანის ზრუნვისთვის კი აქ ყველა საჭირო პროცედურა დაგხვდებათ - სახის კანის ღრმა და ზედაპირული წმენდა, მარგალიტის პროცედურა, რომელსაც ასაკის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და ხელს უწყობს სახის კანის გამკვრივებასა და დატენიანებას, ყინულოვანი თერაპია კი დაეხმარება თქვენს კანს ბარიერული ფუნქციის აღდგენასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში. გარდა ამ საჭირო პროცედურებისა, სპა ცენტრში როგორც სახის, ასევე ტანის მოვლისთვის მრავალფეროვანი მომსახურება დაგხვდებათ. თუ მაქსიმალურ კომფორტს ეძებთ,  Anne Semonin სპა-ში სტუმრობა არ უნდა გადადოთ. 

 

BIOLI Wellness Resort

თბილისიდან 20 კილომეტრში, კოჯრის ულამაზეს ბუნებაში სამედიცინო გამაჯანსაღებელი კურორტი BIOLI მდებარეობს. აქ მოხვედრისას პირველი,  რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს, ბუნებრივი გარემოსა და  მინიმალისტური ეკო-დიზაინის ხის კოტეჯების  ორგანული სინთეზია. პირველი წარუშლელი შთაბეჭდილების შემდეგ, BIOLI-ი დამსვენებელზე მორგებული უნიკალური შეთავაზებებით უფრო მოგხიბლავთ. კურორტის იდეოლოგია დაავადებებისა და ორგანიზმზე გარემო თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული ზიანის პრევენციას გულისხმობს. პირველი ეტაპი დიაგნოსტიკაა, რა დროსაც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უჯრედულ დონეზე იღებთ. ამის შემდეგ ველნეს სპეციალისტები  დეტალურ რეკომენდაციებს მოგცემენ და საჭირო პროგრამასაც შემოგთავაზებენ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ პროგრამაში ენდემური ფიტორესურსებით გამდიდრებული კვების მენიუც შედის. თუ თქვენი კურორტზე სტუმრობის მიზანი ფიზიკური და მენტალური განტვირთვაა, გირჩევთ ერთდღიანი ველნეს-პაკეტი - "ველნეს დღე" შეიძინოთ, რომელიც სხვადასხვა სახის ველნეს-აქტივობებს აერთიანებს და განწყობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. ამასთან, მრავალფეროვანი პროცედურები - ფიტოაბაზანები, სხვადასხვა ტიპის მასაჟი, არომათერაპია თუ მარილის ოთახის თერაპია დასვენების საუკეთესო გზაა. 

 

The Biltmore Hotel Spa

 

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე The Biltmore Hotel ორიგინალური არქიტექტურის წყალობით ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას იქცევს. ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ კომპლექსის ინტერიერში, რომლის ნაწილიც  ამრეკლავი შუშის მინიმალისტური შენობაცაა, მარმარილოს იატაკი და ბროლის ჭაღები გვხვდება. ასეთივე მდიდრული გარემო სასტუმროს გამაჯანსაღებელ ცენტრშიცაა შენარჩუნებული. ოქროსფერი და ლურჯი მოზაიკით შესრულებულ ინტერიერში ცხელი ჯაკუზი დაგხვდებათ და აქ გატარებული დრო დამღლელ რუტინას აუცილებლად დაგავიწყებთ. მასაჟი და მრავალფეროვანი კოსმეტოლოგიური პროცედურები  მაქსიმალური რელაქსაციას საშუალებას მოგცემთ. აქვეა საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი მათთვის, ვინც განტვირთვას უფრო აქტიური ვარჯიშებით ახერხებს. The Biltmore Hotel-ის სპაში განცდილი ემოციები კიდევ დიდხანს გაგყვებათ.

 

Hotel Ambassadori Spa

 

 

სასტუმრო Ambassadori-ის ბოლო სართულის 300 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სპა-სივრცე ქალაქს გადაჰყურებს და მშვიდი დასვენების პარალელურად სასიამოვნო გარემოთი ტკბობის საშუალებას გვაძლევს. ველნეს-ცენტრში იტალიური მოზაიკის დიზაინის წყალობით განტვირთვისთვის იდეალური გარემო იქმნება. სასტუმროს ტერასიდან დახურული ტიპის საცურაო აუზთან აღმოჩნდებით. ცურვის შემდეგ საუნასაც შეგიძლიათ ესტუმროთ და ცხელი ჰაერის აბაზანებით დატკბეთ. მასაჟის პროცედურები კი სტრესის გაქრობაში დაგეხმარებათ.