ჰოლანდიელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალებით მოცული ხელოვანი - გამორჩეულია ლანდშაფტებისა და პორტრეტების განსაკუთრებული ხატვის სტილით, რომელთა გაყიდვასაც თავის ხანმოკლე, რთული ცხოვრების პერიოდში ძალიან იშვიათად ახერხებდა. თუმცა დღეს ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვან გოგის შესახებ არ სმენია. მისი ნამუშევრები მილიონებადაა შეფასებული.
მხატვრის ცხოვრება და უცნაური გარდაცვალება (როგორც ამბობენ, სუიციდი) არაერთხელ ქცეულა რეჟისორების შთაგონების წყაროდ.
Hammock წარმოგიდგენთ ლეგენდარული მხატვრის ცხოვრების 10 საუკეთესო კინოეკრანიზაციას.
სიცოცხლის ვნება (Lust For Life)
Kirk Douglas
ვან გოგის ცხოვრების ერთ-ერთი პირველი კინოეკრანიზაციაა. “სიცოცხლის ვნება” ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა გადაღებული. კირკ დუგლასმა ვან გოგის როლის შესრულებისთვის ოსკარის მესამედ მოიპოვა.
დუგლასმა თავისი არტისტიზმით შეძლო მაყურებლისთვის ეჩვენებინა ის ტკივილი და შინაგანი ბრძოლა, რაც, სავარაუდოდ, ვან გოგის რეალური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ამასთანავე, მისი აქცენტი და ხასიათი სრულიად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ვან გოგისაგან.
ვინსენტი და თეო (Vincent and Theo)
Tim Roth
რობერტ ოლტმენის რეჟისორობით გადაღებული ფილმის შთაგონება ვან გოგის მიერ მისი ძმისთვის მიწერილი წერილები იყო. დასაწყისში ტიმ როთი მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით გამოირჩევა, თუმცა ფილმის მსვლელობისას ის უფრო და უფრო იკეტება საკუთარ თავში.
ფილმს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, თუმცა საბოლოო ჯამში, როთის შესრულება დადებითად შეაფასეს, ხოლო ოლტმენის, როგორც რეჟისორის რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზარდა.
ვან გოგი: მეტყველი მხატვრობა (Painted With Words)
Benedict Cumberbatch-ს არაერთი ცნობილი ადამიანის როლი უთამაშია, მათ შორის: შერლოკი, ალან ტურინგი, ნიკოლა ტესლა და სხვა… დოკუმენტური დრამა “მეტყველი მხატვრობა” 2010 წელს გამოჩნდა კინოეკრანებზე და სწორედ მაშინ დაიწყო მსახიობის პოპულარობის ერაც. ისევე, როგორც წინა ფილმის, “მეტყველი მხატვრობის” შთაგონებისს წყაროც ვინსენტის მიერ ძმისთვის მიწერილი წერილები გახდა.
დოქტორი ვინ (Doctor Who)
Tony Curran
ერთ-ერთ სერიაში, სახელწოდებით “ვინსენტი და დოქტორი”, დოქტორი დროში მოგზაურობს იმის გასარკვევად, თუ რა არის ის უხილავი არსება, რომლის დანახვაც მხოლოდ ვან გოგს შეუძლია. ბოლო სცენაში კი დოქტორი თავად ამოგზაურებს ვან გოგს 2010 წელში. მას მხატვარი პარიზის გალერეაში მიჰყავს - იქ, სადაც ხალხი ვან გოგის ნამუშევრებს აღტაცებული ათვალიერებს. მუზეუმის კურატორი ვან გოგს ერთ-ერთ საუკეთესო ადამიანად მოიხსენიებს, მათ შორის, ვისაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. ამ ემოციებისგან დატვირთულ ვან გოგს, თვალები ცრემლებით ევსება.
მართალია, კურანი ბევრს არ საუბრობს, თუმცა მისი თვალები ყველაფერზე მეტყველებს. ამ საოცარი შესრულებით, ტომ კურანმა ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.
სიზმრები (Dreams)
Martin Scorcese
ცნობილმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ამჯერად აკირა კუროსავას ფილმში ვან გოგის როლის შესრულება სცადა. სკორსეზე წითურ წვერს და ჩალის ქუდს ატარებს. მასაც, ვან გოგის მსგავსად, ერთი ყური აქვს. სტუდენტი ვან გოგის ერთ-ერთ ნახატში იკარგება, ბოლო სცენაში კი თავად მხატვარს ხვდება.
პერსონაჟი საუკეთესოდ ასახავს ბუნების ვანგოგისეულ ხედვას და გვიჩვენებს, თუ რამდენად რთული ხდება ავტოპორტრეტების ხატვა მას შემდეგ, რაც მხატვარი ყურს კარგავს.
ვან გოგი (Van Gogh)
Jacques Dutronc
1991 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი ანტიმელოდრამაა, რომელიც აშკარა კონტრასტს ქმნის ვან გოგის ცხოვრების შესახებ მანამდე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებთან შედარებით. ფილმში მთავარი პერსონაჟის მოქმედება ემოციურია, თუმცა მაინც ვერ ასახავს მხატვარს ისე, როგორც საჭიროა. მაშინ როცა მხატვრების შესახებ გადაღებულ სხვა ბიოგრაფიულ ფილმებში ნაჩვენებია, თუ როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი მხატვრად, აღნიშნული ფილმი აშკარად წარმოგვიდგენს მხატვარს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.
ხელოვნების ძალა (Power of Art)
Andy Serkis
ამ პორტრეტს უამრავი მსგავსება აქვს ბენედიქტ კამბერბეჩის ვან გოგთან. ფილმში მთავარი პერსონაჟი, გრიმის მოყვითალო ტონების წყალობით, ასახიერებს ფერმკრთალ და უსიცოცხლო ვან გოგს. ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სერკისის საბოლოო მონოლოგი, რომლის დროსაც იგი კამერაში იყურება და თავისივე კითხვაზე - „ვინ ვარ მე?“ დეპრესიულად პასუხობს, რომ ის ექსცენტრიკული, უსიცოცხლო არავინაა. ეს ყოველივე რადიკალურად ეწინააღმდეგება დღესდღეობით არსებულ აზრს ვან გოგის შესახებ, რომ ის არა მარტო მხატვარი, არამედ ლეგენდაცაა.
ვან გოგის თვალები (The eyes of Van Gogh)
Alexander Barnett
ალექსანდრ ბარნეტი ერთდროულად ამ ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელია. სცენარი აგებულია მხატვრის ცხოვრების იმ პერიოდზე, როცა მას ჰალუცინაციები და პანიკური შეტევები აწუხებს. ვან გოგი თავად საუბრობს თავისი მენტალური მდგომარეობის შესახებ და ფსიქიატრიულ თავშესაფარში მიდის. ფილმი სწორედ იქ გატარებულ დღეებს ასახავს.
სიყვარულით ვინსენტი (Loving Vincent)
Jochum Ten Haaf
მთავარი პერსონაჟის ამაღელვებელი ხმა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ვიზუალურად განსაცვიფრებელ ანიმაციურ ფილმს. აღსანიშნავია, რომ ფილმი ნაკლებად ასახავს ვან გოგის ცხოვრებასა და შემოქმედებას და ძირითადად, იგი გვიამბობს მხატვრის უკანასკნელი დღეებისა და სიკვდილის შესახებ, იმ ადამიანთა გადმოსახედიდან, ვინც მხატვრის გვერდით იყო მის ბოლო ამოსუნთქვამდე.
უკვდავების კარიბჭესთან (At Eternity’s Gate)
Willem Dafoe
ეს ფილმი ჯერჯერობით ვან გოგის ცხოვრების ბოლო კინოეკრანიზაციაა, რომელიც მხატვრის ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ მოგვითხრობს და წინა პლანზე წამოსწევს მხატვრის გარდაცვალების ალტერნატიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ვან გოგი არა სუიციდის, არამედ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა (არსებობს აზრი, რომ მას მეზობელმა ბიჭებმა შემთხვევით ესროლეს).
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი სცენაა, როდესაც მხატვარი გაიგებს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი პოლ გოგენი ქალაქს ტოვებს, რაც იმდენად რთული გადასატანი აღმოჩნდება ვან გოგისთვის, რომ ის ყურის მოჭრას გადაწყვეტს. შემდეგ პატარა ბავშვივით გარბის ტყეში და ტირის...
ვან გოგის როლის შესრულებისთვის დეფომ მეოთხე ოსკარი მიიღო. თუ მის ამ შესრულებას კირკ დუგლასისას შევადარებთ, მივხვდებით, თუ რამხელა ტრანსფორმაცია განიცადა ვან გოგის გმირმა რეალობისკენ.
დაწერე კომენტარი